წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 596 / 20

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2017 15:28

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2017

შპსმაგთიკომისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების გადამოწმების მიზნით,  ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ 2012-2016 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა.

შპს „მაგთიკომმა“ 177 ფურცლად დანართის სახით  წარმოადგინა 2012-2016 წლების აუდირებული ფინასური ანგარიშგებები და მოგვმართა თხოვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშებიდან აღნიშნული წერილის დანართ N1-ში მითითებული ფინანსური ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობა (წერილი შ6/5389-17).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური აუდირებული ანგარიშები შეიცავს ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას, (მაგალითად, ინფორმაცია კომპანიის ფინასური რისკებისა და ფინანსური რისკების მართვის შესახებ, ინფორმაცია დივიდენდებისა და სხვა ვალდებულებების შესახებ.)

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის მიზანი იყო წარმოდგენილი ფინანსური მონაცემების  გადამოწმება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშები შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ვერ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად. (მაგალითად, მოგება -ზარალის უწყისში წარმოდგენილი განზოგადებული მონაცემები, ხარჯები და შემოსავლების ფურცელი და სხვა.) ასევე, ის მონაცემები, რომლებიც სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების სახით არის წარმოდგენილი კომისიაში და კომისიის მიერ არაა ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად (მათ შორის ფორმა 1.8-ით წარმოდგენილი მონაცემები).

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კომისიას დასაშვებად მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშები, როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტები, ცნობილ იქნას კომერციულ საიდუმლოებად. კომისია დამატებით განმარტავს, რომ კომერციული საიდუმლოება არაა ფინანსურ ანგარიშებში არსებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილია ან წარმოდგენილი იქნება სხვა სახით (წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფორმით, სტატისტიკური ფორმის სახით) და რომელიც კომისიის მიერ მიჩნეულია/მიჩნეულ იქნება საჯაროდ (არ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მოთხოვნის შესახებ იმ განმარტებით, რომ კომერციული საიდუმლოება არაა ფინანსურ უწყისებში არსებული ინფორმაცია, რომელიც კომპანიის მიერ წარმოდგენილია ან წარმოდგენილი იქნება სხვა სახით (წერილობითი ფორმით, ელექტრონული ფორმით, სტატისტიკური ფორმის სახით) და რომელიც კომისიის მიერ მიჩნეულია/მიჩნეულ იქნება საჯაროდ (არ იქნება ცნობილი კომერციულ საიდუმლოდ). 2012-2016 წლების ფინანსური ანგარიშები ცნობილი იქნას კომერციულ საიდუმლოებად.
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან.
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს რატი სხირტლაძეს.

 კომისიის თავმჯდომარე                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები