წვდომის მენიუ

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 629 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2017 15:53

მიღების თარიღი სექტემბერი 21, 2017

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს,  რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ, რეგ. №2/8-24; ს.კ. №201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/6220-17, 21.08.17) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ობიექტებს შორის რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შერჩეული რადიოსიხშირული წყვილი 12786 მჰც ± 1.75 მჰც  და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც) გამოყენებულ უნდა იქნას მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) -კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა  და სუფსის ტერმინალი - ფოთი, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, მხოლოდ  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით  და  არ  უნდა  იქნას  გადაცემული  სხვა  პირზე.    

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ წარმოდგენილი აქვს  1996 წლის 8 მარტის საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული  ხელშეკრულება მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რომლის მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“, როგორც  საექსპორტო მილსადენის პროექტის  კონტრაქტორი, განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების  მე-5 მუხლის  5.1 და 5.3 პუნქტებისა  და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1637 ნებართვა  და მიენიჭოს 12786 მჰც ± 1.75 მჰც და 13052 მჰც ± 1.75 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 3.5 მჰც), მონაკვეთებზე: ახალი სამგორი (საქაჩი სადგური PS11) - რუსთავი; მუხრანი (PS13) - დუშეთი; დიდი ფლევი (PS15) - ქარელი; მანდაეთი (წნევის მარეგულირებელი სადგური PRS1) - კორბოული; ქვემო საქარა (PRS2) - თერჯოლა  და სუფსის ტერმინალი - ფოთი,  ერთი წლის ვადით - 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2018 წლის 22 სექტემბრამდე, მილსადენის ტექნიკურ სადგურებს შორის, შიდაუწყებრივი რადიოსარელეო კავშირისთვის,  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი)  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                    მ. ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ე. ასანიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები