შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2017 12:34
მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017
შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) განცხადებით (№შ-9/12534-16; 28.11.2016) მიმართა კ. კალაძის წარმომადგენელმა ი. თავართქილაძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 7 მაისს, კ. კალაძის მიერ შეძენილი სააბონენტო ნომერი - 59944XXXX, ვინაიდან კ. კალაძე ამ დროს იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას, კორპორატიული მომსახურების მიღების მიზნით, აღირიცხა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო 2013 წლის 13 მაისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილისა (№06/2421; 13.05.2013.) და კ. კალაძის პირადი განცხადების (13.05.2003) საფუძველზე, აღნიშნული სააბონენტო ნომერი, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, შპს ,,მაგთიკომმა“ სარგებლობაში გადასცა კ. კალაძეს და აღრიცხა მის სახელზე. განცხადების თანახმად, 2016 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდნენ შპს „მაგთიკომიდან“ და აცნობეს, რომ კ. კალაძის სახელზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი - 59944XXXX იყიდებოდა, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა კ. კალაძეს. მისი მოთხოვნა, აღნიშნული სააბონენტო ნომერი არ გაყიდულიყო და დაემზადებინათ ახალი სიმ ბარათი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელმა, შპს ,,მაგთიკომიდან“ განხორციელებული სატელეფონო ზარიდან დაახლოებით ერთ საათში, აცნობა შპს „მაგთიკომს“, სადაც პასუხად უთხრეს, რომ კ. კალაძის სააბონენტო ნომერი უკვე გაყიდული იყო. გაყიდვის მიზეზად, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაასახელა ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად, სააბონენტო ნომერი იყიდებოდა 6 თვის გათიშვის/უმოქმედობის შემთხვევაში.
მომსახურების შეწყვეტისა და სააბონენტო ნომრის - 59944XXXX ჩამორთმევის მიზეზების გასარკვევად, 2016 წლის 31 ოქტომბერს, კ. კალაძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“, საიდანაც წერილობით (№16/1118-14; 8.11.2016) ეცნობა, რომ სააბონენტო ნომერი - 59944XXXX, რომელიც ირიცხებოდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილისა (№06/2421; 13.05.2013) და კ. კალაძის პირადი განცხადების (13.05.2013) საფუძველზე, 2013 წლის 13 მაისს გადაფორმდა კ. კალაძის სახელზე, ხოლო მომსახურების მიწოდება შეწყდა კომპანიაში მოქმედი წესების თანახმად. კერძოდ, ბოლო ფასიანი ქმედებიდან (07.04.2016) 60 დღის შემდეგ, 2016 წლის 7 ივნისს, სააბონენტო ნომერი გაითიშა ორმხრივად, ხოლო ორმხრივად გათიშვიდან 90 დღის შემდეგ - 6 სექტემბერს გაუქმდა. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, წინასწარი გადახდის (მონო+) სისტემის ნომრის გაუქმება ხორციელდება ბოლო გადახდიდან ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 + 90 = 150 დღის შემდეგ და არ არის დამოკიდებული ნომრის ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობაზე (ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ. პუნქტი 4.5.). ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“ შიდა ინსტრუქციის თანახმად, ფასიანი ნომრები მომსახურების შეწყვეტის შემდეგ ინახება 30 დღის განმავლობაში. ამიტომ, ნომრის გასხვისება არ მოხდა გაუქმებისთანავე. შპს ,,მაგთიკომი“ თავის წერილში (№16/1118-14; 8.11.2016), ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილში და არც კ. კალაძის განცხადებაში არ ფიქსირდებოდა მოთხოვნა ნომრისთვის განსხვავებული სატარიფო გეგმის (საკრედიტო სისტემა, VIP - სტატუსი, კორპორაციული მომსახურება) მინიჭების შესახებ, ამიტომ, სააბონენტო ნომერი 59944XXXX ჩართულ იქნა წინასწარი გადახდის სისტემაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნომერზე კ.კალაძე VIP - მომსახურებით არ სარგებლობდა. მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების გადმოცემასთან დაკავშირებით, კომპანიამ განმარტა, რომ ხელშეკრულების ნახვა შესაძლებელი იყო ინტერნეტში განთავსებულ შპს ,,მაგთიკომის“ საინფორმაციო გვერდზე.
განცხადებაში (№შ-9/12534-16; 28.11.2016) აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სააბონენტო ნომრის - 59944XXXX კ. კალაძისთვის სარგებლობაში გადაცემისა და მის სახელზე რეგისტრაციის დროს არ მომხდარა მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადება, სადაც მითითებული იქნებოდა მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები, რისი დადების ვალდებულება ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს - შპს ,,მაგთიკომს“. შესაბამისად, კ.კალაძისთვის უცნობი იყო მომსახურების მიწოდების შეზღუდვის, შეწყვეტისა და სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განახორციელებდა ,,ფასიან ქმედებას“. მით უფრო, რომ სააბონენტო ნომრის ანგარიშზე კ. კალაძე თანხას პერიოდულად რიცხავდა, რაც დასტურდება შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული დოკუმენტიდან. აქედან გამომდინარე, მომხმარებელ კ. კალაძისთვის სააბონენტო ნომრის ჩამორთმევით შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი) გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც; რეგლამენტის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ უშუალოდ ან ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით, ხოლო მომსახურების შეზღუდვის ფორმები დგინდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით და შეიძლება ითვალის-წინებდეს: ა)საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და მობი¬ლური კავშირის შეზღუდვას: ბ) შემომავალი ზარის შეზღუდვას; გ) გამავალი ზარის შეზღუდვას; დ) შეზღუდვის სხვა ფორმებს; რეგლამენტის მე-16 მუხლი, რომლის შესაბამისად, მომსახურების შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალურ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე; ბ) სატელეფონო საცნობარო-საინფორმაციო ნომერი, რომელზეც მომხარებელს შეუძლია უფასოდ გაიგოს დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვის ფორმის, შეზღუდვას დაქვემდებარებული მომსახურების სახეების, ვადის, აგრეთვე შეზღუდვის მიზეზებისა (დავალიანებისა) და პრეტენზიების წარდგენის პროცედურების თაობაზე; რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული სააბონენტო ნომრის - 59944XXXX დაბრუნებას.
მომხმარებელ კ. კალაძის განცხადებასთან (№შ-9/12534-16; 28.11.2016) დაკავშირებით, კომისიაში ასევე შემოვიდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვა (12.12.2016; Nშ-10/12852-16), სადაც აღნიშნულია, რომ განცხადებისა (№შ-9/12534-16; 28.11.2016) და შპს ,,მაგთიკომისგან“ გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ კ. კალაძისთვის სააბონენტო ნომრის ჩამორთმევით, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდის მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; რეგლამენტის მე-16 მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, მომსახურების შეზღუდვის შესახებ მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებისას კომპანიის მიერ გასაგზავნ ინდივიდუალურ შეტყობინებაში მითითებული უნდა ყოფილიყო მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე; ასევე სატელეფონო საცნობარო-საინფორმაციო ნომერი, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია უფასოდ გაიგოს დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვის ფორმის, შეზღუდვას დაქვემდებარებული მომსახურების სახეების, ვადის, აგრეთვე შეზღუდვის მიზეზებისა (დავალიანებისა) და პრეტენზიების წარდგენის პროცედურების თაობაზე; რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე; რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ითხოვა მომხმარებლის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
2016 წლის 15 დეკემბერს, კ. კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება (№შ-6/12950-16; 15.12.2016), სადაც აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის ხელშეკრულების გაუფორმებლობის ფაქტის დაშვების შემთხვევაში გამოდის, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც დაარეგულირებდა სააბონენტო ნომერთან 59944XXXX დაკავშირებულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების არარსებობის პირობებში კ. კალაძე საერთოდ არ იყო უფლებამოსილი ესარგებლა აღნიშნული სააბონენტო ნომრით და შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია რაიმე სახის მოთხოვნა გააჩნდეს კ. კალაძეს შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას არ იქნა დაცული მისი ფორმა (წერილობითი ფორმა), ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო ბათილად, ვინაიდან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება აბონენტს მიეწოდება წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. შესაბამისად, თუ გავყვებით მომჩივანის არგუმენტაციას, ორივე განხილულ შემთხვევაში შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება გაფორმებულად, რაც თავის მხრივ გულისმოხბს, რომ სააბონენტო ნომერი 59944XXXX არასდროს არ ყოფილა კ. კალაძის მართლზომიერ სარგებლობაში და გაუგებარია რაზე დაყრდნობით ითხოვს კ. კალაძის წარმომადგენელი ნომრის დაბრუნებას. შპს ,,მაგთიკომი“ არ ეთანხმება მომჩივანის არგუმენტაციას შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ კ. კალაძესა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის მოქმედებდა ფორმის დაცვით გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგ გარემოებათა გამო: 1. თავდაპირველად მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სააბონენტო ნომერზე 59944XXXX გაფორმდა 2013 წლის 1 მაისს ზ. ქათამაძესთან. მომჩივანის მტკიცებით, კ. კალაძემ ნომერი „გარკვეული თანხის სანაცვლოდ“ შეიძინა ზ.ქათამაძისაგან. თუმცა ასეთი ფაქტის არსებობა, ვერ დგინდება საჩივრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს ენერგიტიკის სამინისტროს 07.05.2013 N06/2337 წერილის და ზ. ქათამაძის თანხმობის საფუძველზე, აღნიშნული ნომერი გადაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელზე; 2. იმავე წლის 13 მაისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილის (13.05.2013 N06/2421) და კ. კალაძის განცხადების საფუძველზე აღნიშნული ნომერი გადაფორმდა კ. კალაძეზე. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, ნომრის გადაფორმება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ხელშეკრულების მხარის ცვლილებას და ხელშეკრულება აგრძელებს მოქმედებას. არ არსებობს რაიმე სახის შეთანხმება, რომლითაც გაუქმდებოდა 2016 წლის 1 მაისს მაგთიკომსა და ზ. ქათამაძე შორის არსებული ხელშეკრულება. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით განხორციელდა ხელშეკრულების მხარის ცვლილება, ერთი მხრივ, 2013 წლის 7 მაისს, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარე გახდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო მეორეს მხრივ 2013 წლის 13 მაისს, როდესაც მხარე გახდა კ. კალაძე. გამომდინარე აქედან, მხარის ცვლილება არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და უფლებამონაცვლე ხდება იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არსებობს მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის მოქმედებდა 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივანის მტკიცება, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის არ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს; 3. 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.5 პუნქტი განსაზღვრავს მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს. 2015 წლის 13 ივლისს ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რის შესახებაც აბონენტებს, რომლებსაც შეეხოთ ასეთი ცვლილება (644 132 აბონენტი), რეგლამენტით გათვალისწინებული წესის და ვადის დაცვით, გაეგზავნათ ინდივიდუალური შეტყობინებები, მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით 2015 წლის 1 ივლისს (შეიცვალა მომსახურების შეზღუდვის და ხელშეკრულების შეწყვეტის ვადები). ცვლილების თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულების 4.5 ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, ხელშეკრულება წყდება და ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააბონენტო ნომერი და გასცეს იგი სხვა აბონენტზე შემდეგ შემთხვევებში: მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩატვირთვა) ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ მომსახურება იზღუდება (ნომერი ორმხრივად გაითიშება) და მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება წყდება და უქმდება სააბონენტო ნომერი; სააბონენტო ნომერზე 599 44XXXX შეტყობინება მომსახურების პირობების ცვლილების თაობაზე გაგზავნილია 2015 წლის 1 ივლისს, თუმცა შეტყობინება ნომერმა მიიღო 16.07.2015 11:01:35 და 16.07.2015 11:01:38. დიდი ალბათობით ივლისის თვის დასაწყისში აღნიშნული სააბონენტო ნომერი იყო გამორთული და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1 ივლისს გაგზავნილი შეტყობინება მიიღო 16.07.2015. ასეთი ვარაუდის საფუძველია ის გარემოება, რომ 2015 წლის ივლისის თვეში მხოლოდ 16-18 ივლისს აქვს მიღებული რამოდენიმე შეტყობინება და სხვა აქტივობა აღნიშნულ ნომერს ივლისის თვეში არ ჰქონია; 5. ხელშეკრულების მოქმედი რედაქცია ქვეყნდება შპს ,,მაგთიკომის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ხელშეკრულებისა, კომპანიის ვებ-გვერდზე (მომსახურების პირობებში) ცალკე მოცემულია ძირითადი პირობები, მათ შორის, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის ვადები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. შესაბამისად, მომსახურების პირობები, რომელსაც სადავოდ ხდის მომჩივანი არის საჯარო, გამჭირვალე და მარტივად ხელმისაწვდომი და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აბონენტმა შესაძლოა დაკარგოს გაფორმებული ხელშეკრულების პირი, მას აქვს შესაძლებლობა მარტივად მიიღოს ინფორმაცია მოქმედი პირობების შესახებ. ასეთი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით, რომელიც მუშაობას 24 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ აბონენტებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანის მტკიცება, რომ აბონენტს ინფორმაცია არ ჰქონდა მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს; 2016 წლის 6 ივნისს (06.06.2016 13:47:46, 06.06.2016 13:47:47) სააბონენტო ნომერზე შესულია 59944XXXX მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლის საშუალებაც კომპანიამ გააფრთხილა აბონენტი მოსალოდნელი შეზღუდვის და ნომრის გაუქმების ვადების თაობაზე, კერძოდ, აბონენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ მომსახურების მიწოდება შეიზღუდებოდა 2016 წლის 7 ივნისს და შეზღუდვის საფუძვლების 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მომსახურება იზღუდება მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩატვირთვა) ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. ამ ორი ალტერნატივიდან 60 დღის ათვლა იწყება ბოლოს განხორციელებული ქმედებიდან. სააბონენტო ნომერზე 59944XXXX ბოლო გადახდა განხორციელდა 21.03.2016, ხოლო ბოლო ფასიან ქმედებას ადგილი ჰქონდა 07.04.2016. შესაბამისად, 60 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 07.04.2016, გამაფრთხილებელი სმს აბონენტმა მიიღო 06.06.2016, ხოლო მომსახურება შეიზღუდა 07.06.2016. მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდგომ 2016 წლის 7 სექტემბერს შეწყდა ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, მას არ დაურღვევია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა კომპანიის მხრიდან შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან და მხარეთა შორის მოქმედ ხელშეკრულებასთან.
შპს ,,მაგთიკომის“ წერილობით შეპასუხებაში (№შ-6/12950-16; 15.12.2016) ასევე აღნიშნულია, რომ მომჩივანის წარმომადგენელს უკვე განემარტა, რომ სააბონენტო ნომერს ჰყავს ახალი მფლობელი, რომელთანაც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება. მომჩივანის წარმომადგენელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ სასამართლოსაგან განსხვავებით, კომისია არ წარმოადგენს ზოგადი იურისდიქციის მქონე ორგანოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის ფუნქციები და მოქმედების სფერო ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი კანონებით. მომჩივანის არგუმენტების ვალიდურობის შემთხვევაშიც კი, „ნომრის დაბრუნების“ ერთადერთი გზა შესაძლებელია იყოს სააბონენტო ნომერზე 59944XXXX გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რისი კომპეტენცია კომისიიას არ გააჩნია. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.5 პუნქტის თანახმად, განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანის მოთხოვნა, ნომრის დაბრუნების თაობაზე, სცილდება კომისიის უფლებამოსილებას, რის გამოც მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
2016 წლის 15 დეკემბერს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (№821/23; 15.12.2016) შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა დანიშნა 2016 წლის 29 დეკემბერს.
2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომისა“ წარმომადგენლები: დ.ძიძიგური, ი. შარაბიძე და კ. კალაძის წარმომადგენელი ი. თავართქილაძე.
კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 2013 წლის 1 მაისს, შპს ,,მაგთიკომსა“ და ზ. ქათამაძეს შორის დაიდო მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სააბონენტო ნომერზე 59944XXXX. 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილის და ზ. ქათამაძის თანხმობის საფუძველზე, აღნიშნული ნომერი გადაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელზე, ხოლო 13 მაისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილის და კ. კალაძის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული ნომერი გადაფორმდა კ.კალაძეზე. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლების განმარტებით, ნომრის გადაფორმება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ხელშეკრულების მხარის ცვლილებას. შესაბამისად, განხორციელდა შპს ,,მაგთიკომსა“ და ზ. ქათამაძეს შორის დადებული ხელშეკრულების მხარის ცვლილება. კერძოდ, ხელშეკრულებაში ზ. ქათამაძეს ჩაენაცვლა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ჩაენაცვლა კ. კალაძე. შესაბამისად, კ.კალაძე გახდა ხელშეკრულების მხარე და იმ სამართლებრივი ურთიერთობის უფლებამონაცვლე, რომელიც არსებობდა მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის მოქმედებდა 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების თაობაზე. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ სააბონენტო ნომერზე 599 44XXXX 2015 წლის 1 ივლისს გაიგზავნა შეტყობინება მომსახურების პირობების ცვლილების თაობაზე, კერძოდ, მომსახურების ბოლო შესყიდვის ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ მომსახურება შეიზღუდებოდა და მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეწყდება და სააბონენტო ნომერი გაუქმდებოდა. აღნიშნული შეტყობინება აბონენტმა მიიღო 11 ივლისს, რაც აიხსნება იმით, რომ სააბონენტო ნომერი გამორთული იყო. 2016 წლის 6 ივნისს სააბონენტო ნომერზე 59944XXXX გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის და ნომრის გაუქმების თაობაზე. კერძოდ, აბონენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ მომსახურების მიწოდება შეიზღუდებოდა 2016 წლის 7 ივნისს და შეზღუდვის საფუძვლების 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა. ვინაიდან, სააბონენტო ნომრიდან ბოლო ფასიანი ქმედება განხორციელდა 7 აპრილს, შესაბამისად, მომსახურება შეიზღუდა 7 ივნისს, ხოლო მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 7 სექტემბერს შეწყდა ხელშეკრულება. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლების განმარტებით, შპს ,,მაგთიკომის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ხელშეკრულებების პირობები, მათ შორის, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის საფუძვლები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით, რომელიც მუშაობას 24 საათის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლების განმარტებით, შპს ,,მაგთიკომს“ არ დაურღვევია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლებმა, ასევე აღნიშნეს, რომ სააბონენტო ნომერს - 59944XXXX ჰყავს ახალი მფლობელი, რომელთანაც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება. სასამართლოსაგან განსხვავებით, კომისია არ წარმოადგენს ზოგადი იურისდიქციის მქონე ორგანოს. ის არის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ფუნქციები და მოქმედების სფერო ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი კანონებით. მომჩივანის არგუმენტების ვალიდურობის შემთხვევაშიც კი, „ნომრის დაბრუნების“ ერთადერთი გზა შესაძლებელია იყოს სააბონენტო ნომერზე 59944XXXX გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რისი კომპეტენცია კომისიას არ გააჩნია.
კომისიის სხდომაზე კ. კალაძის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სააბონენტო ნომრის - 59944XXXX კ. კალაძისთვის სარგებლობაში გადაცემისა და მის სახელზე რეგისტრაციის დროს არ მომხდარა მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადება, სადაც მითითებული იქნებოდა მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები, რისი დადების ვალდებულება ეკისრებოდა მომსახურების მიმწოდებელს - შპს ,,მაგთიკომს“. შესაბამისად, კ.კალაძისთვის უცნობი იყო მომსახურების მიწოდების შეზღუდვის, შეწყვეტისა და სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განახორციელებდა ,,ფასიან ქმედებას“. მით უფრო, რომ სააბონენტო ნომრის ანგარიშზე კ. კალაძე თანხას პერიოდულად რიცხავდა, რაც დასტურდებოდა შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული ბილინგის ინფორმაციიდან. აქედან გამომდინარე, მომხმარებელ კ. კალაძისთვის სააბონენტო ნომრის ჩამორთმევით შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი) გათვალისწინებული მოთხოვნები. კ. კალაძის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და ზ. ქათამაძის შორის დადებული ხელშეკრულების პირობები განსხვავდებოდა შპს ,,მაგთიკომსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებისაგან. კერძოდ, შპს ,,მაგთიკომი“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იმყოფებოდნენ ტენდერის პირობების შესაბამისად გაფორმებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომსა“ და ზ. ქათამაძეს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ზ. ქათამაძის კ. კალაძით ჩანაცვლება არ მომხდარა, ვინაიდან, ამ ორ ტრანზაქციას შორის შუალედში იყო ხელშეკრულება სამინისტროსთან. კ. კალაძის წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ კ. კალაძის განცხადება სააბონენტო ნომრის მის სახელზე გადაფორმების თაობაზე არ ნიშნავდა შპს ,,მაგთიკომსა“ და ზ. ქათამაძეს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე მიერთების თანხმობას, რომლის შესახებაც კ. კალაძემ საერთოდ არ იცოდა. ასევე, მან აღნიშნა, რომ მომხმარებელ კ. კალაძეს შპს ,,მაგთიკომისგან“ შეტყობინება მოსალოდნელი სატელეფონო მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის თაობაზე არ მიუღია.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, მხარეების მოთხოვნის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, რომელიც გაგრძელდა 2017 წლის 17 იანვარს, სადაც მოდავე მხარეებმა მორიგების მიზნით ითხოვეს ვადა, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და კომისიის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 9 თებერვალს.
კომისიის 2017 წლის 9 თებერვლის სხდომაზე კ. კალაძის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კ.კალაძესა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის შედგა მორიგება, შესაბამისად, კ. კალაძე უარს აცხადებს საჩივარზე და ითხოვს მისი საჩივრის საფუძველზე დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ.კალაძეს შორის შედგა მორიგება, შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი და დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეები მორიგდნენ და მათ პრეტენზია არ გააჩნიათ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში მითითებული დარღვევების განხილვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
II. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ)ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახე“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახე“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, კ. კალაძე უარს აცხადებს საჩივარზე და ითხოვს მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, რადგანაც შპს ,,მაგთიკომთან“ შედგა მორიგება, კომისიას მიაჩნია, რომ კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 42 - ე მუხლის მე-5 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე -5 პუნქტებისა და 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ კ.კალაძისთვის, შპს ,,მაგთიკომისთვის“ და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდეზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ი. ხარებავა);
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
