წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 699 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 01, 2017 15:41

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017

შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8055-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანიაქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს.   აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ თავის სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიაში ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ გაეგზავნა  შეტყობინება (N03/3563-17, 20.10.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/3563-17, 20.10.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 23 ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კიკალეიშვილი და გენერალური პროდიუსერი ქეთვან მიქანაძე.

 შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი კიკალეიშვილმა აღნიშნა, რომ ორი კვირაა რაც გადაიბარა აღნიშნული არხი და ამ ეტაპზე ახორციელებს რებრენდინგს. ასევე, აღნიშნა, რომ ეხლა იწყებენ საქმიანობას და უახლოეს პერიოდში მოიყვანენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში პროგრამებს.

გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8055-17, 17.10.2017);
  2. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  3. „შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის პირველი სექტემბრის N606/18 გადაწყვეტილება;
  4. კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/8295-17; 26.10.2017);
  5. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/8296-17, 26.10.2017);
  6. შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი კიკალეიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე.

II.           კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“ 2015 წლის 15 ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (კერძოდ: მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ავტორიზაციის ნომერი: BR-998);
  2. შპს „ტელეკომპანიაქართული არხი“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და ავტორიზაციის პირობების დარღვევას წარმოადგენს;
  3. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კომისიის 2016 წლის პირველი სექტემბრის N606/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის. კერძოდ, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ მიეცა გაფრთხილება  „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის  პირობების შეუსრულებლობის გამო.

III.  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“  მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას და იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კომისიის 2016 წლის პირველი სექტემბრის N606/18 გადაწყვეტილებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის  პირობების შეუსრულებლობის გამო, მიეცა გაფრთხილება და ამ გადაწყვეტილებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილ იქნა იგივე სამართალდარღვევა, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა  ჯარიმის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტელეკომპანია ქართული არხის“ წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით.  

IV.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების  შეუსრულებლობის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია ქართულმა არხმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ 2018 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანიაქართული არხისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელეკომპანია ქართული არხისთვის“  ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტელეკომპანიაქართული არხისთვის“ ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-5, მე-8 და  მე-9 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები