ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2017 12:22
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017
ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8058-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“, თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრ ჯიხას“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2017 წლის 27 ოქტომბერის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ წარმომადეგნელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის დანიშვნის თაობაზე კომპანიას 2017 წლის 25 ოქტომბერს ჩაბარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8058-17, 17.10.2017);
- ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- კომისიის 2017 წლის 9 მარტის N155/3 გადაწყვეტილება „ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ მაუწყებლობის განახლების თაობაზე“;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ივანე მახარაძეს ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე.
IV. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“ წარმოადგენს კერძო, საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2017 წლის 1 მარტიდან (ავტორიზაციის NBR-269; ავტორიზაციის აღდგენის თარიღი:01.03.2017);
- კომისიის 2017 წლის 9 მარტის N155/3 გადაწყვეტილებით - „ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ მაუწყებლობის განახლების თაობაზე“, ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრ ჯიხას“ განუახლდა მაუწყებლობა, შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2017 წლის 13 მარტი; თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
- ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და ავტორიზაციის პირობების დარღვევას წარმოადგენს;
- ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრ ჯიხას“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
V. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
გამომდინარე იქედან, რომ ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“ არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ახალ ამბებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და კომისიის 2017 წლის 9 მარტის N155/3 გადაწყვეტილების - „ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ მაუწყებლობის განახლების თაობაზე“ პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.
VI. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2017 წლის 9 მარტის N155/3 გადაწყვეტილების - „ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ მაუწყებლობის განახლების თაობაზე“ პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრ ჯიხას“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები და კომისიის 2017 წლის 9 მარტის N155/3 გადაწყვეტილების - „ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხას“ მაუწყებლობის განახლების თაობაზე“ პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შეუსრულებლობის გამო;
2. დაევალოს ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრ ჯიხას“ 2018 წლის პირველ იანვრამდე მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობაში (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება) მოყვანა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
