შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 13, 2017 12:25
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2017
შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათისა (N10/7015-17, 15.09.17) და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/6162-17; 16.08.17) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ქეი ენდ ქეი“-ს კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2017 წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ამასთან, შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს კომისიაში წარმოსადგენი აქვს 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, რომელთა წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება კომპანიის რეგულირების საფასურის დავალიანება.
კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 28 სექტემბერს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/3166-17, 20.09.2017) ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2017 წლის 5 ოქტომბერს.
კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება (№03/3258; 29.09.2017) სხდომის გადადების თაობაზე გადაგზავნილ იქნა, როგორც კომპანიის იურიდიულ მისამართზე, ისე კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე ასევე, შეტყობინება შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page ).
შეტყობინების კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნით, ასევე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/7015-17; 15.09.17);
2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/6162-16.08.17);
3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს შესახებ მონაცემები;
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ 2015 წლის 11 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზურნველყოფა);
2. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
4. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2017 წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის ყოველწლიური გაანგარიშებები, რომელთა წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება რეგულირების საფასურის დავალიანება, ასევე, 2017 წლის იანვრის თვიდან აგივსტოს თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
6. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტი, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში 2017 წლის იანვრის თვიდან აგვოსტოს თვოს ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა;
3. უზრუნველყოს შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში 2017 წლის იანვრის თვიდან, აგვისტოს თვის ჩათვლით სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების კომისიაში წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტების) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის ბაზრის კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილს).
კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე