წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 580 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2017 19:08

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017

საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ  2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება  N620/9  „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში  100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ამავე გადაწყვეტილებით ისინი ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე დაუდგინდათ  ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).  

კომისიის 2015 წლის 16 ივნისის N 351/19 გადაწყვეტილებით ცვლილება  შევიდა კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების კვეთის დიამეტრის (კაბელის კვეთის ფართობი)  მიხედვით   დადგენის  წესი. ამ წესის მიხედვით   საკანალიზაციო არხში კაბელის განთავსებისას საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი შეადგენს  40%-ს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში  შეამოწმა ავტორიზებული პირების საკუთარ საკანალიზაციო არხებში განთავსებული სატელეკომუნიკაციო კაბელების ფაქტობრივი მდგომარეობა და შეისწავლა ევროპის ქვეყნებში საკანალიზაციო არხის დატვირთულობის განსაზღვრის გამოცდილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა  2017 წლის 14 აგვისტოს N10/6059-17  მოხსენებითი ბარათი, რომლის  მიხედვით დგინდება, რომ  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხში  კაბელის განთავსებისა და ექსპლოატაციის მიზნით საკანალიზაციო არხის გამოყენებადი მოცულობის და ექსპლოატაციის ნორმები საჭიროებს ცვლილებებს. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირებისათვის საკომუნიკაციო კანალიზაციაში არხების დატვირთულობის კოეფიციენტი უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 60-65 პროცენტით.

კომისია იზიარებს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოსაზრებას  და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებს კომისიის გადაწყვეტილებით დაუდგინდეთ საკანალიზაციო არხში სხვადასხვა დიამეტრის  კაბელების გატარების ტარიფების  გაანგარიშების  წესი ამ  არხის გამოყენებადი მოცულობის და შესაბამის ნორმების მიხედვით. აღნიშნულისათვის   კი   საჭიროა   შესაბამისი ცვლილებების  განხორციელება კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N 620/9 გადაწყვეტილებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 5 ოქტომბერს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრები:                                                                                ვახტანგ აბაშიძე 

                                                                                                                          მერაბ  ქათამაძე          

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები