ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:25
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017
ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად
გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 98,3 მჰც.
კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 2 ოქტომბრის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 5 ოქტომბერი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 2 ნოემბერი 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 9 ნოემბერი 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”რადიოცენტრი პლუსმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/7511-17, 02.10.2017წ).
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორი ინგა დადიანი და იურისტი ანა სამსონია ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებთან.
ზეპირი მოსმენა ქ. ბათუმში (სიხშირეზე 98,3მჰც) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 2 ნოემბერს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომპანიის დირექტორი ინგა დადიანი და იურისტი ანა სამსონია.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/8132-17, 20.10.2017) კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”რადიოცენტრი პლუსის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - საერთო რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. შეესაბამისად თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში არ არის შემოთავაზებული ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია. (შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია იხილეთ დანართის სახით).
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მიერ შემოთავაზებული იქნება როგორც ახალი ამბების პროგრამა - საინფორმაციო გამოშვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ და შემაჯამებელი გადაცემა „ზუსტად ექვსზე“, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები - გადაცემა „რეზიუმე“, „კავკასიური პალიტრა“ და სხვა. შპს „რადიოცენტრი პლუსი“ აკმაყოფილებს კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს, კერძოდ: ლიცენზიის მაძიებელი წარმოადგენს მოქმედ საეთერო საერთო რადიომაუწყებელს და მის მიზანს წარმოადგენს მოქმედი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალის გაზრდა.
კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 9 ნოემბერს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ იურისტი ანა სამსონია.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ იურისტმა ანა სამსონიამ, სალიცენზიო გადასახდელის - 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „რადიოცენტრი პლუსი“;
2. უზრუნველყოს შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების ბანკის კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300773062
3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 5,670.00 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაათი და 00 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ ჩაბარების დღიდან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
