წვდომის მენიუ

შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 716 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:31

მიღების თარიღი ნოემბერი 02, 2017

შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს, „სილქნეტის“  განცხადების (N6/5795-17; 04.08.17) განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,ფლაი ტივის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე (განცხადება N6/6180-17; 17.08.2017) და კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, გამოვლინდა, რომ შპს ,,ფლაი ტივი“ სავარაუდოდ აბონენტთა იდენტიფიცირების გარეშე აფორმებდა ხელშეკრულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,ფლაი ტივის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხი უნდა შესწავლილიყო სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 ივლისს ამოქმედდა კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ შესული ცვლილებები დისტანციური გარიგებების დადების წესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიამ გამოითხოვა ინფორმაცია შპს „ფლაი ტივისგან“ სააბონენტო ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებთან დაკავშირებით, როგორც ახალი რეგულაციების დადგენამდე, ასევე, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდგომ პერიოდზე (კომისიის წერილი N03/3127-17; 18.09.2017).

შპს ,,ფლაი ტივის“ საპასუხო წერილის (Nშ-6/7340-17; 27.09.2017) თანახმად, ახალი რეგულაციების დადგენის შემდგომ პერიოდში რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პირობებს არ განუცდია სახეცვლილება. კერძოდ, კომპანიის ვებ-გვერდზე (www.flytele.com) განთავსებული რეგისტრაციის ფორმის ბოლოში მოცემულია პირობა: ,,სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, მე ავტომატურად ვეთანხმები წესებს და პირობებს“. როდესაც ახალი აბონენტი ახდენს რეგისტრაციას, იგი ინფორმირებულია, რომ თუ იგი დაასრულებს რეგისტრაციას, მაშინ ავტომატურად ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულება შეიძლება იხილოს ბმულზე ,,წესებს და პირობებს“. მოთხოვნის შემთხვევაში აბონენტს შეუძლია მიიღოს დამოწმებული ხელშეკრულება, როგორც ელექტრონული სახით, ასევე, ფოსტის საშუალებით. შპს ,,ფლაი ტივის“ საპასუხო წერილში (Nშ-6/7340-17; 27.09.2017) აღნიშნულია, რომ სატელეფონო ნომრებზე (7061321XX, 7061324XX და 7061327XX) რეგისტრაციისას ბაზაში შეტანილ იქნა რეგისტრანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან სააბონენტო ხელშეკრულების დადების მიზნით შპს „ფლაი ტივი“ ამუშავებს რეგისტრანტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ასევე, თუ რეგისტრირებული აბონენტი იწვევს ეჭვს, ხდება მასთან სატელეფონო კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. ასევე, საფინანსო ინსტიტუტებიდან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გადამხდელის იდენტიფიცირება. შპს ,,ფლაი ტივი“ თავის წერილში ადასტურებს, რომ სატელეფონო ნომრებზე (7061321XX, 7061324XX და 7061327XX) ინფორმაციის სისწორის გადამოწმება მოხდა მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ, აბონენტის მიერ ნომრების არამართლზომიერ გამოყენებაში ეჭვის შეტანისას, კერძოდ, გადამოწმდა მითითებული საკონტაქტო ნომერი, რომელიც არ შეესაბამებოდა რეგისტრანტის მიერ მითითებულ მფლობელს. ასევე, გადამოწმდა საგადახდო სისტემა Paypal-იდან ჩარიცხული თანხების წარმომავლობა, რის შემდეგაც დადგენილ იქნა სავარაუდო რეგისტრანტი. შპს „ფლაი ტივის“ საპასუხო წერილის თანახმად, აბონენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება ამჟამად ხდება პირადი ნომრისა და გვარის საშუალებით ცესკოს ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. თუ გვარი და პირადი ნომერი არ იძებნება, მაშინ სატელეფონო კონტაქტით ხდება დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, ასევე, სხვა ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტის ასლი).

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში, 2017 წლის 3 ოქტომბერს, შპს ,,ფლაი ტივის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (flytele.com/register) განხორციელდა ახალი აბონენტის რეგისტრაცია მცდარი მონაცემებით. რეგისტრირებულ აბონენტს მიენიჭა ნომერი 706131019. აღნიშნული აბონენტის ნომერზე სწრაფი გადახდის აპარატიდან წარმატებით ჩაირიცხა თანხა 5 ლარის ოდენობით და 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით შესაძლებელი იყო მომსახურების მიღება, როგორც გამავალი, ასევე, შემომავალი ზარების მიღება (მოხსენებითი ბარათი Nშ-10/7837-17; 11.10.2017). კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ფლაი ტივის“ მიერ მცდარი მონაცემებით აბონენტის რეგისტრაცია წარმოადგენს ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით დისტანციური გარიგების გაფორმებისთვის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას, რის გამოც აღნიშნული მოხსენებითი ბარათი რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ფლაი ტივის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს, რის თაობაზეც შპს „ფლაი ტივის“ გაეგზავნა შეტყობინება თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით (N03/3580-17; 23.10.2017). აღნიშნული შეტყობინება შპს „ფლაი ტივის“ ვერ ჩაბარდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო (შპს ,,საქართველოს ფოსტა“, გზავნილის კოდი: AP01003484648). კომისიის შეტყობინება (N03/3580-17; 23.10.2017) შპს „ფლაი ტივის“ ასევე გაეგზავნა ელექტრონული ფოსტით, თუმცა, კომისიას არ მიუღია ადრესატისგან შეტყობინების მიღების დასტური.

2017 წლის 26 ოქტომბერს, შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით გამართულ კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ფლაი ტივის“ წარმომადგენელი, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 2 ნოემბრისთვის. შპს „ფლაი ტივის“ დირექტორი გ. ყურულაშვილი კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა საკითხის განხილვის გადადების შემდგომ, კომისიის მიერ სხვა საკითხის განხილვის დროს. შპს „ფლაი ტივის“ წარმომადგენელი გაფრთხილდა შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღისა და დროის თაობაზე.

კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ფლაი ტივის“ დირექტორი გ. ყურულაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს ,,ფლაი ტივის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევას. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ეჭვს იწვევდა აბონენტი, შპს ,,ფლაი ტივი“ მისი მონაცემების გადამოწმებას ახდენდა ფროდის შემთხვევაში. გ. ყურულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას ჯერჯერობით შეჩერებული ჰქონდა აბონენტთა რეგისტრაცია ვებ-გვერდის მეშვეობით. მან განაცხადა, რომ პრობლემას წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ელექტრონულად ატვირთვა, რადგან კომპანიის სატელეფონო მომსახურებით სარგებლობენ ისეთი აბონენტები, რომელთაც უჭირთ ტექნიკურ საკითხებში გარკვევა. შპს ,,ფლაი ტივის“ დირექტორის განმარტებით, კომპანია აპირებდა ცესკოს ბაზაზე მომხდარიყო  მონაცემების გადამოწმება პირადი ნომრით და გვარით. მაგრამ, მეორე პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ძირითადად კომპანიის სატელეფონო მომსახურების მომხმარებლები არიან ის პირები, რომლებიც მიდიან ან იმყოფებიან ემიგრაციაში. გ. ყურულაშვილის განცხადებით, ძალიან ბევრი მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვადა აქვს გასული და ბაზაში არ იძებნება. მან ასევე, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვერ მოესწრო ხელშეკრულებების გაფორმების მოქნილი მექანიზმის შემუშავება და სავარაუდოდ ამ თვის ბოლოსთვის კომპანიას ექნება დახვეწილი მექანიზმი. 

II. გამოკვლეული მტკიცებულებები 

1. შპს „ფლაი ტივი“-ს განცხადება (N6/6180-17; 17.08.2017) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის წერილი შპს ,,ფლაი ტივის“ (N03/3127-17; 18.09.2017);

3. შპს „ფლაი ტივის“  წერილი (Nშ-6/7340-17; 27.09.2017);

4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-10/7837-17; 11.10.2017);

5. შპს ,,ფლაი ტივის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

6. „შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“  ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“  განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N638/16; 28.09.2017);

7. კომისიის სხდომის ოქმი (N58; 31.08.2017);

8. შპს „ფლაი ტივის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ფლაი ტივი“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 22.08.2016; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსით უზრუნველყოფა);

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი.

2. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომელი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 2017 წლის 3 ოქტომბერს მცდარი მონაცემებით დარეგისტრირდა აბონენტად შპს „ფლაი ტივის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.flytele.com/register). რეგისტრირებულ აბონენტს მიენიჭა ნომერი 706131019. აღნიშნული აბონენტის ნომერზე სწრაფი გადახდის აპარატიდან წარმატებით ჩაირიცხა თანხა 5 ლარის ოდენობით. 2017 წლის 6, 9, 10 და 11 ოქტომბრის მდგომარეობით შესაძლებელი იყო სატელეფონო მომსახურების მიღება ნომერზე 706131019;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/7837-17; 11.10.2017), აბონენტის რეგისტრაციის დამადასტურებელი შეტყობინება შპს ,,ფლაი ტივიდან“, გადახდის ქვითარი, დეტალური ამონაბეჭდი 706131019 ნომრის გამავალი და შემომავალი ზარების თაობაზე.

3. შპს ,,ფლაი ტივის“ განცხადებით, დისტანციური გაროგებების თაობაზე ახალი რეგულაციების დადგენის შემდეგ ვებ-გვერდის მეშვეობით სააბონენტო ხელშეკრულების დადების მიზნით შპს „ფლაი ტივი“ ამუშავებდა რეგისტრანტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ასევე, თუ რეგისტრირებული აბონენტი იწვევდა ეჭვს, ხდებოდა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. ასევე, საფინანსო ინსტიტუტებიდან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გადამხდელის იდენტიფიცირება. აბონენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება  ხდებოდა პირადი ნომრისა და გვარის საშუალებით ცესკოს ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. თუ გვარი და პირადი ნომერი არ იძებნებოდა, მაშინ სატელეფონო კონტაქტით ხდებოდა დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი, ასევე, სხვა ოფიციალური და საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტის ასლი). შესაბამისად, აბონენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ზემოთ მითითებული მეთოდებით შპს „ფლაი ტივის“ მიერ ხდებოდა პირის აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ და არა წინასწარ.

მტკიცებულება: შპს ,,ფლაი ტივის“ წერილი (Nშ-6/7340-17; 27.09.2017).

4. შპს „ფლაი ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხსმგებლობის არცერთი სახე.

III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას; 

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად; 

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას; 

5. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში ,,რეგლამენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ32) პუნქტის თანახმად, დისტანციური გარიგება არის ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 122 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან  რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე). ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საკომუნკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ფლაი ტივის“ მხრიდან ადგილი აქვს სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სატელეფონო მომსახურების მიწოდებას არაიდენტიფიცირებული პირისთვის. ამასთან, შპს „ფლაი ტივის“ აბონენტი არ დაურეგისტრირებია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის საშუალების მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. გარდა ამისა, შპს „ფლაი ტივის“ აბონენტის იდენტიფიცირების მიზნით არ გამოუყენებია მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადახდო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას. შესაბამისად, შპს ,,ფლაი ტივის“ არ გაუფორმებია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული სააბონენტო ხელშეკრულება (წერილობითი სააბონენტო ხელშეკრულება ან დისტანციური გარიგება) სატელეფონო მომსახურების მიმღებ პირთან. აქედან გამომდინარე, შპს „ფლაი ტივის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი. 

ვინაიდან შპს ,,ფლაი ტივის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხსმგებლობის არცერთი სახე, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების,  კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, 122 მუხლის მე-9, მე-10 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად  

გადაწყვიტა: 

1. შპს ,,ფლაი ტივის“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ფლაი ტივისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფლაი ტივისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს „ფლაი ტივისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ფლაი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-3, მე-4,  მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე                                       კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები