წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 698 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2017 15:39

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017

შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8054-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს.   აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, შპს „ტელეკომპანია ეგრისი“ თავის სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შპს „ტელეკომპანია ეგრისს“ კომისიაში ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე.  აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელეკომპანია ეგრისს“ გაეგზავნა  შეტყობინება (N03/3569-17;20.10.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/3569-17;20.10.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 24 ოქტომბერს.

2017 წლის 24 ოქტომებრს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეკომპაია ეგრისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8250-17; 24.10.2017), რომლის თანახმად, კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომას შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წარმომადგენელი ვერ დაესწრება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხის შესწავლა შესაძლებელია დასწრების გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (03/3569-17; 20.10.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 24 ოქტომბერს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეკომპანი ეგრისის“ დაუსწრებლად.

II.   გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8054-17, 17.10.2017);
  2. შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8250-17; 24.10.2017);
  3. შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შს „ტელეკომპანია ეგრისი“ 2015 წლის 14 ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (კერძოდ: მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-229);
  2. შპს „ტელეკომპანია ეგრისი“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და ავტორიზაციის პირობების დარღვევას წარმოადგენს;
  3. შპს „ტელეკომპანია ეგრისს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის არ დაკისრებია.

IV.  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „ტელეკომპანია ეგრისის“  მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები  და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

  1. მიეცეს გაფრთხილება  შპს „ტელეკომპანია ეგრისს“ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების  შეუსრულებლობის გამო;
  2. დაევალოს შპს „ტელეკომპანია ეგრისს“ 2018 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელეკომპანია ეგრისისთვის“ ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები