წვდომის მენიუ

შპს „ტელე-კომმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 599 / 18

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 18, 2017 12:02

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017

შპს „ტელე-კომმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 15 აგვისტოს Nშ-10/6119-17 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-კომმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტისა და 26-ე  მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაცო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/6119-17, 15.08.17) თანახმად, შპს „ტელე-კომმში“  შეიცვალა კომპანიის დირექტორი და წილის მფლობელი, კერძოდ 2016 წლის 18 მაისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის დამფუძნებლად და დირექტორად ფიქსირდება: კობა სალუქვაძე (100%), ხოლო 2016 წლის 14 ივლისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან ამონაწერში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად და დირექტორად მითითებულია რობერტ მანველიანი. წილის გაყიდვაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად შპს „ტელე-კომმს“ არ მოუმართავს კომისიისთვის.

შპს „ტელე-კომმის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ცვლილების თაობაზე კომპანიამ 2017 წლის 14 აგვისტოს  წარმოადგინა კომისიაში წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6079-17, 14.08.17).

კომისიის მიერ  საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 31 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელე-კომმს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „ტელე-კომმის“  წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება (N03/12808-17, 21.08.2017)  სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას 2017 წლის 29 აგვისტოს ჩაბარდა.

შპს „ტელე-კომმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკსირების საკითხის განხილვა გადატანილ იქნა კომისიის 2017 წლის 7 სექტემბერს, რის თაობაზეც შპს „ტელე-კომმს“ ეცნობა შეტყობინებით (N03/2945-17). 

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა  2017 წლის 7 სექტემბერს, რომელსაც ესწრებოდა შპს „ტელე-კომმის“ დირექტორი რ. მანველიანი. კომპანიის დირექტორმა აღიარა დარღვევა და აღნიშნა, რომ წილის გაყიდვაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად შპს „ტელე-კომმს“ არ მიუმართავს კომისიისთვის.

II. კომისიისმიერადმინისტრაციულიწარმოებისპროცესშიშესწავლილიმტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 15 აგვისტოს  Nშ-10/6119-17 მოხსენებითი ბარათი;
  2. შპს „ტელე-კომმის“  წერილი დამფუძნებლის და დირექტორის ცვლილების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6079-17, 14.08.2017);
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან შპს „ტელე-კომმის“  ამონაწერები (18.05.2016 და 14.07.2016) და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  შპს  „ტელე-კომმის“   შესახებ  მონაცემები;
  4. შპს „ტელე-კომმის“ დირექტორის რ. მანველიანის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ტელე-კომმი“ 2016 წლის 27 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.2. 2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, A.F.3. 3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა, B.F.2. ინტერნეტ მომსახურება.)
  2. შპს „ტელე-კომმი“  როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. 2016  წლის 14 ივლისს  შეიცვალა შპს „ტელე-კომმის“ დამფუძნებელი და დირექტორი, კერძოდ, შპს „ტელე-კომმის“ წილის 100%-ის მფლობელმა და დირქტორმა კობა სალუქვაძემ  დათმო წილის 100% რობერტ მანველიანის სასარგებლოდ, რის შედეგადაც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი რობერტ მანველიანი გახდა;
  4. შპს „ტელე-კომმს“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის   26-ე მუხლის შესაბამისად და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ამავე კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, არც 7 დღის ვადაში უცნობებია კომპანიას  წილის  მფლობელთა ცვლილების თაობაზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად;
  5. შპს „ტელე-კომმის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის (დარღვევის ჩადენის დღისათვის მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; გ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  10. 10.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

შპს „ტელე-კომმის“ მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, წილის  გასხვისებით და კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის კომისიაში არ წარმოდგენით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 26-ე მუხლი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „ტელე-კომმი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. 

ამავდროულად, კომისია მიაჩნია, რომ  შპს „ტელე-კომმს“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის დეპარტამენტს - შპს „ტელე-კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების, 26-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „ტელე-კომმს“  მიეცეს გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ტელე-კომმს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინების წარმოდგენა კომისიაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.   შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შპს „ტელე-კომმის“ წილის შეძენის ფორმა.  შეტყობინება  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შპს „ტელე-კომმის“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა)     საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;

გ)  სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში - მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

დ) ინფორმაცია წილების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი)  შპს „ტელე-კომმის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების  შპს „ტელე-კომმისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-კომმისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტელე-კომმისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ტელე-კომმის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                        

მოვალეობის შემსრულებელი                                                    ვახტანგ  აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები