შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:43
მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017
შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების (N6/5795-17; 04.08.17) განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ,,მაიფონმა“ წარმოადგინა სატელეფონო ნომრებზე მისი ვებ-გვერდის მეშვეობით გაფორმებული ხელშეკრულებები (N6/6355-17; 24.08.2017). შპს „მაიფონის“ ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე გამოვლინდა, რომ შპს „მაიფონი“ სავარაუდოდ აბონენტთა იდენტიფიცირების გარეშე აფორმებდა ხელშეკრულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „მაიფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხი უნდა შესწავლილიყო სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 ივლისს ამოქმედდა კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ შესული ცვლილებები დისტანციური გარიგებების დადების წესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიამ გამოითხოვა ინფორმაცია შპს „მაიფონისგან“ სააბონენტო ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებთან დაკავშირებით, როგორც ახალი რეგულაციების დადგენამდე, ასევე, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდგომ პერიოდზე (კომისიის წერილი N03/3128-17; 18.09.2017).
შპს „მაიფონის“ საპასუხო წერილის (Nშ-6/7863-17; 12.10.2017) თანახმად, სატელეფონო ნომრებზე (20536XX; 20547XX, 21951XX) სააბონენტო ხელშეკრულებების დადება განხორციელდა ელექტრონული ფორმით, აბონენტის მიერ განცხადებით წარმოდგენილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფიქსირების, იდენტიფიცირებისა და ვერიფიკაციის შემდგომ აბონენტისაგან ხელშეკრულების პირობების (მათ შორის, მომსახურების პირობების) გაცნობისა და თანხმობის საბოლოო დადასტურებით, რომლითაც აბონენტი უერთდება სააბონენტო ხელშეკრულებას. აბონენტის მაიდენტიფიციებელი მონაცემების, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომრისა და მისამართის გადამოწმება/დამუშავება ხორციელდებოდა ხელმისაწვდომი ოფიციალური წყაროებიდან, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ამომრჩეველთა სია და სსიპ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე ფიზიკური პირების შესახებ დაცული მონაცემები. შპს ,,მაიფონის“ საპასუხო წერილში (Nშ-6/7863-17; 12.10.2017) ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში დისტანციურ გარიგებებთან დაკავშირებით შესული ცვლილებების შემდგომაც აბონენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება, კერძოდ, იდენტიფიცირება და ვერიფიცირება წარმოებს ზემოთ მითითებული იგივე მეთოდის გამოყენებით, რაც დამატებით მოწმდება აბონენტთან საბანკო ანგარიშსწორების განხორციელებით.
2017 წლის 11 ოქტომბერს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარდა შპს ,,მაიფონის“ მონიტორინგი, რომლის ფარგლებში გაირკვა, რომ შპს „მაიფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან შესაძლებელია ახალი აბონენტის რეგისტრაცია რეალური პირადი ნომრის, სახელი და გვარის საშუალებით. მცდარი მონაცემების შეყვანისას კი ეკრანზე ჩნდება შეტყობინება ,,სახელი და გვარი არ ემთხვევა პირადობის მოწმობაში მითითებულ სახელს და გვარს“ და რეგისტრაცია ვერ ხორციელდება (კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი Nშ-10/7837-17; 11.10.2017).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს, რის თაობაზეც შპს „მაიფონს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N03/3581-17; 23.10.2017).
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 122 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე).
შპს „მაიფონის“ მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაცვის შემოწმების მიზნით, 2017 წლის 23 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა შპს ,,მაიფონის“ მომსახურების საკონტროლო შესყიდვა. შპს ,,მაიფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან მოხდა მომხმარებლის (თ.გ.) რეგისტრაცია რეალური სახელის, გვარის და პირადი ნომრის საფუძველზე, მომხმარებელს მიენიჭა ადგილობრივი (ქ. თბილისი) სატელეფონო ქსელის ნომერი 2193425. რეგისტრაციის დასრულებისას ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფაილში გაჩნდა შეტყობინება ,,თქვენ სარგებლობთ myphone-ის სატელეფონო მომსახურებით. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგეზღუდებათ myphone-ის სერვისით სარგებლობა.“ სწრაფი გადახდის აპარატიდან შევსებულ იქნა სატელეფონო ნომრის ბალანსი 5 ლარით. 2017 წლის 23 ოქტომბერს დარეგისტრირებული ნომერი 2193425 აქტიური იყო და მასზე 2017 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით ხდებოდა მომსახურების მიწოდება. 2017 წლის 25 ოქტომბერს ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფაილში შესვლისას კვლავ განჩნდა შეტყობინება ,,თქვენ სარგებლობთ myphone-ის სატელეფონო მომსახურებით. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგეზღუდებათ myphone-ის სერვისით სარგებლობა,“ რის შემდეგაც ხელმოწერილი ხელშეკრულება დასკანირებული სახით გადაგზავნილი იქნა შპს „მაიფონის“ ელექტრონულ ფოსტაზე (კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი Nშ-10/8269-17; 25.10.2017).
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/8269-17; 25.10.2017) აღნიშნულია, რომ შპს ,,მაიფონის“ წერილში მოცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბონენტის პერსონალური მონაცემები დამატებით მოწმდება საბანკო ანგარიშსწორების განხორციელებით არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ბალანსის შევსება განხორციელდა სწრაფი გადახდის აპარატიდან, სადაც ანგარიშსწორება ხორციელდება მომხმარებლის იდენტიფიცირების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,მაიფონი“ არღვევს სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულებას.
კომისიის წერილით (N03/3627-17; 25.10.2017) შპს ,,მაიფონს“ გაეგზავნა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8269-17; 25.10.2017), რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 25 ოქტომბერს.
კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მაიფონის“ წარმომადგენელი თ. ხონელია, რომელმაც იშუამდგომლოა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესწავლა კომპანიამ ვერ მოასწრო და პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროებოდა გონივრული ვადა. კომისიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საკითხის განხილვა დანიშნა 2017 წლის 9 ნოემბერს.
კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,მაიფონის“ წარმომადგენელი თ. ხონელია, რომელმაც აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-121 მუხლის მე-10 პუნქტში საუბარია ისეთ საგადახდო დავალების არსებობაზე, რომელიც შეიცავს პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს. მისი განცხადებით, საბანკო სისტემაში მსგავსი ტიპის საგადახდო დავალების ფორმირება აღარ ხდება და საბანკო დაწესებულება არ გასცემს სრულ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს გადამხდელის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგლამენტის თანახმად, დისტანციური გარიგების დროს მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გარიგება დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც წაკითხვადია ელექტრონულ რეჟიმში. თუმცა, მისი განმარტებით, რეგლამენტი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ კომპანიამ ელექტრონულად აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს მონაცემი. მისი აზრით, საკმარისია კომპანიას ჰქონდეს ისეთი პირის შესახებ მონაცემების გადამოწმების საშუალება, რომელიც სარგებლობს და ფლობს ელექტრონულად წაკითხვადი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თ. ხონელიას განცხადებით, ჩატარებული შემოწმება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შპს „მაიფონი“ ახდენს იმ პირთან გარიგების დადებას, რომლის პირადი ნომერი ნამდვილად შეესაბამება რეალურ სუბიექტს. მან დამატებით აღნიშნა, რომ იდენტიფიცირება ფიზიკური კონტაქტის გარეშე, გულისხმობს მონაცემების სისწორის გადამოწმებას. ამასთანავე, მისი განცხადებით, ახალი რეგულაციის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ არასწორი მონაცემების შეყვანას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ანუ რეალურ სუბიექტთან უნდა მოხდეს გარიგების დადება, თუმცა 100%-იანი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ვირტუალური კონტაქტის მიღმა ნამდვილად ის პიროვნება იქნება. შპს „მაიფონის“ წარმომადგენლის განმარტებით, შპს „მაიფონი“ პირის იდენტიფიცირებას ახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კომპანიის მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები:
1. შპს „მაიფონის“ განცხადება (N6/6355-17; 24.08.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
2. კომისიის წერილი შპს ,,მაიფონს“ (N03/3128-17; 18.09.2017);
3. შპს ,,მაიფონის“ წერილი (Nშ-6/7863-17; 12.10.2017);
4. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/7837-17; 11.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8269-17; 25.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
6. შპს „მაიფონის“ ვებ-გვერდიდან ამონარიდები (შპს „მაიფონის“ შეტყობინება; აბონენტის რეგისტრაციისა და ანგარიშის მონაცემები);
7. გადახდის ქვითარი;
8. სატელეფონო ნომერზე 2193425 სატელეფონო მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (სატელეფონო ზარების დეტალური ამონაბეჭდი);
9. აბონენტის განაცხადი შპს ,,მაიფონის“ სატელეფონო მომსახურების მიღებაზე;
10. შპს ,,მაიფონის“ სატელეფონო მომსახურების მიღებაზე აბონენტის განაცხადის შპს ,,მაიფონის“ მიერ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
11. შპს ,,მაიფონის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
12. „შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივი“-სთან და შპს „მაიფონთან“ ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნის შესახებ“ კომისიის გადაწყვეტილება (N638/16; 28.09.2017);
13. შპს ,,მაიფონის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 15.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება და სხვა);
მტკიცებულება: შპს ,,მაიფონის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
2. 2017 წლის 3 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა შპს ,,მაიფონის“ მომსახურების საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც კომისიის თანამშრომლის მიერ შპს ,,მაიფონის“ ვებ-გვერდზე სხვა პირის რეალური მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეყვანის საფუძველზე, შპს ,,მაიფონის“ ვებ-გვერდიდან მოხდა მომხმარებლის თ.გ.-ს რეგისტრაცია. მომხმარებელს მიენიჭა ადგილობრივი (ქ. თბილისი) სატელეფონო ქსელის ნომერი 2193425. რეგისტრაციის დასრულებისას ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფაილში გაჩნდა შეტყობინება ,,თქვენ სარგებლობთ myphone-ის სატელეფონო მომსახურებით. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგეზღუდებათ myphone-ის სერვისით სარგებლობა.“ სწრაფი გადახდის აპარატიდან შევსებულ იქნა სატელეფონო ნომრის ბალანსი 5 ლარით, მომხმარებლის იდენტიფიცირების გარეშე. 2017 წლის 23 ოქტომბერს დარეგისტრირებული ნომერი 2193425 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით აქტიური იყო და შესაძლებელი იყო ამ ნომერზე სატელეფონო მომსახურების მიღება. 2017 წლის 25 ოქტომბერს ვებ-გვერდზე მომხმარებლის პროფაილში შესვლისას კვლავ განჩნდა შეტყობინება ,,თქვენ სარგებლობთ myphone-ის სატელეფონო მომსახურებით. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგეზღუდებათ myphone-ის სერვისით სარგებლობა.“ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომელმა თ.გ.-ს სახელით ხელი მოაწერა შპს ,,მაიფონის“ სატელეფონო მომსახურების მიღებაზე აბონენტის განაცხადს, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინამდებარე განაცხადის ნებისმიერი ფორმით აქცეპტირება განიხილება მხარეებს შორის ვებ-გვერდ www.myphone.ge-ზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებად და ხელმოწერილი განაცხადი დასკანირებული სახით გადაუგზავნა შპს ,,მაიფონს“ ელექტრონულ ფოსტაზე. შესაბამისად, შპს ,,მაიფონს“ სააბონენტო ხელშეკრულება არ გაუფორმებია მომსახურების რეალურად მიმღებ პირთან და განაცხადში მითითებულ პირს არ გამოუვლენია ნება შპს ,,მაიფონთან“ სააბონენტო ხელშეკრულების დადებაზე. შპს ,,მაიფონს“ აბონენტის რეგისტრაცია არ განუხორციელებია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ელექტრონულად წაკითხვის საშუალების მქონე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული, მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარისი ინფორმაციიის მქონე მუდმივი ან ერთჯერადი საგადახდო დავალების საფუძველზე.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8269-17; 25.10.2017), შპს „მაიფონის“ ვებ-გვერდიდან ამონარიდები (შპს „მაიფონის“ შეტყობინება; აბონენტის რეგისტრაციისა და ანგარიშის მონაცემები); გადახდის ქვითარი, სატელეფონო ნომერზე 2193425 სატელეფონო მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი (სატელეფონო ზარების დეტალური ამონაბეჭდი); აბონენტის განაცხადი შპს ,,მაიფონის“ სატელეფონო მომსახურების მიღებაზე, შპს ,,მაიფონის“ სატელეფონო მომსახურების მიღებაზე აბონენტის განაცხადის შპს ,,მაიფონის“ მიერ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისიის სხდომაზე შპს ,,მაიფონის“ წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.
3. შპს ,,მაიფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;
5. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში ,,რეგლამენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ32) პუნქტის თანახმად, დისტანციური გარიგება არის ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 122 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე). ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საკომუნკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონის“ მხრიდან ადგილი აქვს სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სატელეფონო მომსახურების მიწოდებას არაიდენტიფიცირებული პირისთვის. შპს „მაიფონის“ სატელეფონო მომსახურების მიღებაზე აბონენტის განაცხადში მითითებულ პირს არ გამოუვლენია ნება შპს „მაიფონთან“ სააბონენტო ხელშეკრულების დადებაზე და მას არ მიუღია სატელეფონო მომსახურება ნომერზე 2193425. შპს „მაიფონს“ არ გაუფორმებია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული სააბონენტო ხელშეკრულება (წერილობითი სააბონენტო ხელშეკრულება ან დისტანციური გარიგება) სატელეფონო მომსახურების მიმღებ პირთან. (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 2).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაიფონის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
ვინაიდან შპს ,,მაიფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მაიფონს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მაიფონისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს „მაიფონისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
