წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე

ნომერი: 589 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2017 18:06

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2017

შპსჯეოსელისქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპსსისტემ ნეტსდა შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში ურთიერთჩართვის, კერძოდ, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიას განცხადებით მომართა „სისტემ ნეტმა“ (№შ-6/6182-17; 17.08.2017).

შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადებაში (№შ-6/6182-17; 17.08.2017) აღნიშნულია, რომ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების შესაბამისად მხარეებს შორის შეწყვეტილი ურთიერთჩართვა შპს ,,ჯეოსელის“ მხრიდან აღდგენილ იქნა. ამასთან, შპს ,,სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 16 აგვისტოს შპს ,,ჯეოსელისგან“ მიიღო წერილი, რომლითაც ის ითხოვს 2017 წლის 24 მაისს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობებზე დათანხმებას. შპს „სისტემ ნეტი“ თავის განცხადებაში უთითებს, რომ ამ დროისთვის მხარეთა შორის მოქმედებს შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილით შემოთავაზებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობები, ხოლო თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მათ უფლება აქვთ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვონ ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების კანონთან შესაბამისი პირობების დადგენა.

შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადების (№შ-6/6182-17; 17.08.2017) თანახმად, შპს „სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 26 ივლისს №03/131 წერილით მიმართა კომისიას და წარმოადგინა შენიშვნები შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტასთან დაკავშირებით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-19 მუხლების საფუძველზე  შპს „სისტემ ნეტმა“ განცხადებით (№შ-6/6182-17; 17.08.2017) მოითხოვა კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება: ა) შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების დადგენის მიზნით; ბ) ახალი პირობების დადგენამდე, დაევალოს შპს ,,ჯეოსელს“ ურთიერთჩართვის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მხარეთა შორის მოქმედი პირობების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოსელის“ განცხადება (№შ-6/6206-17; 18.08.2017), რომლის თანახმად, კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516-18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯეოსელმა“ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს აღადგინა ურთიერთჩართვა (საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში) შპს ,,სისტემ ნეტთან“. საერთაშორისო ზარების მომსახურების აღდგენასთან ერთად შპს ,,სისტემ ნეტს“ განესაზღვრა ვადა 2017 წლის 17 აგვისტოს 18:00 საათამდე, რათა მას შპს ,,ჯეოსელთან“ 2017 წლის 24 მაისის საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტაზე დადგენილი წესის დაცვით განეხორციელებინა თანხმობა/აქცეპტი. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, შპს ,,სისტემ ნეტმა“ დადგენილ ვადაში არ განახორციელა აქცეპტი შპს ,,ჯეოსელის“ ,,მოწვევის ოფერტაზე“, შპს ,,ჯეოსელი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ,,სისტემ ნეტთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

შპს „ჯეოსელის“ განცხადებაში (№შ-6/6206-17; 18.08.2017) ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების მომსახურების აღდგენა შპს ,,სისტემ ნეტთან“ განხორციელდა მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მხარე არ ასრულებს და არ ეთანხმება შპს ,,ჯეოსელის“ ,,მოწვევის ოფერტის“ პირობებს. აღნიშნული, შპს ,,ჯეოსელის“ განმარტებით, წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ რისკებს, რის გამოც ის ითხოვს წარმოდგენილი განცხადების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში განხილვას.

შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ განცხადებების საფუძველზე, მათ შორის  ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით კომისიაში 2017 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს  და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2017 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „სისტემ ნეტის“ ადამიანის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ქ. ახვლედიანის განცხადება (№შ-6/6300-17; 23.08.2017), რომლითაც მან ითხოვა შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის  ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით დანიშნული მოსამზადებელი სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ კომპანიის დირექტორი ლ. ინჯია, დირექტორის მოადგილე ხ. ინჯია და კომპანიის იურისტი ლ. ამაშუკელი იმყოფებოდნენ შვებულებაში ა/წ 2 სექტემბრის ჩათვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის“ მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის  (საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში) შეჩერებაზე კომისიის თანხმობის გაცემა და აღნიშნული საკითხის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში განხილვა, ხოლო შპს ,,სისტემ ნეტი“ ითხოვს კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების დადგენის მიზნით და ახალი პირობების დადგენამდე, შპს ,,ჯეოსელს“ დაევალოს ურთიერთჩართვის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მხარეთა შორის მოქმედი პირობების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „სისტემ ნეტისა“ და შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველია არა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, არამედ ცალ-ცალკე, ორი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადება მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტის“ განცხადების (№შ-6/6182-17; 17.08.2017) განხილვის ნაწილში და მოსამზადებელი სხდომა დანიშნა 2017 წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონით დადგენილი წესით.

კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე. ხ. ინჯიამ აღნიშნა, რომ ასაჩივრებდა შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნას, შპს „სისტემ ნეტი“ უპირობოდ დათანხმებოდა შპს ,,ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის პირობებს. მან სხდომაზე წარმოადგინა შპს ,,სისტემ ნეტის“ 2017 წლის 26 ივლისით დათარიღებული განცხადება შპს ,,ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის პირობებზე შენიშვნების თაობაზე, რომელიც, მისი განცხადებით, კომისიაში უკვე წარმოდგენილი იყო სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „სისტემ ნეტმა“ შპს „ჯეოსელს“ წერილით თანხმობა განუცხადა ახალი რეგულაციის შესაბამისად შეცვლილ ტარიფზე, თუმცა, არ დაეთანხმა შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის გარკვეულ პირობებს, რის შემდგომ შპს „ჯეოსელმა“ წერილობით მოითხოვა მისი მოწვევის ოფერტაზე უპირობო აქცეპტის განხორციელება. ხ. ინჯიას განცხადებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მხარეები გარკვეულ პირობებზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც შპს „სისტემ ნეტი“ ითხოვს კომისიამ შეაფასოს შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტის პირობების კანონთან შესაბამისობა და დაადგინოს ახალი პირობები.  

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემ ნეტი“ სადავოდ ხდის შპს „ჯეოსელის“ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების (საერთაშორისო ზარების დასრულება) 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტით განსაზღვრულ პირობების კანონიერებას და ითხოვს კომისიამ დაადგინოს ამ მომსახურების ახალი პირობები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე შპს ,,ჯეოსელს“ დაევალა შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ შენიშვნებზე პოზიციის წერილობით წარმოდგენა არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 სექტემბრისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობების თაობაზე შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 21 სექტემბერს, 15:00 საათზე.

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებიდან;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                                 კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები