საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის № 227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 08, 2017 18:11
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის № 227/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მიხედვით კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების 13 პუნქტის შესაბამისად, კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე, ხოლო ამავე დადგენილების 14 პუნქტის თანახმად, განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს, ყოველწლიურად საჯარო გაცნობისათვის, აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ”საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის № 273 დადგენილების შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლდა ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის მე-4 და მე-5 არხებით დაკავებული მეტრული დიაპაზონის სიხშირული ზოლების ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა FM მაუწყებლობის განხორცილებისათვის გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ ზოლში (87.5მჰც – 108მჰც), გამოთავისუფლებული სიხშირული რესურსის სრულფასოვანი გამოყენება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოიშვა „87.5 მჰც - 108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 30 აპრილის №227/22 გადაწყვეტილების დანართი №1-ში ცვლილებების შეტანის საჭიროება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში FM რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით, კომისიაში არაერთი განცხადებაა შემოსული. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, კომისიაში დაწყებულია და მიმდინარეობს თავისუფალი სიხშირული რესურსის საერთაშორისო კოორდინაციისა და მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმების პროცესი. 2017 წლის იანვარში თურქეთის რესპუბლიკის სათანადო უწყებასთან შედგა შეხვედრა ქ. ანკარაში, სადაც წინასწარ განისაზღვრა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სასაზღვრო რეგიონში (საკოორდინაციო ზონაში) FM სამაუწყებლო თავისუფალი სიხშირეები. ახალი სიხშირული რესურსის დაგეგმარებამ გამოიწვია მეზობელი მუნიციპალიტეტების და რეგიონების სიხშირული რესურსის ცვლილება, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო ელექტრომაგნიტური თავსებადობა, რაც არის საფუძველი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სიხშირული რესურსის (როგორც სახელმწიოფო შეზღუდული რესურსის) ოპტიმალურად გადანაწილების.
აღნიშნული მოთხოვნებისა და საერთაშორისო კოორდინაციის პროცესის ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, კომისია აქვეყნებს მონიტორინგსა და თურქეთის მხარესთან შემდგარ შეხვედრის ოქმზე დაყრდნობით განსაზღვრულ ახალ თავისუფალ სიხშირულ რესურსს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შევიდეს ცვლილება კომისიის 2015 წლის 30 აპრილის N 227/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანართი №1-ში და დამტკიცდეს დანართი №1 განახლებული პარამეტრებით (გადაწყვეტილებას თან ერთვის);
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილებისა და დანართი №1-ის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
