ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2017 17:40
მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017
ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიისმოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/5660-17, 31.07.17) მიმართა ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკამ“ მისი კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის სტატუსიდან გამომდინარე ისინი არ არიან მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ამიტომ ფინანსების დაზოგვის მიზნით სურთ გადამცემის განთავსება შპს ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის ანძაზე, ვინაიდან აღნიშნულ ანძაზე გადამცემის განთავსების უკეთესი შეთავაზება მიიღეს. კომპანია წერილში ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ანძა საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძიდან 120 მეტრშია განთავსებული.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკა“ ფლობს სათემო რადიომაუწყებლობის №B189 ლიცენზიას 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით;
ე) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
გორი, ახალდაბის ანძა |
97.8 |
FM |
V |
წრიული |
500 |
42°01'56"N 44°02'51"E |
100 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/5848-17, 07/08/2017) თანახმად, კომპანიის მიერ გადამცემის შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ ანძაზე განთავსების შემთხვევაში, იმისათვის, რომ შენარჩუნდეს №B189 ლიცენზიის პირობების შესაბამისად გადამცემის გასხივებული სიგნალით მოცული ტერიტორიის მოხაზულობა, საჭიროა შეიცვალოს ანტენის დაკიდების სიმაღლე და ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 28 სექტემბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ “გორის სათემო რადიო მოზაიკასთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
