წვდომის მენიუ

შპს „კონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 697 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2017 15:35

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017

შპსკონექტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (Nშ-10/7800-17; 10.10.2017) თანახმად, შპს „კონექტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილიდან (N6/7740-17; 9.10.2017) გამოირკვა, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტებში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ,  შპს „კონექტის“ წილის 90% მფლობელმა დავით ოტიაშვილმა, წილის 1% მფლობელმა ნიკა ჯაგველაძემ და წილის 1% მფლობელმა არჩილ სურმავამ, სრულად დათმეს კუთვნილი წილები ალექსანდრე ოტიაშვილის (62%) და დავით რიკიაშვილის (30%) სასარგებლოდ. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა კანონდარღვევით, ვინაიდან წილის გაყიდვაზე თანხმობის მისაღებად შპს „კონექტს“ კომისიისთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტისა და 26-ე  მუხლის დარღვევის გამო. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 26 ოქტომბერი, რის შესახებ შეტყობინება (N03/3535-17; 18.10.2017) გაეგზავნა შპს „კონექტს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება (N03/3535-17; 18.10.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 20 ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „კონექტის“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (N03/3535-17; 18.10.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 20 ოქტომბერს (გზავნილის კოდი: AP01003506034; გაგზავნის თარიღი: 18.10.2017; ჩაიბარა: გ. შაყულაშვილმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კონექტის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.           გამოკვლეული მტკიცებულებები 

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-10/7800-17; 10.10.2017);
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კონექტის“ შესახებ ;
  3. კომისიის შეტყობინება (N03/3535-17; 18.10.2017) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: AP AP01003506034 ).

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები 

  1. შპს „კონექტი“ 2010 წლის 22 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება);
  2. შპს „კონექტი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. 2017 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით   შეიცვალა შპს „კონექტის“ დამფუძნებლები, კერძოდ, შპს „კონექტის“ წილის 90% მფლობელმა დავით ოტიაშვილმა, წელის 1% მფლობელმა ნიკა ჯაგველაძემ და წილის 1% მფლობელმა არჩილ სურმავამ, სრულად დათმეს კუთვნილი წილები ალექსანდრე ოტიაშვილის (62%) და დავით რიკიაშვილის (30%) სასარგებლოდ;
  4. შპს „კონექტს“ თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
  5. ზემოაღნიშნული ცვლილებების თაობაზე შპს „კონექტმა“ წერილობით აცნობა კომისიას  2017 წლის 9 ოქტომბრის Nშ-6/7740-17 წერილით;
  6. შპს „კონექტის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.     სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება;
  6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა; ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  9. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. 

შპს „კონექტის“ მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, თავისი წილის  გასხვისებით და წილების ცვლილების თაობაზე დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობით, დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტი და 26-ე მუხლი. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ავტორიზებული პირის   სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, შპს „კონექტი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. 

ამავდროულად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კონექტს“ უნდა დაევალოს  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის კომისიაში  წარმოდგენა, ხოლო კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს - შპს „კონექტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. 

V.    სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  და გ) ქვეპუნქტების, 26-ე და 27-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შპს „კონექტს“ მიეცეს გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „კონექტს“ წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების კომისიაში წარმოდგენა.   შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარის“ წილის შეძენის ფორმა.  შეტყობინება აგრეთვე  უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას  შპს „კონექტის“ წილის შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი) შპს „კონექტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კონექტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „კონექტისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „კონექტისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „კონექტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე 

 კომისიის წევრი                                                               მერაბ ქათამაძე

                                                                                               

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები