შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2017 18:37
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2017
შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სილქნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის: N6/5795-17; 04.08.17) და მოითხოვა კომისიის თანხმობა შპს „მაიფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „ინექსფონთან“ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერებაზე. სს „სილქნეტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა საერთაშორისო სატესტო ზარები, რის შედეგად გამოვლინდა, რომ ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების მხრიდან შემომავალ ტრაფიკზე დაფიქსირდა შეუსაბამო ქმედებები, კერძოდ, საერთაშორისო „ა“ ნომრის შეცვლა ლოკალურ „ა“ ნომრად და ზარის მიმართვა ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილ არხში, ნაცვლად საერთაშორისო არხისა. სს „სილქნეტის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის მაისი-ივნისი-ივლისის თვეებში შპს „მაიფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „ინექსფონის“ მხრიდან სს „სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელებული სავარაუდო ფროდის წუთების რაოდენობა შემდეგნაირია: შპს „მაიფონი“ – 162,32 წთ (28 ივნისი - 1 ივლისის ჩათვლით); შპს „ფლაი ტივი“ – 260,24 წთ (29 ივნისი - 1 ივლისის ჩათვლით); შპს „ინტელფონი“ – 172,60 წთ (23 მაისი - 30 ივნისის ჩათვლით). სს ,,სილქნეტის“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სს ,,სილქნეტის“ 2016 წლის მოწვევის ოფერტის (რომლის შესაბამისად განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმება სს „სილქნეტსა“ და შპს „მაიფონს“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „ინექსფონს“ შორის) 9.10 პუნქტის შესაბამისად, ,,ყველა აქცეპტანტი (ურთიერთჩართული ავტორიზებული პირი), რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ზარის ოფერენტის ქსელში დასრულების (ტერმინაციის) მომსახურებით, ოფერენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გამოყოს და დააიდენტიფიციროს არხი (ტრანკი), რომელიც გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო ზარების ოფერენტის ქსელში დასასრულებლად. ამ არხის საშუალებით შემოსული ნებისმიერი ზარი ჩაითვლება საერთაშორისო ზარად და დაერიცხება შესაბამისი საფასური. ამავე ოფერტის 9.11. პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აქცეპტანტი საერთაშორისო ზარს განახორციელებს ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი ეროვნული ფორმატით ან/და ლოკალური ზარებისთვის განკუთვნილი არხებით, ოფერენტი უფლებამოსილია შეაჩეროს ტრაფიკის გატარება და საერთაშორისო ზარისთვის გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გარდა, დაარიცხოს აქცეპტანს ჯარიმა ასეთი ზარის ღირებულების (საერთაშორისო ზარის ტარიფით) ოცმაგი ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, აქცეპტანტი რეგრესის წესით აუნაზღაურებს ოფერენტს ყველა იმ დანახარჯს, საურავს, სანქციას, ჯარიმას, ზარალს, რომლის გადახდაც მოუწევს ოფერენტს სახელმწიფო ან კერძო სტრუტურებისთვის მის სისტემაში ასეთი ზარის გატარებისთვის და აღნიშნულის თაობაზე ეცნობება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სილქნეტს“ მიაჩნია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ფლაი ტივი“-ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების (№17-025), სს „სილქნეტსა“ და შპს „ინექსფონს“ შორის 2016 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების (№16-526), სს „სილქნეტსა“ და შპს „მაიფონს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№16-626) და სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის პირობების დარღვევას და ითხოვს აღნიშნული საკითხის შესწავლასა და განცხადებაში მითითებულ ავტორიზებულ პირებთან ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობას.
სს ,,სილქნეტის“ განცხადებას (№შ-6/5795-17; 04.08.2017) თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. სს ,,სილქნეტსა“ და შპს „მაიფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „ინექსფონთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ასლები; 2. CD განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ.
სს ,,სილქნეტის“ განცხადების საფუძველზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა შეისწავლა შპს „მაიფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „ინექსფონის“ მხრიდან სს „სილქნეტის“ ქსელში ადგილობრივი „ა“ ნომრით სავარაუდოდ საერთაშორისო ზარის დასრულების საკითხი. აღნიშნული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან (№შ-10/6467-17; 30.08.2017) ირკვევა, რომ:
- სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში 89 სატესტო ზარიდან მხოლოდ 4 სატესტო ზარს აქვს საშუალოდ 9 წმ-იანი ხანგრძლივობა (ერთი სატელეფონო ზარი შპს „ინექსფონიდან“ და სამი სატელეფონო ზარი, ერთი სააბონენტო ნომრიდან - შპს „ფლაი ტივი“-დან);
- კომპანიების მიერ წარმოდგენილ CDR-ების მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მაისი - ივნისი - ივლისის თვეში შპს „მაიფონისგან“, შპს „ფლაი ტივი“-სგან და შპს „ინექსფონისგან“ სს „სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელდა შემდეგი ოდენობის ზარები: შპს „მაიფონი“ - 149 წუთი; შპს „ფლაი ტივი“ - 227 წუთი; შპს „ინექსფონი“ - 88 წუთი;
- შპს „ფლაი ტივი“-ს სატელეფონო ნომრებიდან (706132110, 706132470 და 706132757) სატელეფონო ზარები განხორციელებული იქნა ივნისის თვეში სს „სილქნეტის“ გარდა, შპს „ლაგის“ გავლით, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ მიმართულებით. ეს სატელეფონო ნომრები იქედან გამომდინარე, რომ მასზე არ ხორციელდებოდა შემავალი ზარები არც მობილური და არც ფიქსირებული ქსელიდან არ იყო აქტიური. 2017 წლის 17 აგვისტოს, შპს „ფლაი-ტივის“ მიერ წარმოდგენილი იქნა აბონენტებთან ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულებები სამივე სატელეფონო ნომერზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6180-17);
- შპს „ინექსფონის“ სატელეფონო ნომრები 2046298, 2049515 აქტიური იყო ივნისის თვეში. ამ ნომრებიდან სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა გარდა სს „სილქნეტისა“, როგორც მობილური ოპერატორების ქსელში, ასევე შპს „ახალი ქსელების“ ქსელში. ასევე ამ ნომრებზე იყო განხორციელებული შემავალი ზარები მობილური ოპერატორების ქსელიდან. სატელეფონო ნომერიდან 2049361 არ განხორციელებულა არც შემავალი სატელეფონო ზარები და არც გამავალი სატელეფონო ზარები სხვა ქსელზე. 2017 წლის 24 აგვისტოს, შპს „ინექსფონმა“ წარმოადგინა აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები ზემოაღნიშნულ ნომრებზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6329-17);
- შპს „მაიფონის“ სატელეფონო ნომრიდან 2053674 ივლისის თვეში განხორციელდა სატელეფონო ზარები სს „სილქნეტის“ გარდა მობილური ოპერატორების ქსელში და ასევე ამ ნომერზე განხორციელდა შემავალი ზარები მობილური ოპერატორებიდან. ხოლო სატელეფონო ნომრებიდან 2054736 და 2195115 არ განხორციელებულა არც შემავალი სატელეფონო ზარები და არც გამავალი სატელეფონო ზარები სხვა ქსელზე. 2017 წლის 24 აგივსტოს, შპს „მაიფონმა“ წარმოადგინა აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები ზემოაღნიშნულ ნომრებზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6355-17).
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ სატესტო ზარის განმახორციელებელი სს „სილქნეტის“ პარტნიორი კომპანიის (Mediafon) და კომისიაში ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების დეტალურ ინფორმაციაზე (CDR-ების მონაცემები) დაყრდნობით შპს „ფლაი ტივი“-ს სააბონენტო ნომრიდან 706132110 და შპს „ინექსფონის“ სააბონენტო ნომრიდან 322044298 განხორციელებულ საერთაშორისო სატელეფონო ზარზე მოხდა „ა“ ნომრის ცვლილება და დასრულება სს „სილქნეტის“ ქსელში, როგორც ადგილობრივი სატელეფონო ზარი. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებით ბარათს თან ერთვის სატესტო ზარების შესახებ ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის მიზნით კომისიის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც სს „სილქნეტი“, შპს „ფლაი ტივი“ და შპს „მაიფონი“ გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის 17 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე, ხოლო შპს „ინექსფონს“ აღნიშნულის თაობაზე ეცნობა შეტყობინებით.
კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ იურისტი ნ. ნიჟარაძე, შპს „ინექსფონის“ დირექტორი რ. ახვლედიანი და კომპანიის იურისტი ა. კვახაძე, შპს „მაიფონის“ იურისტი თ. ხონელია და კომპანიის დირექტორი ქ. ჩლაიძე. კომისიის სხდომას, ასევე, ესწრებოდა შპს „ფლაი ტივის“ დირექტორი გ. ყურულაშვილი.
სს „სილქნეტის“ იურისტმა დაადასტურა 2017 წლის 4 აგვისტოს N3500/07-8 განცხადებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნა. ამასთან, აღნიშნა, რომ სს „სილქნეტი“ არ ითხოვს არცერთი კომპანიის სანქცირებას.
კომისიის სხდომაზე შპს „ინექსფონის“ დირექტორმა განაცხადა, რომ შპს „ინექსფონი“ პასუხისმგებლობით ეკიდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ ყველა რეგულიაციას და დადგენილი აქვს შიდა მკაცრი პირობები, კერძოდ, არასანქცირებული ზარების დასაცავად კომპანია მიმართავს შემდეგ ზომებს, რეგისტრაციისას და ნომრის აღებისას აბონენტებისგან ითხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან მის ასლს, აბონენტს აქვს 3 დღე იმისათვის რომ ატვირთოს კომპანიის ვებ გვერდზე (www.inexphone.ge) ზემოთ დასახელებული დოკუმენტები, იქამდე კი საუბრის ხანგრძლივობა შეზღუდულია 30 წამამდე. შესაბამისი დოკუმენტების მოუძიებლობის შემთხვევაში, გაცემული ნომერი იბლოკება. რ. ახვლედიანის განმარტებით, შპს „ინექსფონი“ იყენებს ძვირადღირებულ ევროპულ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (Kolmisoft), რომელიც პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნებს. რეგისტრირებულ ნომრებზე ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. პროგრამა ავტომატურად გზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებას, რომელიც მოწმდება და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება „ფროდი“ ნომრები იბლოკება. აღნიშნულის თაობაზე ეცნობებათ პარტნიორ კომპანიებს, ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში - სამართალდამცავ ორგანოებს.
შპს „ინექფონის“ დირექტორმა ასევე განმარტა, რომ კომისიის შეტყობინებით (N03/2733-17; 11.08.17) კომპანიისთვის ცნობილი გახდა, რომ სამი სააბონენტო ნომრიდან (2049515; 2046298; 2049361) განხორციელდა საერთაშორისო ზარის ტერმინაცია „ა“ ნომრის ცვლილებით სს „სილქნეტის“ ქსელში. აქედან ორ ნომერზე არ დაფიქსირებულა ისეთი აქტივობა, რომელიც შესაძლოა ფროდის სისტემას გამოევლინა, ვინაიდან, ზარი არ იყო ზოგადი სტატისტიკიდან ამოვარდნილი, ხოლო ერთი სააბონენტო ნომრის (2049361) ხანგძლივობა არ აღემატებოდა 30 წამს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში სისტემამ ავტომატურად დაბლოკა, ვინაიდან ვერ განხორციელდა აბონენტის იდენტიფიცირება. კომისიის შეტყობინების მიღებისთანავე შპს „ინექსფონის“ მიერ განხორციელდა სხვა ნომრების დაბლოკვაც და საკითხის სიღრმისეული შესწავლა, რის შედეგად გამოვლინდა, რომ სამივე ნომერზე ბალანსის შევსება განხორციელდა „ფეიფალიდან“ და საბანკო ბარათებით ერთი პიროვნების მიერ (ვ. სტაროვოიტოვი). აღნიშნულ პიროვნებასთან, შპს „ინექსფონის“ და შპს „ფლაი ტივი“-ს დირექტორების მიერ შედგა სატელეფონო საუბარი (ჩაწერილი CD), რომელმაც განმარტა, რომ ზარების გატარებაზე მიიღო დაკვეთა რუსული კომპანიიდან (https://gsm2.biz/contacts). შპს „ინექსფონის“ დირექტორმა დამატებით განაცხადა, რომ 23 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით აღნიშნული ქმედებებისგან მიღებულმა მოგებამ შეადგინა 42,12 ლარი, რაც ქმედების არაკომერციულობაზე მიუთითებს.
შპს „ფლაი ტივის“ დირექტორმა გ. ყურულაშვილმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ შპს „ფლაი ტივის“ შემთხვევაშიც, საერთაშორისო ზარის ,,ა“ ნომრის ცვლილება განხორციელდა ვ. სტაროვოიტოვის მიერ. გ. ყურულაშვილის განცხადებით, შპს „ფლაი ტივი“-ს ქსელის დაცულობა უზრუნველყოფილია თანამედროვე პროგრამებით, რითაც შესაძლებელია არასანქცირებული დაშვების აღმოჩენა. მისი განმარტებით, სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული ნომრების დაბლოკვა მოხდა შპს „ფლაი ტივი“-ს მიერ, სს „სილქნეტს“ არ მიუმართავს კომპანიისთვის აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად, რითაც სს „სილქნეტის“ მხრიდან დარღვეულ იქნა მოწვევის ოფერტის 9.8 და 9.9 პუნქტები.
2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე, შპს „მაიფონის“ იურისტმა განმარტა, რომ შპს „მაიფონს“ არ აქვს დარღვეული სს „სილქნეტთან“ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არცერთი პირობა. შპს „მაიფონში“ დანერგილია უახლესი ფროდის საწინააღმდეგო მექანიზმები. სავარაუდო ფროდის განმახორციელებელი პირების გამოვლენის მიზნით, კომისიის შეტყობინების მიღებიდან, რამოდენიმე დღეში შპს „მაიფონმა“ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (24.08.2017). შპს „მაიფონი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ქსელის მფლობელ თითქმის ყველა ოპერატორთან და ზედმიწევნით იცავს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თ. ხონელიამ ასევე განაცხადა, რომ სს „სილქნეტის“ მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის მოწვევის ოფერტის 9.8 პუნქტში გაწერილია, რომ „ოფერენტი“ და „აქეცეპტანტი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაიცავენ საკუთარი ქსელის ინტეგრაციას და უსაფრთხოებას, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით დანერგავენ მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო მომსახურებაში თაღლითური ქმედების („ფროდის“) ეფექტურ აღმოჩენას და დრულად რეაგირებას. ამავე დროს, მხარეები თანხმდებიან, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ ამ პუნქტით გათვალისწინებული ორმხრივი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული მოთხოვნა, შპს „მაიფონის“ იურისტის განმარტებით, დარღვეულ იქნა სს „სილქნეტის“ მიერ, ვინაიდან, სავარაუდო „ფროდის“ თაობაზე კომპანიისთვის ცნობილი გახდა კომისიის შეტყობინებით.
თ. ხონელიამ კომისიის სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, დაუშვებელია ურთიერთჩართვის შეწყვეტა. კანონის თანახმად შესაძლებელია მოქმედი ურთიერთჩართვის დროებითი შეჩერება, რის საფუძველსაც ურთიერთჩართულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა წარმოადგენს. შპს „მაიფონის“ იურისტის განმარტებით, სს „სილქნეტს“ ურთიერჩართვის შეჩერების მოთხოვნასთან ერთად უნდა მიეთითებინა ხელშეკრულების პირობა, რომელიც ირღვევა „აქცეპტანტის“ მიერ და დაესახელებინა შესაბამისი ქმედება, რის შედეგადაც განახლდება ურთიერთჩართვა.
კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე, შპს „ინექსფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „მაიფონის“ წარმომადგენლების მიერ აღნიშნულ იქნა, რომ მოცემული მომენტისთვის, ყველა საეჭვო ნომერი დაბლოკილია კომპანიების მიერ. თითოეულ მათგანს გააჩნია ფროდთან ბრძოლის თანამედროვე მექანიზმები და კომპანიები მზად არიან თანამშრომლობისთვის, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებთან.
2017 წლის 31 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, შპს „ფლაი ტივი“-ს დირექტორმა იშუამდგომლა სატესტოს ზარების განმახორციელებელი კომპანიის (Mediafon) ინფორმაციაში მითითებული კომპანიების მიერ (ALTMEDIA, BTS, AVYS და OTEGLOBE) განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ ოფიციალურად დადასტურებული საბილინგო ინფორმაციის წარმოდგენა სს „სილქნეტის“ მიერ, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვის შესახებ საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 21 სექტემბერს, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე კანონის შესაბამისად.
2017 წლის 19 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა სს „სილქნეტის“ N4309/07-8 წერილი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ სს „სილქნეტმა“ მიმართა კომპანია მედიაფონს და მოითხოვა მესამე მხარის წერილობითი დასტური სატესტო ზარების განხორციელების თაობაზე, რასთან დაკავშირებით კომპანია მედიაფონისგან მიიღო უარი, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის პარტნიორი ოპერატორები, რომლებთანაც მედიაფონი თანამშრომლობს სხვადასხვა სახის ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, არ არიან ინფორმირებულები სატესტო ზარების განხორციელების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ სატესტო ზარების შედეგად ხდება არამართლზომიერი ქმედებების გამოვლენა და აღნიშნულის თაობაზე ოპერატორების ინფორმირება აზრს დაუკარგავს სატესტო ზარების განხორციელების მიზანსა და დანიშნულებას.
შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვა გაგრძელდა კომისიის 2017 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სს „სილქნეტის“ იურისტები კ. ყურაშვილი და ნ. ნიჟარაძე, შპს „ინექსფონის“ დირექტორი რ. ახვლედიანი და კომპანიის იურისტი ა. კვახაძე, შპს „მაიფონის“ იურისტი თ. ხონელია და კომპანიის დირექტორი ქ. ჩლაიძე. კომისიის სხდომას, ასევე, ესწრებოდა შპს „ფლაი ტივის“ დირექტორი გ. ყურულაშვილი.
სს „სილქნეტის“ იურისტმა უცვლელად დატოვა მოთხოვნა და განმარტა, რომ სს „სილქნეტში“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა „ფროდთან“ ბრძოლა, რის გამოც სს „სილქნეტი“ 2014 წლიდან ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს კომპანია მედიაფონთან, რომელიც უზრუნველყოფს სატესტო ზარების განხორციელებას სავარაუდო ფროდის გამოვლენის მიზნით. 2014 წლიდან სს „სილქნეტის“ მიერ ყოველთვის ხდებოდა მედიაფონისგან წერილობითი დადასტურების წარმოდგენა განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ და აღნიშნული არც ერთხელ არ გაუხდია მხარეს სადაო.
2017 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე შპს „ინექსფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „მაიფონის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კომპანიების მხრიდან ყველა ზომა იქნა მიღებული ქსელის დასაცავად და უსაფრთხოებისთვის, არცერთი კომპანიის ბრალეული ქმედება არ უდევს საფუძვლად სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული ნომრებიდან ტრაფიკის გატარებას და კომპანიების მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის ნორმების გათვალისწინებით, შპს „ინექსფონს“, შპს „მაიფონს“ და შპს „ფლაი ტივი“-ს მიაჩნიათ, რომ სს „სილქნეტის“ მოთხოვნა მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2017 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ განმარტა, რომ 2017 წლის 3 ივლისიდან სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული ნომრებიდან სს „სილქნეტის“ ქსელში შემომავალი სატელეფონო ზარები აღარ ფიქსირდება.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებები:
- სს „სილქნეტის“ განცხადება (№შ-6/5795-17; 04.08.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/6467-17; 30.08.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
- სს „სილქნეტის“ მიერ 2017 წლის 23 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილი განცხადება N6/6279-17 პარტნიორი კომპანიიდან (Mediafon) სატესტო ზარების განხორციელების შესახებ ოფიციალური ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- შპს „მაიფონის“ მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილი წერილი N6/6355-17 თანდართული მასალით: სააბონენტო განცხადებები; ელექტრონულ ფორმატში აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზვნილი მიმართვა;
- შპს „ინექსფონის“ მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილი წერილი N6/6329-17 აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლებით;
- შპს „ფლაი ტივი“-ს მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს კომისიაში წარმოდგენილი განცხადება N6/6180-17 აბონენტებთან ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულების ასლებით;
- სს „სილქნეტის“ და შპს „მაიფონის“, შპს „ფლაი ტივის“, შპს „ინექსფონის“ შესახებ მონაცემები ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- 2017 წლის 6 სექტემბერს, შპს „ინექსფონის“ მიერ კომისიაში გადმოგზავნილი შეპასუხება, თანდართული მასალით: ვლადიმერ სტარავოიტოვთან დამყარებული სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებეულებები (CD), სს „თიბისი ბანკის“ და „ფეიფალის“ ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტები (კომისიაში რეგისტრაციის: N6/6671-17; 06.09.17);
- სს „სილქნეტის“ მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის“ N6/7099-17; 19.09.17);
- კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის მიერ კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს და 21 სექტემბრის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
- სს „სილქნეტის“, შპს „ფლაი ტივი“-ს, შპს „ინექსფონის“ და შპს „მაიფონის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს და 21 სექტემბრის სხდომებზე.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. სს ,,სილქნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა, პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა და სხვ.);
2. შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურბა, ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სოსტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება და სხვა);
3. შპს „ფლაი ტივი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 22.08.2016; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურბა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსით უზრუნველყოფა);
4. შპს „ინექსფონი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურბა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსით უზრუნველყოფა);
5. სს „სილქნეტმა“ კომისიას მომართა 2017 წლის 4 აგვისტოს, შპს „ფლაი ტივის“-თან, შპს „ინექსფონთან“ და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების მოთხოვნით, 2017 წლის მაისი-ივნისი-ივლისის თვეებში შპს „მაიფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „ინექსფონის“ მხრიდან სს „სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელებული სავარაუდო ფროდის გამო. სს „სილქნეტს“ არ დაუკონკრეტებია რა ვადითა და პირობებით უნდა მოხდეს ურთიერთჩართვის შეჩერება;
6. 2017 წლის მაისი - ივნისი - ივლისის თვეში, სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული სატელეფონო ნომრებიდან, შპს „მაიფონისგან“, შპს „ინექსფონისგან“ და შპს „ფლაი ტივი“-სგან განხორციელდა შემდეგი ოდენობის ზარები: შპს „მაიფონი“ - 149 წუთი; შპს „ფლაი ტვ“ - 227 წუთი; შპს „ინექსფონი“ - 88 წუთი;
7. 2017 წლის 30 ივნისს 19:14:18 საათზე და 2017 წლის 1 ივლისს 19:31:03 და 00:59:12 საათზე, შპს „ფლაი ტივი“-ს სააბონენტო ნომრიდან - 706132110 განხორციელებულ საერთაშორისო სატელეფონო ზარზე მოხდა „ა“ ნომრის ცვლილება და დასრულება სს „სილქნეტის“ ქსელში, როგორც ადგილობრივი სატელეფონო ზარი; 2017 წლის 2 ივლისს 00:45:17 საათზე, შპს „ინექსფონის“ სააბონენტო ნომრიდან 322044298 განხორციელებულ საერთაშორისო სატელეფონო ზარზე მოხდა „ა“ ნომრის ცვლილება და დასრულება სს „სილქნეტის“ ქსელში, როგორც ადგილობრივი სატელეფონო ზარი;
8. სს „სილქნეტს“ არ მიუმართავს შპს „ფლაი ტივი“-სთვის, შპს „ინექსფონისთვის“ და შპს „მაიფონისთვის“ მათი სატელეფონო ნომრებიდან სავარაუდო ფროდის განხორციელებასთან დაკავშირებით;
9. კომისიის შეტყობინების მიღებისთანავე (11.08.2017), შპს „ინექსფონმა“ და შპს „ფლაი ტივი“-მ დაიწყეს საკითხის შესწავლა მათი სააბონენტო ნომრებიდან სავარაუდო ფროდის განმახორციელებელი პიროვნების გამოვლენისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით. 2017 წლის 6 სექტემბერს, შპს „ინექსფონმა“ და შპს ,,ფლაი ტივი“-მ კომისიაში წარმოადგინეს ვ. სტაროვოიტოვის მიერ განხორციელებული სააბონენტო გადასახადის გადახდების საბანკო ამონაწერები და მათი განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებასთან შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერები (ჩაწერილი CD), რომელმაც განმარტა, რომ ზარების გატარებაზე მიიღო დაკვეთა რუსული კომპანიიდან (https://gsm2.biz/contacts);
10. შპს „მაიფონმა“ 2017 წლის 24 აგვისტოს წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სს „სილქნეტის“ განცხადებასთან (კომისიაში რეგისტრაციის: N6/5795-17, 04.08.17) დაკავშირებით, სავარაუდო ფროდის განმახორციელებელი პირების გამოვლენის მიზნით, გამოძიების დაწყების თხოვნით;
11. 2017 წლის 3 ივლისიდან სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებულ შპს „ინექსფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „მაიფონის“ ნომრებიდან, სს „სილქნეტის“ ქსელში შემომავალი ზარები აღარ ფიქსირდება.
IV. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ე) ქვეპუნქტის თანახმად, შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული და შესწავლილი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 4 აგვისტოს, სს „სილქნეტმა“ მომართა კომისიას და მოითხოვა შპს „ფლაი ტივი“-სთან, შპს „ინექსფონთან“ და შპს „მაიფონთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება, მითითებული კომპანიების მიერ 2017 წლის მაისი-ივნისი-ივლისის თვეებში სს „სილქნეტის“ მიმართულებით განხორციელებული სავარაუდო ფროდის გამო, თუმცა სს „სილქნეტს“ არ მიუთითებია, თუ რა ვადით და რა პირობით ითხოვს კომპანია ავტორიზებულ პირებთან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებას. სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციის (CDR) და შპს „ინექსფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „მაიფონის“ სააბონენტო ნომრებიდან განხორციელებული ზარების ოდენობისა და ხანგრძლივობის ანალიზი ცხადყოფს, რომ სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებულ სატელეფონო ნომრებზე არ დაფიქსირებულა ისეთი აქტივობა (ტრაფიკი), რომელიც შესაძლოა ფროდის სისტემას საეჭვო ზარად მიეჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ ზარები არ იყო ზოგადი სტატისტიკიდან ამოვარდნილი და ჰგავდა რიგითი აბონენტის ქცევას (გარდა შპს „ინექსფონის“ ერთი სააბონენტო ნომრისა - 2049361, რომელსაც არ ჰქონია 30 წამზე მეტი ხანგძლივობა და სისტემამ ავტომატურად დაბლოკა რეგისტრაციიდან სამი დღის შემდეგ, რადგან ვერ განხორციელდა აბონენტის იდენტიფიცირება). დავის განხილვის დროს არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომლის აღსაკვეთად/შესასრულებლად აუცილებელი გახდებოდა გარკვეული ვადით და პირობით ავტორიზებულ პირებთან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერება. სს „სილქნეტის“ განცხადებაში მითითებული ნომრების დაბლოკვა განხორციელდა თვითონ კომპანიების მიერ და არა სს „სილქნეტის“ მხრიდან (სს „სილქნეტს“ არ მიუმართავს არცერთი კომპანიისთვის) და სს „სილქნეტის“ მიერ კომისიისთვის მომართვამდე 1 თვე ე.წ ფროდი არ ფიქსირდებოდა (3 ივლისისდან სს „სილქნეტის“ ქსელში აღნიშნული ნომრებიდან სატელეფონო ზარები აღარ ფიქსირდება). კომისიიდან შეტყობინების (11.08.2017) მიღებისთანავე, შპს „ინექსფონმა“, შპს ,,ფლაი ტივი“-მ და შპს „მაიფონმა“ მათი სააბონენტო ნომრებიდან სავარაუდო ფროდის განმახორციელებელი პიროვნების გამოვლენის მიზნით მიმართეს შესაბამის ზომებს, გამოთქვეს მზადყოფნა სს „სილქნეტის“ მოწვევის ოფერტის 9.11 პუნქტით გათვალისწინებული ტარიფის დარიცხვის გადახდაზე და ყოველმხრივ თანამშრომლობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ერთეულ შემთხვევას, რომელთა შედეგად განხორციელებული ზარების ოდენობა მნიშნვნელოვნად მცირეა განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც კომისიამ მიიღო ურთიერთჩართვის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სს „სილქნეტთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების შემთხვევაში, შპს „ინექსფონის“, შპს „ფლაი ტივი“-ს და შპს „მაიფონის“ აბონენტები ვერ მიიღებენ სრულფასოვან მომსახურებას, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტსა“ და შპს „ინექსფონს“, შპს „ფლაი ტივი“-სა და შპს „მაიფონს“ შორის ურთიერჩართვა არ უნდა შეჩერდეს. ამასთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მათიკომპეტენციის ფარგლებში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ განცხადება (N3500/07-8) შპს „ინექსფონთან“, შპს „მაიფონთან“ და შპს „ფლაი ტივის“-თან მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;
2. ადმინისტრაციული წარმოების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, მათი კომპეტენციის ფარგლებში, გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ,,სილქნეტისთვის“, შპს „ინექსფონისთვის“, შპს „ფლაი ტივისთვის“ და შპს ,,მაიფონისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამოწმებული ასლების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს ,,სილქნეტისთვის“, შპს „მაიფონისთვის“, შპს „ფლაი ტივისთვის“ და შპს „ინექსფონისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
