წვდომის მენიუ

შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 714 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2017 10:53

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017

შპს კომპანია მედიასტრიმისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია („შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8052-17, 17.10.2017) საფუძველზე დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და  კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებს მაუწყებელთა წინასაარჩევნო მონიტორინგს.   აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოირკვა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, რიგი საერთო მაუწყებლები, მათ შორის შპს „კომპანია მედიასტრიმი“ (ბრენდული სახელი - „NRJ“), თავიანთ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე, შპს „კომპანია მედიასტრიმს“  გაეგზავნა  შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მაუწყებელს, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2017 წლის 26 ოქტომბერს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „კომპანია მედიასტრიმის“ ადმინისტრაციის მენეჯერი მ. მეგრელიძე, რომელმაც განმარტა, რომ კომპანიის მიერ 2017 წლის 22 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით არ ხორციელდებოდა საერთო მაუწყებლობა, ვინაიდან რადიოში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, თუმცა 2017 წლის სექტემბრიდან შპს „კომპანია მედიასტრიმა“ განახლებული ეთერით დაიწყო ახალი სეზონი სადაც დილის გადაცემებში სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემები. მტკიცემის სახით, მ. მეგრელიძემ კომისიის სხდომაზე წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი. შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერის გადამოწმების მიზნით, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შპს „კომპანია მედიასტრიმს“ გაეგზავნა შეტყობინება (N03/3652-17; 27.10.2017).

2017 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „კომპანია მედიასტრიმის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება სხდომის გადადების თაობაზე კომპანიას 2017 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „კომპანია მედიასტრიმის“   წარმომადგენლის დაუსწრებლად.

2017 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ განმარტა, რომ შპს „კომპანია მედიასტრიმი“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას, კერძოდ არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს.

II.  გამოკვლეული  მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8052-17, 17.10.2017);
  2. შპს „კომპანია მედიასტრიმის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
  3. შპს „კომპანია მედიასტრიმის“ ადმინისტრაციის მენეჯერის მ. მეგრელიძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 26 ნოემბრის  სხდომაზე;
  4. შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ წარმოდგენილი წერილი, თანდართული დივიდით (კომისიაში რეგისტრაციის: N6/8329-17; 26.10.17);
  5. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის კომისიის სხდომაზე.

IV. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „კომპანია მედიასტრიმი“ წარმოადგენს კერძო, საერთო რადიომაუწყებელს  2015  წლის  8 იანვრიდან (NB173 ლიცენზია);
  2. კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N13/1 გადაწყვეტილებით - „შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“, შპს „კომპანია მედიასტრიმს“ მიეცა კერძო მაუწყებლობის NB173 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო რადიომაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
  3. შპს „კომპანია მედიასტრიმი“  2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით, სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, რაც მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის და სალიცენზიო პირობების დარღვევას წარმოადგენს;
  4. შპს „კომპანია მედიასტრიმს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.

 V. კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

გამომდინარე იქედან, რომ შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ დარღვეულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N13/1 გადაწყვეტილებით - „შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ გათვალისწინებული სალიცენზიო მოთხოვნები,  კერძოდ, იგი არ ანთავსებდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამას, შესაბამისად, არ ახორციელებდა საერთო მაუწყებლობას,  კომისიას მიაჩნია, რომ შპს  „კომპანია მედიასტრიმის“  მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება, ვინაიდან, მის  მიმართ  ბოლო ერთი წლის მანძილზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე არ ყოფილა გამოყენებული;

VI. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის   70-ე მუხლის პირველი პუნქტის  და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N13/1 გადაწყვეტილების - „შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს გაფრთხილება  შპს „კომპანია მედიასტრიმს“ „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს     კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N13/1 გადაწყვეტილების - „შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის” ქ. თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ გ) ქვეპუნქტის დარღვევისთვის, კერძოდ  სალიცენზიო  პირობების შეუსრულებლობის გამო;

2.   დაევალოს შპს „კომპანია მედიასტრიმს“ 2018 წლის 1 იანვრამდე მის მიერ გადაცემული პროგრამების ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობაში (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება) მოყვანა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“  ჩაბარების დღიდან  ერთი  თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ  რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები