წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 734 / 20

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2017 15:51

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017  წლის 2  ნოემბერს კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8484-17) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა, რომელშიც ითხოვს კომპანიის მიერ, ამავე წერილით, კომისიაში წარმოდგენილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და სარეკლამო დროის მყიდველ კომპანია შპს „ინტერმედია“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ხელშეკრულების დანართების და შემოწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამაუწყებლო ბაზრის, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შესწავლას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ხოლო მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კომისია  იკვლევს და ამოწმებს მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, მათ შორის სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს სარეკლამო ბაზარს. ამავე კანონის 70-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია  აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე, ასევე, ამავე მუხლის 42 პუნქტის შესაბამისად, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 (სამი) თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორიცელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულობამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

კომისია აქვე აღნიშნავს, რომ 2017 წლიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ თავისი სარეკლამო დროის გაყიდვას ახორციელებს შპს „ინტერმედია“-ს მეშვეობით და მათ შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლიდან შეიცვალა მისი შემოსავლების სტრუქტურა. შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№ 05/3260-17, 29.09.2017) მასსა და მისი სარეკლამო დროის ერთადერთ შემსყიდველ კომპანია შპს „ინტერმედიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კომისიის ანგარიშგების ფორმებში (1.9-1.5), რომლებსაც მაუწყებლები ავსებენ, მეორე კვარტლის მონაცემებში ფიქსირდებოდა შეუსაბამობა რის გამოც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ს გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№ 05/3534-1717.10.17) აღნიშნული შეუსაბამობის მიზეზისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, შპს „ინტერმედიასა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“- ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ხელშეკრულების დანართების და შემოწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის  მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება მასშივე მითითებული ინფორმაციით უნდა შეიცავდეს დანართ 1 და დანართ 2  დოკუმენტებს, თუმცა კომისიაში ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილია მხოლოდ დანართი 1. მხარეებთან ზეპირი კომუნიკაციის შედეგად გამოირკვა, რომ დანართი 2 მოცემული დროისათვის არ არის ხელმოწერილი და აქედან გამომდინარე არ იქნა წარმოდგენილი კომისიაში. შესაბამისად, კომისია განიხილავს მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხს, დანართი 2-ის გარეშე.

კომისიამ შეისწავლა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წერილი, აგრეთვე წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება (ხელშეკრულების პირობებში ცვლილებების დანართთან და დანართი 1-თან ერთად) სარეკლამო დროის შესყიდვის შესახებ  შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფების, ანგარიშსწორების, კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ. ამასთან, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეთანხმების ყველა პირობა ითვლება კონფიდენციალურად და რომ მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან მკაცრი კონფიდენციალურობა ერთმანეთისგან მიღებულ ტექნოლოგიურ, ფინანსურ, კომერციულ, ან/და სხვა სახის ინფორმაციაზე და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რომ არ დაუშვან მიღებული ინფორმაციის გახმაურება (გარდა ხელშეკრლებით პირდაპირ გათვალისწინებლი შემთხვევებისა ან/და ისეთი შემთხვევისა, როდესაც მხარე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი, კანონქვემდებარე აქტი) საფუძველზე ვალდებულლია გაამჟღავნოს ინფორმაცია). ასევე, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით მხარე უფლებამოსილია გააცნოს მათ მოცემული შეთანხმების შინაარსი მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.  კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი 1 დოკუმენტი, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფებისა, ანგარიშსწორების, კონკრეტულლ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, ასევე, შესაძლოა მხარეების შორის გამოიწვიოს, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული, ვალდებულებებისა და ჯარიმების წარმოშობა, ამასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70 მუხლის მე-4 და 42 პუნქტების შესაბამისად, შემოწირულობის დამადასტურებელ დოკუმენტებში წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე, კომისია ვალდებულია გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2017 წლის  2 ნოემბრის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8484-17) აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მოთხოვნა 2017 წლის 2 ნოემბრის (№შ-6/8484-17) წერილით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე:

ა) კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 2017 წლის 2 ნოემბერს  №შ-6/8484-17 წერილით წარმოდგენილი, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს „ინტერმედია“-ს შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, მხარეებს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება ხელშეკრულების  ზოგიერთი პირობის ცვლილების შესახებ და დანართი N1 სარეკლამო დროის შესყიდვის თაობაზე, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა;

ბ) ღია დარჩეს შემოწირულობის დამადასატურებელი დოკუმენტებით წარმოდგენილი ინფორმაცია, გარდა შემომწირველის საბანკო ანგარიშისა და პირადი ნომრის;

2. ინფორმაცია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე  უარის ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ ინფორმაცია ხდება ღია, თუ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                 ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                 მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები