შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2017 11:01
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017
შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8046-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელიი ტელე-რადიოკომპანია ოდიშისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“, თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე; აღნიშნულის თაობაზე, შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიოკომპანია ოდიშს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2017 წლის 26 ოქტომბერს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ გენერალურმა დირექტორმა დ.გრიგოლიამ კომისიას წერილობით (შ-6/8297017) მომართა, აღიარა დარღვევის ფაქტი და აცნობა, რომ კომპანიის წარმომადგენელი არ დაესწრებოდა კომისიის სხდომას.
2017 წლის 26 ოქტომბერის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ წარმომადგნელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამდენად, კომისია უფლებამოსილი იყო მხარის დასწრების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8046-17, 17.10.2017);
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N621/2 გადაწყვეტილება;
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ გენერალური დირექტორის დ.გრიგოლიას 2017 წლის 26 ოქტომბრის Nშ-6/8297-17 წერილი.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ წარმოადგენს კერძო, საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს 2015 წლის 14 ივლისიდან (ავტორიზაციის NBR-29);
- კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N621/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია ოდიშის“ საავტორიზაციო პირობას წარმოადგენს: 1. მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; 2. მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; 3. მაუწყებლობის ქვესახეობა საერთო ტელემაუწყებლობა;
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და ავტორიზაციის პირობების დარღვევას წარმოადგენს;
- შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, კომპანიის მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, აგრეთვე კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N621/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საავტორიზაციო პირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 71-ე მუხლის, კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N621/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიოკომპანია ოდიშს“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N621/2 გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშს“ 2018 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიშისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
