შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 15, 2017 18:32
მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2017
შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8045-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის შპს „ჰამბურგი“ (ბრენდული სახელწოდება - „რადიო შოკოლადი“), თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.
საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „ჰამბურგს“ გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2017 წლის 26 ოქტომბერის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ჰამბურგის“ იურისტი თ.კაკულია და კომპანიის ფინანსური დირექტორი კ.ტარახჩევი. მათ აღიარეს დარღვევის ფაქტი და განმარტეს, რომ რადიოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია აღნიშნული დარღვევები.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8045-17, 17.10.2017);
- „შპს „მედია ჰაუს დეკომის” კერძო მაუწყებლობის NB110 ლიცენზიის შპს „რადიო ტიფლისისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N832/5 გადაწყვეტილება;
- „შპს „მედია ჰაუს დეკომისთვის“ ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2011 წლის 28 ოქტომბრის N566/1 გადაწყვეტილება;
- შპს „ჰამბურგის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
- შპს „ჰამბურგის“ იურისტის თ. კაკულიას ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე;
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „ჰამბურგი“ წარმოადგენს კერძო, საერთო რადიომაუწყებელს 2016 წლის 22 დეკემბრიდან (NB110 ლიცენზია);
- კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N832/5 გადაწყვეტილებით - „შპს „მედია ჰაუს დეკომის” კერძო მაუწყებლობის NB110 ლიცენზიის შპს „რადიო ტიფლისისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ გადაწყვეტილებით შპს „რადიო ტიფლისს“ გადაეცა ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო რადიომაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან 2017 წლის 12 იანვრის NB17003709 ამონაწერის შესაბამისად, შპს „რადიო ტიფლისს“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „ჰამბურგი“;
- შპს „ჰამბურგი“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევას წარმოადგენს;
- შპს „ჰამბურგს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ჰამბურგის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N832/5 და 2011 წლის 28 ოქტომბრის N566/1 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული სალიცენზიო მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჰამბურგის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის მიმართ ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N832/5 და 2011 წლის 28 ოქტომბრის N566/1 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ჰამბურგს“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2016 წლის 22 დეკემბრის N832/5 და 2011 წლის 28 ოქტომბრის N566/1 გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო;
2. დაევალოს შპს „ჰამბურგს“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
