შპს „რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:29
მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017
შპს „რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8051-17; 17.10.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ-რადიოს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ საფუძველზე, კომისია ახორციელებდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ შპს „რ-რადიოს“ (ბრენდული სახელწოდება მონტე-კარლო) ეთერში 2017 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით არ განთავსებულა არცერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შპს „რ-რადიო“ ფლობს NB104 ლიცენზიას საერთო ტელემაუწყებლობაზე. აქედან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი-პოლიტიკური პროგრამის განუთავსებლობით შპს „რ-რადიოს“ დარღვეული აქვს სალიცენზიო პირობები.
კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „რ-რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. შპს ,,რ-რადიოს“ შეტყობინება (N03/3573-17; 23.10.2017) შპს „რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის კომისიის მიერ განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ვერ ჩაბარდა კომპანიის ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებზე, ადრესატის ამ მისამართებზე არ ყოფნის გამო (შპს ,,საქართველოს ფოსტა“; გზავნილის კოდი: AP01003484646; 24.10.2017; გზავნილის კოდი: AP01003484647; 24.10.2017). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს ,,რ-რადიოს“ მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით გადადო სხდომა და საკითხის განხილვა დანიშნა 2017 წლის 2 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,რ-რადიოს“ გაეგზავნა შეტყობინება (N03/3670-17; 30.10.2017), რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართზე, ადრესატის ამ მისამართებზე არ ყოფნის გამო (შპს ,,საქართველოს ფოსტა, გზავნილის კოდი: AP01003629473; AP01003629474). კომისიის შეტყობინება (N03/3670-17; 30.10.2017) ასევე, საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2017 წლის 30 ოქტომბერს.
კომისიის 2017 წლის 2 ნოემბერს, კომისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,რ-რადიოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყო შპს „რ-რადიოს“ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს ,,რ-რადიოს“ დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/8051-17; 17.10.2017);
2. კომისიის შეტყობინება (N03/3670-17; 30.10.2017) შპს „რ-რადიოს“ და მისი კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნების დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. შპს „რ-რადიოს“ შესახებ მონაცემები კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,რ-რადიო“ ფლობს მაუწყებლობის NB104 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა ლიცენზიის სახეობა: კერძო; მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა; გაცემის თარიღი:20.05.2012; მოქმედების ვადა:20.05.2022; სტატუსი:მოქმედი);
2. შპს „რ-რადიო“ 2017 წლის 22 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს;
3. შპს „რ-რადიოს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი დარღვევისათვის არ დაკისრებია.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ამავე მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.
5. „შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილებით შპს ,,რ-რადიოს“ მაუწყებლობის NB104 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2022 წლის 22 მაისამდე და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები: ა) ლიცენზიის სახე; კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; ფ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 მაისამდე; დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 101.4 მჰც სიხშირეზე, ქ. თბილისი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განუთავსებლობით შპს ,,რ-რადიოს“ დარღვეული აქვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობა, რაც წარმოადგენს შპს ,,რ-რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ვინაიდან, შპს „რ-რადიოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას სამართალდარღვევის ჩადენისთვის უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად უნდა მიეცეს ვადა 2018 წლის პირველ იანვრამდე.
IV. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. შპს „რ-რადიოს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შპს „რ–რადიოს“ კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 18 მაისის N369/6 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო პირობის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „რ-რადიოს“ 2018 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა (საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამების განთავსება);
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რ-რადიოსთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „რ-რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „რ-რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „რ-რადიოსთვის“ დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის თაობაზე ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შესაბამისი მონაცემების შეტანა;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
