წვდომის მენიუ

შპს „ფოთი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 702 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2017 18:52

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017

შპს ფოთი ტვ-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8048-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფოთი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს.   აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის შპს „ფოთი ტვ“-ი (ბრენდული სახელი - რადიო „ჰარმონია“), თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ფოთი ტვ“-ის  გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2017 წლის 27 ოქტომბერის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ფოთი ტვ“-ის  წარმომადეგნელი,  მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება სხდომის დანიშვნის თაობაზე კომპანიას 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ფოთი ტვ“-ის   წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8048-17, 17.10.2017);
  2. შპს „ფოთი ტვ“-ის შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ივანე მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის კომისიის სხდომაზე.

IV. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ფოთი ტვ“ წარმოადგენს კერძო, საერთო რადიომაუწყებელს  2006  წლის  3 თებერვლიდან (NB47 ლიცენზია);
  2. შპს „ფოთი ტვ“  2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევას წარმოადგენს;
  3. შპს „ფოთი ტვ“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

 V. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  2. კომისიის 2012 წლის 6 ივლისის N461/6 გადაწყვეტილებით - „შპს „ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ“ გაუგრძელდა მოქმედების ვადა შპს „ფოთი ტვ“-ის NB47 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო რადიომაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. 

გამომდინარე იქედან, რომ შპს „ფოთი ტვ“-ი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 6 ივლისის N461/6 გადაწყვეტილებით - „შპს „ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ“ გათვალისწინებული სალიცენზიო მოთხოვნები. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  კომისიას მიაჩნია, რომ შპს  „ფოთი ტვ“-ის  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.

VI. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 6 ივლისის N461/6 გადაწყვეტილების - „შპს „ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ“  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება  შპს „ფოთი ტვ“-ის „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2012 წლის 6 ივლისის N461/6 გადაწყვეტილების - „შპს „ფოთი ტვ“-ის მაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ“  დარღვევის გამო;

2. დაევალოს შპს „ფოთი ტვ“-ის 2018 წლის 1 იანვრამდე  მის მიერ გადაცემული პროგრამების ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობაში (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება) მოყვანა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ფოთი ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ფოთი ტვ“-ისთვის  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს  „ფოთი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები