შპს „ჯეოსელისთვის“ შპს „სისტემ ნეტ თან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2017 18:14
მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2017
შპს „ჯეოსელისთვის“ შპს „სისტემ ნეტ თან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოსელის“ განცხადება (№შ-6/6206-17; 18.08.2017), რომლის თანახმად, კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯეოსელმა“ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს აღადგინა ურთიერთჩართვა (საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში) შპს ,,სისტემ ნეტთან“. საერთაშორისო ზარების მომსახურების აღდგენასთან ერთად შპს ,,სისტემ ნეტს“ განესაზღვრა ვადა 2017 წლის 17 აგვისტოს 18:00 საათამდე, რათა მას შპს ,,ჯეოსელთან“ 2017 წლის 24 მაისის საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტაზე დადგენილი წესის დაცვით განეხორციელებინა თანხმობა/აქცეპტი. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, შპს ,,სისტემ ნეტმა“ დადგენილ ვადაში არ განახორციელა აქცეპტი შპს ,,ჯეოსელის“ ,,მოწვევის ოფერტაზე“, შპს ,,ჯეოსელი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ,,სისტემ ნეტთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.
შპს „ჯეოსელის“ განცხადებაში (№შ-6/6206-17; 18.08.2017) ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების მომსახურების აღდგენა შპს ,,სისტემ ნეტთან“ განხორციელდა მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მხარე არ ასრულებს და არ ეთანხმება შპს ,,ჯეოსელის“ ,,მოწვევის ოფერტის“ პირობებს. აღნიშნული, შპს ,,ჯეოსელის“ განმარტებით, წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ რისკებს, რის გამოც ის ითხოვს წარმოდგენილი განცხადების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში განხილვას.
კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს №560/16 გადაწყვეტილებით შპს ,,სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვა დაინიშნა 2017 წლის 5 სექტემბერს.
კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე. კომისიის სხდომაზე შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს „სისტემ ნეტმა“ განახორციელა თანხმობა შპს „ჯეოსელის“ მიერ გამოქვეყნებულ ახალ ტარიფზე ჯერ კიდევ მაისის თვეში, თუმცა არ დაეთანხმა ოფერტის გარკვეულ პირობებს, რის თაობაზეც აცნობა შპს „ჯეოსელს“. ამასთან, მისი განცხადებით, მხარეები სამართლებრივად იმყოფებოდნენ შპს ,,ჯეოსელის“ ამა წლის 10 აპრილის წერილით შეთავაზებული პირობების შესრულების რეჟიმში. ხ. ინჯიას განცხადებით, ამ პირობების შესაბამისად, მხარეთა შორის დღესაც მიმდინარეობს აღდგენილი ურთიერთჩართვის შემდგომ ანგარიშსწორება და ტრაფიკის გაცვლა. მისი განმარტებით, შპს „სისტემ ნეტს“ არ გააჩნია დავალიანება და თავის ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებს. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება არ წარმოშობს ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობის გაცემის საფუძველს. შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოწვევის ოფერტა, რომელიც მხარის მიერ გამოქვეყნებულია და გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, მოქმედია იმ პირის მიმართ, რომელიც ამ ოფერტას დაეთანხმება. მისი განცხადებით, აღნიშნული ოფერტა შპს „სისტემ ნეტის“ მიმართ მოქმედი არ არის, მანამ, სანამ არ დაეთანხმება ამ ოფერტას. ხ. ინჯიას განცხადებით, მხარეს უფლება აქვს არ განახორციელოს უპირობო აქცეპტი და მიმართოს კომისიას მომსახურების პირობების დადგენის მიზნით. ამასთანავე, მისი აზრით, ურთიერთჩართვის მომსახურება მხარეებს შორის ჩართული უნდა იყოს მანამ, სანამ კომისია არ დაადგენს ამ მომსახურების ახალ პირობებს. მისი განმარტებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, თუ მხარეებს შორის არსებობს დავა უკვე მოქმედი ურთიერთჩართვის თაობაზე, მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს უფლება არ აქვს შეაჩეროს ურთიერთჩართვა კომისიის ნებართვის გარეშე. მან ასევე დაადასტურა, რომ შპს ,,სისტემ ნეტს“ აქვს დეპოზიტი შპს „ჯეოსელთან“, რომელიც ამოწურული არ არის. შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებისა და კანონმდებლობის შესაბამისად კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ სხვაგვარად იქნა გაგებული. ხ. ინჯიას განცხადებით, თუ კომისია ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტიდან გამომდინარე გულისხმობს, რომ შპს „სისტემ ნეტი“ უპირობოდ უნდა დაეთანხმოს შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტის პირობებს იმისთვის, რომ ურთიერთჩართვა არ შეუჩერდეს, ის ითხოვს კომისიამ ეს მას განუმარტოს და შპს „სისტემ ნეტი“ უპირობოდ დაეთანხმება მოწვევის ოფერტას. მან განაცხადა, რომ ურთიერთჩართვის მომსახურების არსებითი პირობები არ შეცვლილა, მაგრამ არის პირობები, რომლებსაც შპს ,,სისტემ ნეტი არ ეთანხმება. თუმცა, ხ. ინჯიას განცხადებით, კომპანიას ეს არ უღირს იმად, რომ კომისიამ თანხმობა მისცეს შპს „ჯეოსელს“ მისთვის ურთიერთჩართვის შეჩერებაზე. შესაბამისად, ის ითხოვს ამ საკითხზე კომისიის განმარტებას და არ აპირებს აღნიშნულზე დავას.
კომისიის 2017 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით კონკრეტული ტარიფია დადგენილი და არც შპს „ჯეოსელს“ და არც სხვა ავტორიზებულ პირებს არ აქვს უფლება სხვა ტარიფით დაარეგულიროს ურთიერჩართვასთან დაკავშირებული ურთიერთობა. შესაბამისად, მისი განცხადებით, შპს „სისტემ ნეტის“ მხრიდან ტარიფზე დათანხმება არაფერს არ ნიშნავს. ლ. გიორგაძის განცხადებით, ვინაიდან შეიცვალა გარემოება, მოწვევის ოფერტა ამა წლის 24 მაისს გამოქვეყნდა და დღემდე ეს მოწვევის ოფერტა და მისი პირობები მოქმედია, მხარემ უნდა გააკეთოს აქცეპტი, რის შემდეგ შპს ,,ჯეოსელსა“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ შორის გაფორმდება ხელშეკრულება და მომსახურება აღდგება. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ლ. გიორგაძის განცხადებით, შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნაა არ არსებობდეს პრეცედენტი, როდესაც პირი სამართლებრივი ურთიერთობის გარეშე არის შპს „ჯეოსელის“ ქსელში ჩართული. მისი განმარტებით, მომსახურების პირობებს მომსახურების გამწევი უნდა ადგენდეს და არა მომსახურების მიმღები. თუ მომსახურების მიმღებს არ მოსწონს მომსახურების პირობები და თუ დაასაბუთებს მისი პრეტენზიების საფუძვლიანობას, მომსახურების გამწევი იძულებული იქნება გარკვეული პირობები შეცვალოს და შემდეგ გააფორმოს ხელშეკრულება. ლ. გიორგაძის განცხადებით, ქრონოლოგიას და ეტაპებს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ურთიერთობაში და დღეს არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შპს ,,ჯეოსელს“ უნდა მიეცეს თანხმობა შეწყვიტოს ურთიერთობა, რომელზეც სამართლებრივი ხელშეკრულება არ არსებობს. კომისიის სხდომაზე ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს „სისტემ ნეტს“ არ ჰქონდა ამოწურული დეპოზიტი შპს „ჯეოსელთან“. მან ასევე დაადასტურა, რომ შპს „სისტემ ნეტს“ შპს „ჯეოსელის“ ქსელში სატელეფონო ზარები დასრულებული ჰქონდა 70 წუთის ოდენობით.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. შპს „ჯეოსელის“ განცხადება (№შ-6/6206-17; 18.08.2017);
2. კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილება ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“;
3. შპს „ჯეოსელის“ (მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის) ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის შეთავაზების წინადადება;
4. „შპს სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილება;
5. შპს „ჯეოსელის“ წერილი (№შ-6/6160-17; 16.08.2017);
6. შპს „სისტემ ნეტის“ განცხადება (№შ-6/6182-17; 17.08.2017);
7. შპს „სისტემ ნეტის“ წერილი (№02/128; 16.07.2017);
8. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეოსელის“ და შპს ,,სისტემ ნეტის“ შესახებ;
9. კომისიის სხდომაზე შპს ,,სისტემ ნეტისა“ და შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,ჯეოსელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);
2. შპს ,,სისტემ ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 05.02.2010). ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით უზრუნველყოფა და მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
3. შპს „ჯეოსელი“ და შპს ,,სისტემ ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირები, ვალდებულნი არიან შეასრულონ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე კვლავ შემოღებულ იქნა დროებითი რეგულაცია და შპს ,,ჯეოსელის“ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ტარიფი განისაზღვრა 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით). ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს, მათ შორის შპს ,,ჯეოსელს“, დაევალა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;
5. შპს ,,ჯეოსელმა“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 24 მაისს კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოადგინა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა), რაც კომისიის მიერ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე;
6. შპს „ჯეოსელის“ (მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის) ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) 7.1 პუნქტისა და 7.3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით, შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების ხელშეკრულების დადების მსურველი პირის მიერ წარმოდგენილ განაცხადში დაფიქსირებული უნდა იყოს განმცხადებლის დასტური რომ იგი გაცნობილია, ეთანხმება და უპირობოდ შეასრულებს წინამდებარე ოფერტაში დაფიქსირებულ ყველა პირობას. ამავე ოფერტის 7.5 პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „ჯეოსელი“ შეისწავლის აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და წერილობითი განცხადება მე-7 მუხლში დაფიქსირებულ მოთხოვნებს. თუ კი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს ხსენებული პუნქტებით დაფიქსირებული რომელიმე მოთხოვნიდან ერთ-ერთს ან/და გააჩნია დავალიანება შპს ,,ჯეოსელის“ მიმართ, მას ეცნობება ამის შესახებ და ჩაითვლება, რომ განცხადებლის მიერ აქცეპტი არ გაკეთებულა. ოფერტის 19.1 პუნქტის თანახმად, მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადაა მოწვევის ოფერტის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, წინამდებარე მოწვევის ოფერტის ამოქმედების დღიდან ყველა ავტორიზებული პირი, ვისაც სურს საერთაშორისო ზარების შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში დასრულების მომსახურების მიღება, ვალდებულია იმოქმედოს წინამდებარე მოწვევის ოფერტის პირობების, მათ შორის, მე-7 მუხლის პირობების დაცვით;
6. 2017 წლის 19 ივლისს, შპს ,,სისტემ ნეტმა“ წერილობით (№02/128) მიმართა შპს ,,ჯეოსელს“, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის მოქმედი 2017 წლის 10 აპრილის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების 19.2. პუნქტის თანახმად, რომელსაც შპს ,,სისტემ ნეტი“ უპირობოდ დაეთანხმა თავისი 2017 წლის 20 აპრილის წერილით, შპს ,,სისტემ ნეტი“ თანახმაა ცვლილება განხორციელდეს მომსახურების ტარიფთან მიმართებაში და კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მომსახურების ტარიფი ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „ჯეოსელი“ აღადგენს შეწყვეტილ მომსახურებას;
7. „შპს სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს „სისტემ ნეტის“ საჩივარი, შპს „ჯეოსელს“ დაეკისრა ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით და დაევალა შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში კანონდარღვევით შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელს“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ დაევალათ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ასლის კომისიაში წარმოდგენა ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
8. „შპს სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,სისტემ ნეტთან“ ურთიერთჩართვა (საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში) შპს „ჯეოსელის“ მხრიდან აღდგენილ იქნა, რაც დასტურდება შპს „ჯეოსელისა“ და შპს „სისტემ ნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებებით (№შ-6/6206-17; 18.08.2017; (№შ-6/6182-17; 17.08.2017) და მხარეთა ახსნა-განმარტებებით;
9. 2017 წლის 16 აგვისტოს შპს ,,სისტემ ნეტმა“ მიიღო შპს „ჯეოსელის“ წერილი, რომლითაც 2017 წლის 17 აგვისტოს 18:00 საათამდე განესაზღვრა ვადა, რათა მას შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) დადგენილი წესის დაცვით განეხორციელებინა თანხმობა/აქცეპტი;
10. შპს „სისტემ ნეტმა“ არ განახორციელა შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) თანხმობა/აქცეპტი ამავე ოფერტით დადგენილი წესით.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტა შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული მოწვევის ოფერტა შეთანხმდა კომისიასთან და ამოქმედდა 2017 წლის 24 მაისს, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დღიდან. მოწვევის ოფერტის 19.1 პუნქტის თანახმად, მოწვევის ოფერტის ამოქმედების დღიდან ყველა ავტორიზებული პირი, ვისაც სურს საერთაშორისო ზარების შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში დასრულების მომსახურების მიღება, ვალდებულია იმოქმედოს წინამდებარე მოწვევის ოფერტის პირობების დაცვით. შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების მიღების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს ამ მომსახურების მიღების მსურველი პირის წერილობითი დასტური რომ იგი გაცნობილია, ეთანხმება და უპირობოდ შეასრულებს ოფერტაში დაფიქსირებულ ყველა პირობას. ურთიერთჩართვის მომსახურების მიღების მსურველი პირის მიერ ოფერტის ყველა პირობის უპირობოდ შესრულებაზე თანხმობის წერილობითი ფორმით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მოწვევის ოფერტის 7.5 პუნქტის მიხედვით, ჩაითვლება, რომ აქცეპტი არ გაკეთებულა და შესაბამისად, მომსახურების მიღების მსურველ ავტორიზებულ პირსა და მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს შორის შეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე არ შედგა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებულია ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის ვალდებულება განახორციელოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი.
შპს „სისტემ ნეტმა“ არ განახორციელა შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტაზე) თანხმობა/აქცეპტი ამავე ოფერტით დადგენილი წესით. 2017 წლის 19 ივლისს, შპს ,,სისტემ ნეტმა“ წერილობით (№02/128) მიმართა შპს ,,ჯეოსელს“, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის მოქმედი 2017 წლის 10 აპრილის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების 19.2. პუნქტის თანახმად, რომელსაც შპს ,,სისტემ ნეტი“ უპირობოდ დაეთანხმა თავისი 2017 წლის 20 აპრილის წერილით, შპს ,,სისტემ ნეტი“ თანახმაა ცვლილება განხორციელდეს მომსახურების ტარიფთან მიმართებაში და კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მომსახურების ტარიფი ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „ჯეოსელი“ აღადგენს შეწყვეტილ მომსახურებას. ამდენად, შპს „სისტემ ნეტმა“ წერილობით თანხმობა დაადასტურა მხოლოდ შპს „ჯეოსელის“ მიერ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტით განსაზღვრულ ტარიფზე და უპირობო აქცეპტი აღნიშნული ოფერტის ყველა პირობის შესრულებაზე არ განუხორციელებია. შედეგად, ავტორიზებულ პირებს შორის ურთიერთჩართვის მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა.
კომისია აღნიშნავს, რომ „შპს სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „ჯეოსელს“ დაევალა შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში კანონდარღვევით შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესაბამისად, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ჯეოსელს“ და შპს „სისტემ ნეტს“ დაევალა საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ასლის კომისიაში წარმოდგენა ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგინდა მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფი. ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ჯეოსელს“ დაევალა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელი“ ვალდებული იყო შპს „სისტემ ნეტისთვის“ კანონდარღვევით შეწყვეტილი ურთიერთჩართვა აღედგინა კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტის პირობების დაცვით, ხოლო კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, შპს „სისტემ ნეტი“ აღნიშნული მომსახურების მისაღებად ვალდებულია განახორციელოს უპირობო აქცეპტი შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტის პირობებზე, რის შემდეგ მხარეები ვალდებულნი არიან გააფორმონ ხელშეკრულება საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის გადაწყვეტილებებისა და შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, კომისია ვერ გაიზიარებს შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეს უფლება აქვს არ განახორციელოს უპირობო აქცეპტი და ამასთანავე, ურთიერთჩართვის მომსახურება მხარეებს შორის ჩართული უნდა იყოს მანამ, სანამ კომისია არ დაადგენს ამ მომსახურების ახალ პირობებს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტის აკრძალვას. ამასთანავე, ამავე პუნქტით რეგლამენტირებულია საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დაშვებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება მხოლოდ კომისიის თანხმობით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველი ავტორიზებული პირის ვალდებულება განახორციელოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი. ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის უფლებამოსილება თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები, თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას. კანონის ზემოთ მითითებული დანაწესები არ ითვალისწინებენ კომისიის მიერ ურთიერთჩათვის პირობების დადგენამდე კომისიის თანხმობით ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდების შეჩერების აკრძალვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ურთიერთჩართვის მომსახურების მიღების მსურველი პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობითა და მოწვევის ოფერტით განსაზღვრული წესის დაცვით განხორციელებული უპირობო თანხმობა წარმოადგენს მისთვის ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია არ მიაწოდოს ურთიერთჩართვის მომსახურება მას, შესაბამისი აქცეპტის მიღებამდე. ამდენად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელს“ უნდა მიეცეს თანხმობა შპს „სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „სისტემ ნეტი“ არ განახორციელებს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილების (№345/22; 16.05.2017) შესაბამისად კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტაზე უპირობო აქცეპტს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტისა და ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (მომხრე: კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე; წინააღმდეგი: კომისიის წევრი ელისო ასანიძე)
გადაწყვიტა:
1. შპს „ჯეოსელს“ მიეცეს თანხმობა შპს „სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე საერთაშორისი ზარების დასრულების ნაწილში, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შპს „სისტემ ნეტი“ არ განახორციელებს „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილების (№345/22; 16.05.2017) შესაბამისად კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შპს „ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტაზე უპირობო აქცეპტს;
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) დაინტერესებული მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გადაგზავნა მხარეებისთვის.
კომისიის წევრ ელისო ასანიძის განსხვავებული აზრი: ელისო ასანიძემ აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს შპს „სისტემ ნეტ“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე შპს „ჯეოსელისთვის“ თანხმობის მიცემას შემდეგი გარემოებების გამო: 1. საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციის წინააღმდეგია და ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ის, რომ ეს რეგულაცია საფრთხეს უქმნის ურთიერჩართვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; 2. თანხმობა არ მიუცია შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებაზე; 3. კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების მე-4 პუნტიდან არ იკითხება, რომ ურთიერჩართვის მომსახურების მიღების აუცილებელი პირობაა მოწვევის ოფერტაზე უპირობო აქცეპტი. აღნიშნული პუნქტი არ გამორიცხავს შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის დავის რეჟიმს სახელშეკრულებო პირობების შესახებ; 4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „სისტემ ნეტს“ აქვს დეპოზიტი დადებული შპს „ჯეოსელისთვის“ (ორივე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დეპოზიტი ამოწურული არ არის, ხოლო დეპოზიტის ამოწურვისთანავე გაითიშება შპს „სისტემნეტიდან“ შპს „ჯეოსელში“ შემავალი საერთაშორისო ზარები) და ურთიერთჩართვის აღდგენის შემდეგ დღემდე შპს „სისტემნეტის“ მხრიდან შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში მხოლოდ 70 წუთი საერთაშორისო ზარი განხორციელდა, შპს ,,ჯეოსელისთვის“ რისკის შემცველ ფაქტორებს ადგილი არ აქვს და შესაბამისად, არ არსებობს შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს ,,ჯეოსელს“ შორის მოქმედი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ შეჩერების საფუძველი.
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
