ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2017 15:34
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017
N576-10
31.08.17
ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 97,3 მჰც.
კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 24 ივლისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 27 ივლისი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 24 აგვისტო 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 31 აგვისტო 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5469-17, 24.07.2017წ) და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5471-17, 24.07.2017წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორი ინგა დადიანი, იურისტი ანა სამსონია და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე, ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ:
ა) შპს„რადიოცენტრი პლუსის“ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში (ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ) მითითებული მონაცემები არ იძლეოდა საშუალებას დადგენილიყო კომპანიის აქტივების, პასივების და საწესდებო კაპიტალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია;
ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ხოლო ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია სრულყოფილად არ იყო შევსებული.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კონცეფციების ურთიერთშედარებისა და შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფცია არის კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისთვის ერთ-ერთი ძირითადი, არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც ორივე კომპანიას აქვს წარმოდგენილი. ორივე კომპანიის სამაუწყებლო კონცეფციაში არის მითითებული პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობა. ასევე ორივე კომპანიის მიერ არის წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს ”რადიოცენტრი პლუსის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საშუალებას იძლევა კომისიის მიერ შეფასდეს პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაცულობა. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ასევე ცნობა საწესდებო კაპიტალის განცხადებული და განაღდებული ნაწილის შესახებ არ წარმოადგენს არც კომპანიის სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტს, არც მარკეტინგულ გეგმას. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების 5 დღის შემდეგ წარმოდგენა ვერ შეცვლის მასში ასახულ მონაცემებს და ეს დოკუმენტები ვერ ჩააყენებს კონკურსანტს კონკურენტულად უპირატეს მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №498/10 გადაწყვეტილებით შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთსს“ დოკუმენტაციის (ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია) წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2017 წლის 3 აგვისტოს 19:00 საათამდე, ხოლო შპს „რადიოცენტრი პლუსს“ დანართამავე ვადაში უნდა წარმოედგინა განმარტება დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ან წარმოედგინა დოკუმენტაციის (ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ) დაკორექტირებული ვარიანტი.
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ 2017 წლის 28 ივლისს (წერილი №6/5615-17) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო 2017 წლის 2 აგვისტოს (წერილი №6/5740-17) შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მიერ წარმოდგენილ იქნა განმარტება დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ზეპირი მოსმენა ქ. ბათუმში (სიხშირეზე 97,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორი ინგა დადიანი, იურისტი ანა სამსონია და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/6346-17, 24.08.2017) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლების შპს „რადიოცენტრი პლუსის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერთის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების შეფასების თაობაზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მაძიებელი ლიცენზიის სახეობა საერთო რადიომაუწყებლობაა, თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებული არ იქნება ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია (შპს „რადიოცენტრი პლუსის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციები იხილეთ დანართის სახით).
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კონცეფციის შეფასება განხორციელდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და „საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილების საფუძველზე. საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპოდენტების პრეფერენციები რადიო გადაცემების თემატიკასთან დაკავშირებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებულია. სხვა თემატიკებთან შედარებით, რესპოდენტები ყველაზე მეტად უპირატესობას ანიჭებენ მედიცინასა და სოციალურ პრობლემების ამსახველ თემებს. ორივე კონკურსანტის სამაუწყებლო ბადეში გათვალისწინებულია აღნიშნული თემატიკები.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპოდენტთა პრეფერენციები არაერთგვაროვანია რადიო გადაცემების ფორმატთან მიმართებაშიც. გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი უპირატესობას ანიჭებს ისეთ გადაცემებს, სადაც წამყვანის გარდა მონაწილეობს მსმენელი ან სტუმარი. შედარებით ნაკლებად მიმზიდველია რესპოდენტთათვის გადაცემები სტუმრის ან მსმენელის მონაწილეობის გარეშე. კომპანიების მიერ წარმოდგენილი კონცეფციების შესწავლის საფუძველზე იკვეთება, რომ სტუმრისა და მსმენელის მონაწილეობით პროგრამები უზრუნველყოფილია ორივე რადიოს შემთხვევაში.
კომპანიების მიერ წარმოდგენილ კონცეფციებს შორის ძირითადი განმასხვავებელი არის ის, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ აპირებს ქ. ბათუმში იმაუწყებლოს ცალკე, სპეციალურად ბათუმისთვის შექმნილი კონცეფციით, ხოლო შპს „რადიოცენტრი პლუსი“ იმაუწყებლებს იგივე კონცეფციით, რაც აქვს თბილისისა და სხვა რეგიონებისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსი“ გეგმავს „ბლიც-ნიუსის“ მომზადებას, აჭარის რეგიონის - ბათუმისა და სხვა საკურორტო ქალაქების შესახებ, რათა მსმენელმა, ახალ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ამბებთან ერთად მიიღოს სრული ინფორმაცია იქ არსებულ ვითარებაზე. ამასთან, ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, გადაცემაში „შუადღის სტუდია“ დრო დაეთმობა ქ. ბათუმისა და აჭარის რეგიონის საკითხებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა მესამედი უპირატესობას ანიჭებს მედიცინასთან დაკავშირებულ (35.1%) და სოციალური პრობლემების ამსახველ (32.6%) თემებს. შედარებით მცირე და თითქმის თანაბარია იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ/მიანიჭებდნენ თემებს ხელოვნების (23.5%), საყოფაცხოვრებო პრობლემების (23.3%), პოლიტიკის (23.1%) და სპორტის (22.6%) შესახებ. რესპონდენტთა შედარებით მცირე ნაწილი უპირატესობას ანიჭებს განათლებასთან (16.8%), რელიგიასთან (14%) და ბიზნესთან/ეკონომიკასთან (10.7%) დაკავშირებულ საკითხებს. რესპონდენტთა თითქმის მეათედს (9.2%) უჭირს თვალსაზრისის დაფიქსირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
N252 ზონაში თემატიკათა ჩაშლა უპირატესობის მინიჭების კუთხით შემდეგნაირია: – სპორტი, ხელოვნება, სოციალური პრობლემები, მედიცინა, პოლიტიკა, საყოფაცხოვრებო პრობლემები, განათლება, ბიზნესი/ ეკონომიკა, რელიგია.
|
თემატიკა ზონა N252 |
% |
|
სპორტი |
29 |
|
ხელოვნება |
28.2 |
|
სოციალური პრობლემები |
26.9 |
|
მედიცინა |
23.4 |
|
პოლიტიკა |
23.2 |
|
საყოფაცხოვრებო პრობლემები |
15.1 |
|
განათლება |
13.7 |
|
ბიზნესი/ეკონომიკა |
8.9 |
|
რელიგია |
5.4 |
|
მიჭირს პასუხის გაცემა |
9.3 |
თემატიკათა უპირატესობის ჭრილში
|
თემატიკა |
შპს „რადიოცენტრი პლუს“ |
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ |
|
სპორტი |
ü |
ü |
|
ხელოვნება |
ü |
ü |
|
სოც. პრობლემები |
ü |
ü |
|
მედიცინა |
ü |
ü |
|
პოლიტიკა |
ü |
ü |
|
საყოფაცხოვრებო პრობლემები |
ü |
ü |
|
განათლება |
ü |
ü |
|
ბიზნესი/ეკონომიკა |
ü |
ü |
|
რელიგია |
ü |
ü |
რესპონდენტთა თითქმის ნახევარს (49.4%) გაუჭირდა საკუთარი თვალსაზრისის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა თემატიკის გადაცემების ნაკლებობაა საქართველოში არსებულ რადიო არხებზე. სხვა შემთხვევებში, რესპოდენტების პასუხები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ყველაზე ხშირად დასახელდა სოციალური პრობლემების ამსახველი თემატიკა (15.9%) და მედიცინასთან დაკავშირებული თემები (13.6%), რასაც შემდეგ მოსდევს რელიგიასთან (9.5%), განათლებასთან (8.6%), ხელოვნებასთან (8.0%), ბიზნესთან (5.9%) და სპორტთან (5.9%) დაკავშირებული თემები.
|
თემატიკა |
შპს „რადიოცენტრი პლუს“ |
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ |
|
სოც. პრობლემები |
ü |
ü |
|
მედიცინა |
ü |
ü |
|
რელიგია |
ü |
ü |
|
განათლება |
ü |
ü |
|
ხელოვნება |
ü |
ü |
|
ბიზნესი |
ü |
ü |
|
სპორტი |
ü |
ü |
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ორივე ლიცენზიის მაძიებელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ქართულ რადიო ბაზარზე. ასევე, ორივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია გამოირჩევა თემატიკათა მრავალფეროვნებით.
რელიგიისა და განათლების თემატიკა ორივე კონკურსანტის მიერ არის შეთავაზებული, თუმცა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ აღნიშნული თემატიკებისთვის ცალკე გადაცემებია დათმობილი, ხოლო შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მიერ აღნიშნული თემატიკები შემოთავაზებულია პროგრამაში „შუადღის სტუდია“.
მედიასაშუალებების მიერ მათი დასახლების გარშემო არსებული საკითხების გაშუქების შესაფასებლად რესპოდენტებს დამატებით დაესვათ კითხვა. უდიდესმა ნაწილმა (74.5%) აღნიშნა, რომ მათი რაიონის/სოფლის/უბნის საკითხები მედიასაშუალებებში ან იშვიათად, ან საერთოდ არ შუქდება. მხოლოდ 2.6%-ზე შეიძლება ითქვას, რომ მედიის მიერ გაშუქების სიხშირით სრულებით კმაყოფილები არიან. რაც შეეხება მონაცემებს ზონების მიხედვით, კვლევაში ჩართული 9 ზონიდან 4-ში (252, 256, 257, 261) გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ მათი დასახლების გარშემო არსებულ საკითხებს მედიასაშუალება საერთოდ არ აშუქებს. საერთო ჯამში უკმაყოფილების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მოულოდნელი არაა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით (71.2%), იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, საჭიროა დაიწყოს მაუწყებლობა ადგილობრივმა რადიომ, რომელიც თავისი ეთერის ძირითად ნაწილს იმ პრობლემებს და მოვლენებს დაუთმობდა, რაც მათ დასახლებას ეხება.

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად საზოგადოებრივი კვლევის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა იზიარებს დებულებას, რომ თუ მათ მუნიციპალიტეტში/რაიონში იქნებოდა რადიო, რომელიც ვრცლად გააშუქებდა ადგილობრივ საკითხებს, ისინი მას რეგულარულად მოუსმენდნენ. 252-ე ზონაში გამოკითხული მოსახლეობა ამ დებულებას ძირითადად ეთანხმება. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ შემოთავაზებული კონცეფციით „რადიო ბათუმი“ იქნება პირველი კერძო ადგილობრივი რადიო, რომელიც სპეციალურად ბათუმისთვის შემუშავებული კონცეფციით იმაუწყებლებს. რაც შეეხება შპს „რადიოცენტრი პლუსს“, კომპანიის კონცეფცია წლებია მოქმედებს სხვადასხვა რეგიონში და ერთ-ერთ წარმატებულ რადიოსადგურად ითვლება. შპს „რადიოცენტრი პლუსის“ შემთხვევაში განხორციელდება სამაუწყებლო არეალის გაფართოება და შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალ სარეკლამო ბაზარზე შესვლა და შესაბამისი თანხმების მოზიდვა მოხდება სამაუწყებლო ბადეში განსათავსებელ კონტენტზე დამატებითი ინვესტიციების გაწევის გარეშე, რაც მინიმალური დანახარჯებით დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მოტანას გულისხმობს.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ სასურველია ლიცენზიის მაძიებლებმა დააზუსტონ, სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების ამსახევლი თემატიკების განთავსება და მაუწყებლობა.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორმა, ინგა დადიანმა აღნიშნა, რომ დღეს მოქმედ რადიოში არსებულ გადაცემებში სოციალური თემატიკა აქტიურად შუქდება. გადაცემა „მთავარი რეგიონებიდან“ სამაუწყებლო ბადეს დაემატა დაბა გუდაურში და ქ. ბორჯომში ლიცენზიის აღების შემდგომ, ვინაიდან რეგიონული თემატიკა მათთვის აქტუალურია. გადაცემა ყოველდღიურად, საღამოს ეთერით გადაიცემა. მასში მოწვეულია სტუმარი და არის ინტერაქტიული. აღნიშნულ გადაცემაში ბათუმში მიმდინარე მოვლენებიც აქტიურად გაშუქდება. სამაუწყებლო კონცეფციაში არის შუადღის ეთერი, რომელიც ზოგადად სოციალურ თემებზეა აწყობილი, აღნიშნულ გადაცემაშიც მოსახლეობა სვამს კითხვებს, რომლებსაც პასუხობენ კომპეტენტური პირები. ასევე, აღსანიშნავია გადაცემა „მოკლე ჩართვა“, რომელიც ზოგადად, ფორმატით არის ხალხის აზრზე დაფუძნებული. გადაცემაში დაისმის დღის აქტუალური თემა, რომლის გარშემო სატელეფონო ზარებით მოსახლეობა თავის აზრს აფიქსირებს. გადაცემის სტუმარი არის მოსახლეობა. აღნიშნული გადაცემაც, ძირითადად, სოციალურ თემატიკაზეა დაფუძნებული, შესაბამისად, ბათუმის თემატიკა აქაც აქტუალურად იქნება წამოწეული.
შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიას სხვადასხვა რეგიონში 14 კორესპონდენტი ჰყავს, მათ შორისაა ბათუმის ბიურო, რომლის გაძლიერებას გეგმავენ. კონკურსში გამარჯვების და ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ბათუმის თემატიკა ცალკე შეიტანება მათ ეთერში კვირაში ერთ დღედ. მან დასძინა, რომ ეთერით საათში ერთხელ გადის საინფორმაციო გამოშვებები და ბიზნეს ნიუსები. ეთერში ინტერაქტიულობა მაღალი ხარისხითაა წარმოდგენილი ისეთ გადაცემებში, როგორიცაა: „კავკასიური პალიტრა“, „მკურნალი“, „დილის გადაცემა“, „რეზიუმე“, „მოკლე ჩართვა“, „მწვანე ზონა“, „მთავარი რეგიონებიდან“. შპს „რადიოცენტრი პლუსი“ თვლის, რომ გამოირჩევა მოსახლეობის ინტერაქტიულობით და ეთერში მაღალი აქტივობით. რადიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მოსახლეობას საშუალება მიეცეს დააფიქსიროს თავისი აზრი, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები. კომპანია ასევე გამოირჩევა პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა თემატიკის თოქ-შოუს ტიპის გადაცემების რაოდენობით, სადაც სტუდიაში წამყვანთან ერთად არის სტუმარიც, რომელიც მოსახლეობას პასუხობს კითხვებზე. სამაუწყებლო კონცეფციაში არის აღწერილი კონკრეტული გადაცემების ფორმატები და არის მათი მრავალფეროვნება. უკვე არსებული რადიო მათ საშუალებას აძლევს მარტივად შევიდნენ ახალ რეგიონში. შპს „რადიოცენტრი პლუსი“ მზადაა ერთ თვეში დაიწყოს მაუწყებლობა.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორმა რამაზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ კომპანია მსმენელს სთავაზობს თვისობრივად ახალ რადიოსადგურს, რომელიც აბსოლუტურად მოერგება ადგილობრივების ინტერესებს. მათ კონცეფციაში სოციალური თემატიკა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები მრავლადაა წარმოდგენილი, მათ შორისაა გადაცემები: „ბათუმი დღეს“, „ვუსმენთ ბათუმს“, „ხიდი“, „პრესრევიუ“, „ბიზნეს ბათუმი“ და ა.შ. ანუ უამრავი პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს მოსახლეობის ინტერესებს. ბადეში იქნება ცოცხალი ეთერი, „feedback” როგორც სატელეფონო, ისე სოციალური მედიით. შესაბამისად, თვლის, რომ კომერციულად „რადიო ბათუმი“ იქნება მომგებიანი. კონკურსში მონაწილეობით შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ცდილობს ახალი ბაზრის ათვისებას, რითაც გაუჩნდება მეტი შემოსავალი და ქ. ბათუმი მიიღებს სრულფასოვან, დამოუკიდებელ ინფორმაციას. რამაზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ ჩასული ქ. ბათუმში, ჩაატარეს სხვადასხვა გამოკითხვა. „რადიო ბათუმის“ კონცეფცია სპეციალურად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. მოსახლეობის თხოვნას წარმოადგენდა ყოფილიყო ისეთი გადაცემები, რომელშიც თავად შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას ეთერში ჩართვის სახით. მოსახლეობის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე ისტორიული გადაცემები და ძველი ბათუმის მიმართულებით რუბრიკების გაკეთება. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენლები ატარებდნენ გამოკითხვას ქ. ბათუმის ქუჩებში და მოსახლეობას ეკითხებოდნენ - ახალი რადიოსადგური რომ შეიქმნას, რისი მოსმენის სურვილი ექნებოდათ? მოსახლეობა აფიქსირებდა კონკრეტულ სურვილებს, შენიშვნებს. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ მაქსიმალურად ეცადა, წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში მოსახლეობის ინტერესები გაეთვალისწინებინა.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 31 აგვისტოს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორი ინგა დადიანი, იურისტი ანა სამსონია და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერთის“ დირექტორი რამაზ სამხარაძე.
საკონკურსო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისიისთვის გადაწყვეტილების მიღება არ იქნება ადვილი, ვინაიდან მონაწილეობს ორი ღირსეული პრეტენდენტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ, თუმცა იმ პირობებში, როდესაც კონკურსში მონაწილეობს ლიცენზიის ორი მაძიებელი, საჭიროა მრავალი კრიტერიუმის და ნიუანსის გააზრება, რომელთა მიხედვითაც უნდა შეფასდეს კონკურსანტები და შედარდეს მათი სამაუწყებლო კონცეფციები. მან აღნიშნა, რომ კომისია ორ წელიწადში ერთხელ ატარებს კვლევას და ადგენს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს. კომისია ლიცენზიის გაცემისას ხელმძღვანელობს მის მიერვე დადგენილი პროგრამული პრიორიტეტებით. მიაჩნია, რომ კომისიას ჰქონდა არასწორი პრაქტიკა და ამ შემთხვევაშიც შეცდომა იყო დაშვებული იმ თვალსაზრისით, რომ პროგრამული პრიორიტეტები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული იმისთვის, რომ კონკურსის ბოლოს შედარებულიყო კონკურსანტების სამაუწყებლო კონცეფციები, არამედ კონკურსის გამოცხადების ეტაპზე საკონკურსო პირობებში უნდა მომხდარიყო მათი ასახვა. შესაბამისად მომავალში კონკურსების გამოცხადების გადაწყვეტილებებში პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებში უნდა იყოს ასახული, რომ კონკურსი ცხადდება ან მოქმედი რადიომაუწყებლებისთვის, რომელთაც მაუწყებლობის არსებული არეალის გაფართოება სურთ, ან ცხადდება ადგილობრივი რადიომაუწყებლობის შესაქმნელად.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა საკონკურსო განაცხადების კომისიაში წარმოდგენის რიგითობის მიხედვით.
კომისიის სხდომაზე პირველად კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „რადიოცენტრი პლუსის“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე და კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური და კომისიის წევრი ელისო ასანიძე) მხარი არ დაუჭირა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „რადიოცენტრი პლუსი“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში.
შემდეგ კენჭი ეყარა ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ გამარჯვებულად გამოვლენის საკითხს. აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის ორმა წევრმა (კომისიის წევრი ელისო ასანიძე და კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე), ხოლო კომისიის ორმა წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე) მხარი არ დაუჭირა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ვერ გამოვლინდა გამარჯვებულად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში.
კომისიის სხდომაზე გამართული კენჭისყრების შედეგად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, შესაბამისად, სხდომაზე კენჭი ეყარა ზემოაღნიშნული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების საკითხს, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის სხდომაზე მყოფმა ოთხივე წევრმა (კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური და კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, მერაბ ქათამაძე და ელისო ასანიძე).
კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს საკონკურსო სხდომაზე კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია როგორც არსებული რადიოების სურვილი გააფართოვონ ქსელი და საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილისთვის გახდნენ ხელმისაწვდომი, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და რეგიონული მაუწყებლობის გაძლიერება. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს მოამზადოს პროექტი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ შემდეგი დამატებითი პირობით, კერძოდ: რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ ერთ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება უკვე არსებულ რადიომაუწყებელს, რომელსაც სამაუწყებლო ქსელის გაფართოება სურს, ხოლო მეორე კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ადგილობრივი რადიომაუწყებლობის შექმნის მსურველს ექნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადეს ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი გამარჯვებულის ვერ გამოვლენის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ორი ახალი კონკურსის გამოცხადების მიზნით კომისიის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერთისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
