წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 622 / 20

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2017 15:31

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2017

შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს (წერილი N 16/2630-17) შპს „ტელეკომპანია კავკასიასგან“ გამოთხოვილ იქნა კომპანია „Eutelsat SA”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების სრული ვერსიის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. 2017 წლის 5 სექტემბერს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/6643–17) მიმართა შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ და წარმოადგინა კომპანია „Eutelsat SA“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“ ასევე მოითხოვა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფინანსური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება  არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიამ შეისწავლა შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ კომპანია „Eutelsat SA“-თან გაფორმებული ხელშეკრულება შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს კონკრეტული თანამგზავრული ოპერატორის მიერ მომსახურების გაწევის ტარიფებისა და პირობების შესახებ, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ ინტერესებს.   

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაკმაყოფილდეს შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ 2017 წლის 5 სექტემბრის Nშ6/6643–17 განცხადება და  კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ 2017 წლის 5 სექტემბრის Nშ6/6643–17 წერილით წარმოდგენილი კომპანია „Eutelsat SA“-სა               და შპს „ტელეკომპანია კავკასიას“ შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული N5619907 მომსახურების ხელშეკრულების პირველ გვერდზე ფინანსურ გარანტიაში მითითებული თანხა და მე-4 გვერდზე ანგარიშსწორების ნუსხა;

2. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია კავკასიისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეკომპანია კავკასიისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                    მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                ელისო ასანიძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები