წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 601 / 23

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 22, 2017 18:53

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2017

შპსკავკასუს ონლაინისმიმართ სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6294-17; 23.08.17) შპს „კავკასუს ონლაინისა“ და მოქალაქე ზურაბ მახარაშვილის მიმართ.

სს „თიბისი ბანკის“ საჩივარში მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „კავკასუს ონლაინი“ (ს/კ: 211380833)  წარმოადგენს ქვეყანასთან ასოცირებული ზედა დონის დომენის (.ge) რეგისტრატორ კომპანიას;
  2. ინტერნეტდომენები: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge გაცემულია შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ და მათ მფლობელს წარმოადგენს ზურაბ მახარაშვილი;
  3. ინტერნეტდომენები: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრირებულია შემდეგი თანმიმდევრობით:  28.06.2017, 04.07.2017, 13.06.2017, 27.06.2017;
  4. ზურაბ მახარაშვილმა 2017 წლის 5 ივლისს (ბოლო დომენი 4 ივლისს დაარეგისტრირა) მიმართა სს „თიბისი ბანკს“ და შესთავაზა დომენების მიყიდვა, რის შემდგომაც წარიმართა კომუნიკაცია მხარეთა შორის;
  5. სს „თიბისი ბანკს“ (ს/კ: 204854595)  გააჩნია განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშნების სიტყვიერი ნაწილების (TBC BANK, TBC) მიმართ, რამდენადაც ისინი რეგისტრირებულია საქპატენტში;
  6. სს „თიბისი ბანკს“ (ს/კ: 204854595) რეგისტრირებული აქვს დომენები: tbc.com.ge, tbcge, tbcbank.ge, tbcbank.com.ge;
  7. სს „თიბისი ბანკმა“ 2017 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ და მოსთხოვა ინტერნეტდომენების mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გაუქმება;
  8. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სს „თიბისი ბანკს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2017 წლის 31 ივლისის წერილით.

მოთხოვნა:

1. ცნობილ იქნას ზურაბ მახარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის დარღვევაში;

2. დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ (ს/კ: 211380833; მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N71, თბილისი) ინტერნეტდომენების mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გაუქმება;

საჩივრის სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელშეუვალობის ფარგლები განსაზღვრა არა მარტო ხელოვნების თავისუფლებით, არამედ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად და მიუთითა, რომ ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუვალობა ვრცელდება შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებზე, ლიტერატურის, ხელოვნების, ტექნიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზე, რაც ცხადყოფს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხასიათდება ყველა იმ ნიშნით, რაც გააჩნია, ზოგადად, საკუთრების უფლებას და იგი ორგანულად  არის დაკავშირებული ადამიანის შემოქმედებით პროცესთან.

ინტელექტუალური საკუთრების უფლება ავტომატურად მოიაზრებს სამრწეველო საკუთრების დაცვასაც, რომელიც მოიცავს სასაქონლო ნიშანს. „სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ერთობლივი ანალიზით ვადგენთ, რომ  სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან და, ამავდროულად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები.

„სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში" მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე“.

ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.

სს „თიბისი ბანკის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ TRIPS-ის შეთანხმების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს, რომელსაც არ გააჩნია მფლობელის თანხმობა, ვაჭრობაში გამოიყენოს იდენტური ან მსგავსი ნიშნები ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც იმ საქონლის ან მომსახურების იდენტური ან მსგავსია, რომელთათვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, თუ ასეთი გამოყენება  მათი აღრევის შესაძლებლობას წარმოშობს. იდენტური საქონლის ან მომსახურებისათვის იდენტური ნიშნის გამოყენების შემთხვევაში აღრევის შესაძლებლობის არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა. ზემოთ აღწერილი უფლებები არანაირ ზიანს არ აყენებს ნებისმიერ ადრე არსებულ უფლებებს და, ასევე, არ ახდენს გავლენას წევრი ქვეყნების შესაძლებლობაზე, დაუშვან უფლებების მოპოვება გამოყენების საფუძველზე.

„კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არავის არა აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი "ბანკი" ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით,ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი "ბანკი" ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

წინამდებარე სამართლებრივი ნორმების ანალიზით და დავის მე-3 ფაქტობრივი გარემოების შედეგად სს „თიბისი ბანკს“ მიაჩნია, რომ მას გააჩნია სიტყვებზე „TBC BANK” და “TBC” განსაკუთრებული უფლება, რამდენადაც აღნიშნული სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ნაწილები დაცულია „საქპატენტში“, შესაბამისად, სს „თიბისი ბანკს“ სრული უფლება აქვს აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვების იდენტური და/ან მსგავსი სიტყვების გამოყენება.

დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში სადავო არ არის, რომ ინტერნეტს მრავალმხრივი გამოყენება გააჩნია, მათ შორის, სავაჭროც.

ზემოთ მოყვანილი სასაქონლო ნიშნების დაცვის კანონმდებლობა იმპლემენტირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროშიც ამ სფეროს დამახასიათებელი სპეციფიკაციების გათვალისწინებით, კერძოდ, 2006 წლის 17 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N3  დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი მკაფიოდ აყალიბებს დადგენილების მიზანს, კერძოდ,  წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ,“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი (ეს რეგლამენტი ვრცელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების იმ სახეებზეც, რომელიც საქართველოს მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრესის პარალელურად), ფაქტობრივად, ადასტურებს ინტერნეტის არსებობას საზღვრების გარეშე და მის მრავალმხრივ გამოყენებას, ხოლო მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოცემული რეგლამენტის დაცვა ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ვალდებულებაა.

კომისიის დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“, „ჰ6“, - „ჰ11“, ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტით მომსახურება (ჰოსტინგი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, რომლითაც ხორციელდება ინტერნეტგვერდის დათვალიერება ინტერნეტდომენის (ინტერნეტსახელი, რომელიც ეკუთვნის ერთადერთ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს და ახდენს მის იდენტიფიცირებას და განსხვავებას სხვათაგან) საშუალებით, რომელსაც ჰყავს მფლობელი.

ამავე დადგენილების 103 მუხლის თანახმად,

  1. ინტერნეტგვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტგვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.
  2. ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:
  • გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის;
  • გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.

სს „თიბისი ბანკს“ მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინტერნეტდომენები mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ მფლობელობაში არსებული დომენების tbcbank.ge, tbc.ge, tbcbank.com.ge, tbc.com.ge დომენების მსგავსს.

სს „თიბისი ბანკი“ მიუთითებს 2000 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმეზე N 3კ/589), რომლის შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დომენური სახელისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენების მართლზომიერება შეფასებულ უნდა იქნეს საქმიანი ბრუნვის ტრადიციებისა და უფლების განხორციელების მართლზომიერი საზღვრების გათვალისწინებით. აღნიშნული თვალსაზრისით, არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით ინტერნეტში დომენად დარეგისტრირდეს ნიშანი, რომელიც უკვე არსებული გარკვეული რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია. ასევე, არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული უკვე დარეგისტრირებული დომეინური სახელის სხვა პირის მიერ სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია და შემდეგში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების საფუძველზე დომეინის გამოყენების აკრძალვა.

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 7 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობა სს „თიბისი ბანკსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“.

კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხომაზე გამოცხადდნენ სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები ე. ეგუტია და გ.გოგშელიძე, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები ს.ბერიშვილი და ს.კიზირია.

კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა ე. ეგუტიამ დააზუსტა მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგნაერად: დაევალოს შპს კავკასუს ონლაინს ინტერნეტდომენების mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გაუქმება;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია განიხილავს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილ დავებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

სს „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს შპს „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელს, კერძოდ რეგისტრირებული აქვს დომენები: tbc.com.ge, tbc.ge, tbcbank.ge, tbcbank.com.ge.

კომისიის დადგენილების მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ინტერნეტგვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტგვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2017 წლის 28 სექტემბერს, 15:00 საათზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად უნდა ჩაერთოს ზურაბ მახარაშვილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტისა და 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს „თიბისი ბანკის“  საჩივრის განხილვის მიზნით;

2. ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩაერთოს მოქალაქე ზურაბ მახარაშვილი;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 28 სექტემბერს, 15.00 საათზე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) ინტერნეტში გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                   გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები