წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 653 / 22

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 10, 2017 13:16

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების აობაზე

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ“ (შემდგომში „კომისია“) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარმოადგინა კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესი, რომელიც ითვალისწინებს კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში საჯარო კონკურსისა და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს დანართის სახით წარმოდგენილი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესი“;

2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესი“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

„დამტკიცებულია“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22  გადაწყვეტილებით 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში  კონკურსის ჩატარების წესი 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში  „კომისია“) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, აგრეთვე საკონკურსო კომისიის (შემდგომში „საკონკურსო კომისია“) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს. 

მუხლი 2. კონკურსის არსი

1. კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისიის აპარატის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობoს დადგენის გზით საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. 

2. კონკურსის სახეებია საჯარო კონკურსი და გამარტივებული საჯარო კონკურსი.

3. კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, კანდიდატი კომისიის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა საჯარო კონკურსის საფუძველზე.

4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის კანდიდატი შეირჩევა გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე. კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს დასაქმებულის  საჯარო კონკურსის წესით შერჩევა.

5. კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, საშტატო ნუსხით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი შეიძლება შეირჩეს კომისიაში დასაქმებულთაგან დაწინაურების, გადაყვანის ან როტაციის გზით,  ან  გამოცხადდეს საჯარო კონკურსი.

6. საშტატო ერთეულებზე ვაკანტური თანამდებობისთვის ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიის თავმჯდომარე, ასევე, უფლებამოსილია განსაზღვროს სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თითოეული თანამდებობისთვის. 

მუხლი 3. კონკურსის პრინციპები

კონკურსის პრინციპები ეფუძნება: კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის და საყოველთაოდ აღიარებულ სხვა პრინციპებს. 

მუხლი 4. კონკურსის მიზანი და ამოცანები

1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა.

2. კონკურსის ამოცანებია:

ა)  კომისიის აპარატში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ბ)  ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და კომისიის აპარატში დასაქმების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

გ) საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე. 

მუხლი 5. კონკურსის გამოცხადების წესი

1. კომისიაში  თანამდებობის დასაკავებლად საჯარო ან გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.

2. საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის დასაკავებლად.

3. გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება დამხმარე და არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმების მიზნით.

4. შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, კომისია უფლებამოსილია გამოაცხადოს საჯარო კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

5. კონკურსი საჯაროდ ცხადდება კომისიის ვებ-გვერდზე, კომისიის სოციალურ ქსელებში, ასევე შესაბამის ვებგვერდ(ებ)ზე. კომისია უფლებამოსილია განცხადება, ასევე, განათავსოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

6. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება წარმოებს არანაკლებ ათი სამუშაო დღის განმავლობაში. 

7. ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების წარდგენა წარმოებს ელექტრონულად.

8. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურებს კომისია. 

მუხლი 6. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება

1. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს:

ა)  ვაკანტური თანამდებობის დასახელებას;

ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

გ) ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაოს აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს;

დ) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ;

ე)  აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას;

ვ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის  შესახებ;

ზ) საკონკურსო კომისიის მისამართს;

თ) ინფორმაციას კონკურსის ეტაპების შესახებ;

ი) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას და ფორმას.

2. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კონკურსის შესახებ განაცხადში აისახოს  კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც. 

3. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი. კომისიის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება აცნობოს კანდიდატებს. 

მუხლი 7. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა

1. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია საჯარო კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისთვის.

2. საჯარო კონკურსის შესახებ განაცხადში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს ახალი კონკურსის გამოცხადებას.

3. კომისიის ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ვალდებულია არსებითი ცვლილებისა და საჯარო კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანამდე. ასეთ შემთხვევაში კანდიდატს ახალი განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა. 

მუხლი 8. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

საჯარო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. 

მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვის  ერთეულის  უფლება-მოვალეობები

1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.

2. ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის უფლება-მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება შესაბამის ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში;

ბ) საკონკურსო კომისიის დავალებით, დაადგინოს კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან (ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შესაბამისობა;

გ) განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგები ანგარიშის სახით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დასტურდება საკონკურსო კომისიის წევრების ხელმოწერით.

დ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 10. კანდიდატის უფლება-მოვალეობები

1. კანდიდატის უფლება-მოვალეობებია:

ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი;

ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში კომისიის მიერ განაცხადის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) კომისიას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) მოითხოვოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.;

ე) გაასაჩივროს კონკურსის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. 

მუხლი 11. საკონკურსო კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა

1. საჯარო კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად კომისიაში იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, თითოეული ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. კომისიის თავმჯდომარე ბრძანებით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს კომისიის ერთ-ერთ წევრს, ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.

3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის საკონკურსო კომისიის სამდივნო ხმის უფლების გარეშე.

4. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი, იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, კომისიის აპარატში დასაქმებულთა პროფკავშირის (არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელი, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის კომისიასთან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია შევიდეს კომისიის წევრი ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, როგორც წესი, უნდა იყოს უფრო მაღალი რანგის დასაქმებული, ვიდრე გამოცხადებული კონკურსით დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობაა.

6. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე საკონკურსო კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას.

7. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.

8. კონკურსის ჩატარების ორგანიზების მიზნით კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო. 

მუხლი 12. საკონკურსო კომისიის წევრის აცილება

1. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია წინასწარ, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე,  განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია წერილობით განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული საკონკურსო კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, საკონკურსო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. 

მუხლი 13. საკონკურო კომისიის საქმიანობა

1. საკონკურსო კომისია:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონკურსის პირობების, ჩატარების გრაფიკის, კანდიდატის შეფასების მეთოდებისა და ფორმების შესახებ;

ბ) უფლებამოსილია დაადგინოს შეფასების ეტაპები, თითოეული ეტაპისათვის შეფასების ფორმები და კრიტერიუმები. საკონკურსო კომისია, ასევე, უფლებამოსილია დაადგინოს კანდიდატის შეფასების  შუალედური ეტაპ(ებ)ი;

ბ) აფასებს კანდიდატებს მის მიერ განსაზღვრული წესით;

გ) იღებს საკონკურსო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს ამ წესის შესაბამისად. 

2. საკონკურსო კომისია უფლებაუნარიანია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით.

3. კანდიდატის შეფასების თაობაზე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზეც. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან (მათ შორის სასურველ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან).

5. კონკურსის ყველა ეტაპზე საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებული, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი.

6. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, ზეპირი/წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, ასევე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას.

7. საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის  სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

8. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

9. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

10. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ წარედგინება კომისიის თავმჯდომარეს კონკურსის (შერჩევის) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

11. საკონკურსო კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.

12. საკონკურსო კომისიის სამდივნოს უფლება-მოვალეობებია:

ა) კონკურსის ჩატარების ორგანიზება საკონკურსო კომისიის მიერ განსაზღვრული წესით;

ბ) საკონკურსო კომისიის ოქმებისა და შესაბამისი ოქმების რეესტრის წარმოება;

გ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებების ამსახველი ოქმებიდან ამონაწერის მომზადება;

დ) საკონკურსო კომისიის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 14. კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმები და პირობები

1. კონკურსის ეტაპებია: 

ა) კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან (ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) შესაბამისობის დადგენა;

ბ) კანდიდატის შეფასება ამ წესითა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით;

გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

2. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.

3. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას. 

მუხლი 15. საჯარო კონკურსის პირველი ეტაპი

1. საჯარო კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას. 

2. საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, საკონკურსო კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული წარუდგენს საკონკურსო კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება საკონკურსო კომისიის წევრების ხელმოწერით.

4. საჯარო კონკურსის მომდევნო ეტაპამდე საკონკურსო კომისია ვალდებულია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/შესაბამისობის შესახებ.

5. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვისერთულმა უნდა გაუგზავნოს კანდიდატს ინფორმაცია/პასუხი მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზის განმარტებით. 

მუხლი 16.  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი

1. საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

2. კანდიდატის შეფასება მეორე ეტაპზე უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას.

3. კანდიდატის შეფასება შეიძლება მოხდეს:

ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით, ტესტირებით;

ბ) გასაუბრებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების გადამოწმებას;

4. საკონკურსო კომისია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3  პუნქტით  გათვალისწინებულ შეფასების მეთოდებს;

5. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

6. ამ მუხლის მე-3  პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

7. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა. 

მუხლი 17. საჯარო კონკურსის შედეგები

1. საკონკურსო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი დანიშნოს ვაკანტურ თანამდებობაზე ან დასაბუთებული უარი განაცხადოს შერჩეული კანდიდატის დანიშვნაზე.

3. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი საუკეთესო კანდიდატისთვის თანამდებობის შეთავაზების შემთხვევაში, თუ კანდიდატი თანამდებობის შეთავაზებაზე უარს განაცხადებს, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას იმავე კონკურსის ფარგლებში სხვა საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ.

4. საკონკურსო კომისია ხელახლა განიხილავს კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შემდეგი საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია დამატებით შეაფასოს კანდიდატები საუკეთესოს გამოვლენის მიზნით. შერჩევის შედეგები აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში და წარედგინება კომისიის თავმჯდომარეს.

5. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 

მუხლი 18.  საჯარო კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება

1. საჯარო კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი  განაცხადი;

ბ) საკონკურსო კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. 

მუხლი 19.  გამარტივებული საჯარო კონკურსი

1. კანდიდატი კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.

2. გამარტივებული კონკურსი ცხადდება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები შესაძლებელია შეირჩეს საჯარო კონკურსის წესით.

მუხლი 20გამარტივებული საჯარო კონკურსის ეტაპები

1. გამარტივებული კონკურსის ეტაპებია:

ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

2. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარტივებული კონკურსის ეტაპების გარდა, კანდიდატის შეფასებისათვის განსაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ განაცხადში. 

მუხლი 21გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარება

1. გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევის ეტაპი ტარდება კომისიის აპარატის  ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ.

2. განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას წინასწარ განსაზღვრული მეთოდით, ატარებს კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის თანდასწრებით.

3. გამარტივებული კონკურსის შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი ან კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირი,

4. გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი. 

მუხლი 22. საპრეტენზიო კომისია

1. შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის თავმჯდომარეს, მოადგილეს და წევრებს (მათ შორის მოწვეულ პირებს) განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.

4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საპრეტენზიო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე.

5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და საპრეტენზიო კომისიის დამსწრე წევრები.

8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან - წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან - გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

10. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება საპრეტენზიო კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო კომისიას.

11. საკონკურსო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ. 

მუხლი 23. კონკურსის შედეგების გასაჩივრება

კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს  კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები