წვდომის მენიუ

შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 735 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:41

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონთან“, შპს „ფლაი ტივისთან“ და შპს „მაიფონთან“  ურთიერთჩართვის შეჩერების თაობაზე სს „სილქნეტის“ განცხადების (N6/5795-17; 04.08.17) განხილვის თაობაზე კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ინექსფონის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე (განცხადება N6/6329-17; 24.08.2017) და კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, გამოვლინდა, რომ შპს ,,ინექსფონი“ სავარაუდოდ აბონენტთა იდენტიფიცირების გარეშე აფორმებდა ხელშეკრულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ინექსფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხი უნდა შესწავლილიყო სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ 2017 წლის 28 ივლისს ამოქმედდა კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ შესული ცვლილებები დისტანციური გარიგებების დადების წესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომისიამ გამოითხოვა ინფორმაცია შპს „ინექსფონისგან“ სააბონენტო ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურებთან დაკავშირებით, როგორც ახალი რეგულაციების დადგენამდე, ასევე, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდგომ პერიოდზე (კომისიის წერილი N03/3129-17; 18.09.2017).

შპს „ინექსფონის“ საპასუხო წერილის (Nშ-6/7322-17; 26.09.2017) თანახმად, სატელეფონო ნომრების (20462XX; 20493XX; 20495XX) გაცემის დროისთვის კომპანიაში მოქმედი შიდა რეგულაციის შესაბამისად, ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით გაფორმების შემთხვევაში, კომპანია კლიენტს აძლევდა 3 დღიან ვადას, რა ვადაშიც მას უნდა წარმოედგინა დასკანირებული პირადობის მოწმობა ან სხვა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნომერი იბლოკებოდა 3 დღის გასვლის შემდგომ. ამასთანავე, 3 დღის განმავლობაში, კლიენტს ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა ზარები, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა ვერ იქნებოდა 30 წამზე მეტი. შპს ,,ინექსფონის“ განმარტებით, ეს იყო ტესტ რეჟიმი, რომელიც საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ნომრის ბლოკირებით სრულდებოდა. შპს „ინექსფონის“ საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კლიენტის მიერ 3 დღიანი ვადის განმავლობაში შესაბამისი დასკანირებული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, შპს ,,ინექსფონი“ ახორციელებდა ამ დოკუმენტზე არსებული მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული პირების მონაცემებთან.

შპს ,,ინექსფონის“ საპასუხო წერილის თანახმად, კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებაში 2017 წლის 28 ივლისს განხორციელებული ცვლილებები გახდა იმის საფუძველი, რომ შპს ,,ინექსფონმა“ შეცვალოს რეგულაციები დისტანციურ გარიგებებთან დაკავშირებით და მოარგოს ის მოქმედ ნორმატიულ აქტს. შპს ,,ინექსფონის“ განცხადებით, კომპანიას დროებით შეჩერებული აქვს აბონენტებთან დისტანციური ხელშეკრულებების გაფორმების სერვისი. შპს ,,ინექსფონს“ კომუნიკაცია აქვს დამყარებული საჯარო რეესტრთან და სერვისების განვითარების სააგენტოსთან, საიდანაც სურს დაწვრილებით  და საფუძვლიანად შეისწავლოს ელექტრონული პირადობის მოწმობის მეშვეობით ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცედურები. შპს ,,ინექსფონის“ განცხადებით, კომპანიას კომუნიკაცია აქვს კომერციულ ბანკებთან, რათა მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული სერვისების მეშვეობით იქნება შესაძლებელი აბონენტის ვერიფიკაცია.

2017 წლის 11 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ მოხდა შპს ,,ინექსფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან დისტანციური გარიგების გაფორმებისთვის განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის შემოწმება. 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ინექსფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (intelphone.net/registration) შეუძლებელია ახალი აბონენტის რეგისტრაცია. ვებ-გვერდიდან ონლაინ რეგისტრაციის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება ,,მიმდინარე რეგულაციების გამო ონლაინ რეგისტრაცია დროებით შეზღუდულია, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს  სერვის ცენტრებს რეგისტრაციის გასავლელად.“ (კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი Nშ-10/7837-17; 11.10.2017).

შპს „ინექსფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 26 ოქტომბერს, რის თაობაზეც შპს „ინექსფონს“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (N03/3582-17; 23.10.2017).

საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შპს ,,ინექსფონს“ წერილობით (კომისიის წერილი N03/3591-17; 24.10.2017) ეთხოვა 2017 წლის 26 ოქტომბრამდე კომისიაში წარმოედგინა  ინფორმაცია შპს „ინექსფონის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ 2017 წლის 28 ივლისამდე მდგომარეობით და ასევე, 2017 წლის 28 ივლისის შემდეგ, აბონენტებთან დისტანციური ხელშეკრულებების დადების შეწყვეტამდე არსებული აბონენტების რაოდენობის შესახებ. ასევე, ეთხოვა წარმოედგინა 2017 წლის 28 ივლისის შემდეგ შპს „ინექსფონის“ აბონენტებთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ და სხვა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გაფორმდა აღნიშნული ხელშეკრულებები.

2017 წლის 26 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ინექსფონის“ წერილი (Nშ-6/8299-17; 26.10.2017) თანდართული სააბონენტო ხელშეკრულებებით. შპს „ინექსფონის“ წერილში აღნიშნულია, რომ „ინექსფონს“ 2017 წლის 28 ივლისამდე, კომისიის მიერ დისტანციური გარიგებების დადების შესახებ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე, აღნიშნული მეთოდით (ვებ-გვერდის მეშვეობით) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე რეგისტრირებული ჰყავს 102 აბონენტი, ხოლო 2017 წლის 28 ივლისიდან, მომხმარებლებთან გარიგების დისტანციურად დადების შეწყვეტამდე შპს ,,ინექსფონს“ დისტანციურად დადებული გარიგების საფუძველზე ჰყავს დარეგისტრირებული 36 აბონენტი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ შპს ,,ინექსფონმა“ წინამდებარე წერილით კომისიაში წარმოადგინა დისტანციური გარიგებების დადების შესახებ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ, ამ ხერხით გაფორმებული 36 სააბონენტო ხელშეკრულება, თითოეული აბონენტის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ინექსფონის“ დირექტორი რ. ახვლედიანი. კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ინექსფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით შპს „ინექსფონის“ მიერ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების შესრულების საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 9 ნოემბრისთვის.

2017 წლის 6 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8557-17; 06.11.2017), საიდანაც ირკვევა, რომ  კომისიის აპარატის უფლებამოსილმა თანამშრომელმა დ. ქუთათელაძემ შეისწავლა შპს „ინექსფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულებები, რომლებიც კომპანიამ გააფორმა დისტანციური გარიგებების დადების შესახებ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია:

1. შპს ,,ინექსფონს“ მომხმარებლებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ. მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ნუმერაციის რესურსით, რომელიც კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით გამოყოფილია ქ. თბილისის გეოგრაფიული ზონისთვის. ხელშეკრულებების შესწავლისას მომხმარებელთა მონაცემები შედარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ხმის მქონე პირთა მონაცემთა ბაზასთან და გაირკვა, რომ შპს ,,ინექსფონს“ წარმოდგენილი 36 ხელშეკრულებიდან 20 ხელშეკრულება გაფორმებული აქვს საქართველოს სხვა გეოგრაფიულ ზონაში რეგისტრირებულ მომხმარებელთან, 2 ხელშეკრულება გაფორმებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო 1 ხელშეკრულება მართვის მოწმობის დოკუმენტის საფუძველზე. შპს „ინექსფონს“ კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი საქართველოს სხვა გეოგრაფიულ ზონაში რეგისტრირებული მომხმარებლების ქ. თბილისში მფლობელობაში უძრავი ნივთის ფლობის დოკუმენტი.

2. მომხმარებლის თ. დ.-ს პირადი მონაცემები არ იძებნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ხმის მქონე პირთა მონაცემთა ბაზაში.

3. მომხმარებლის მიერ შპს „ინექსფონთან“ ხელშეკრულების გაფორმებისას არ იქნა გამოყენებული დისტანციურად ხელშეკრულების დადებისას სპეციალური წამკითხველი მოწყობილობის საშუალებით ელექტრონულად პირის იდენტიფიკაცია და ხელშეკრულების ელექტრონული ხელმოწერა, რადგან ხელშეკრულებებს თანდართული აქვს: 19 მომხმარებლის ID ბარათის, 9 მომხმარებლის - პირადობის მოწმობის (ძველი), 6 მომხმარებლის - პასპორტის, 1 მომხმარებლის - საბერძნეთის ID ბარათი და 1 მომხმარებლის - მართვის მოწმობის ფოტოასლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,ინექსფონის“ მიერ დარღვეულია კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ დისტანციური გარიგების დადებისთვის განსაზღვრული ნორმები.

კომისიის წერილით (N03/3746-17; 07.11.2017) შპს ,,ინექსფონს“ გაეგზავნა კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/8557-17; 06.11.2017), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 7 ნოემბერს.

კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ინექსფონის“ დირექტორი რ. ახვლედიანი და კომპანიის იურისტი ა. კვახაძე. შპს „ინექსფონის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ შპს „ინექსფონი“ არ იყენებდა დისტანციური გარიგებისთვის ახალი რეგულაციით დადგენილ მეთოდებს. მან აღნიშნა, რომ საბანკო ჩარიცხვებს კომპანიისთვის აწარმოებს „თიბისი ბანკი“, თუმცა, მათ არ მოეპოვებათ ინფორმაცია თანხის ჩამრიცხავი პირის შესახებ. რ. ახვლედიანის განცხადებით, მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ნახვის ერთადერთი მეთოდია ინტერნეტ-ბანკინგი ან ბანკში მისვლით საგადახდო დავალების მიცემა ბანკისთვის, რაც არაპრაქტიკულია. რ. ახვლედიანის განმარტებით, მსგავსი დავალების შესრულებას სამუშაო დღე სჭირდება და თუ თორმეტი საათის შემდეგ განხორციელდა ჩარიცხვა, შესაძლოა თანხა იმავე დღეს არ დაჯდეს ანგარიშზე. შესაბამისად, მისი აზრით, ამ მეთოდს არავინ არ გამოიყენებს.

შპს „ინექსფონის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებელმა ID ბარათის ელექტრონული წამკითხველი უნდა იყიდოს საჯარო რეესტრში და მის დასაინსტალირებლად გაიაროს რიგი პროცედურები, რაც მისი აზრით, არ არის მოქნილი პრაქტიკა, რადგან აბონენტების 95 პროცენტი ორმოცდაათ ლარიან მოწყობილობას არ შეიძენს ერთჯერადად ნომრის აღებისთვის. რ. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ  მომხმარებლებისგან  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის მოთხოვნა არ არის ის სტანდარტი, რომელსაც კომისიის დადგენილება განსაზღვრავს კომპანიებისთვის, თუმცა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელსაც შპს ,,ინექსფონი“ ითხოვდა მომხმარებლებისგან, ამცირებდა არაიდენტიფიცირებადი აბონენტებისთვის მომსახურების მიწოდების რისკს. მისი განცხადებით, შპს „ინექსფონმა“ შეაჩერა დისტანციური გარიგებების დადება და კომპანიას ვებ-გვერდის მეშვეობით ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი შეჩერებული ექნება მანამ, სანამ არ დადგინდება ახალი რეგულაციები ან კომპანია არ მოახდენს ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების იმპლემენტაციას.

შპს „ინექსფონის“ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია აბონენტებს თბილისის გეოგრაფიული ნომრების გარდა, ასევე სთავაზობს სხვა ნომრებსაც. შპს „ინექსფონს“ აქვს აღებული 3000 სააბონენტო ნომერი 706 ინდექსით და მომხმარებელს აძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას. მიუხედავად ამისა, რ. ახვლედიანის განმარტებით, მომხმარებლები არ იყენებენ ამ ნომრებს და ყველა ირჩევს თბილისის ნუმერაციის რესურსის ნომრებს იმ მიზეზით, რომ ისინი მარტივია და ყველასთვის ცნობილია. 

II. გამოკვლეული მტკიცებულებები 

1. შპს „ინექსფონის“ განცხადება (N6/6329-17; 24.08.2017) თანდართული დოკუმენტაციით;

2. შპს ,,ინექსფონის“  წერილი (Nშ-6/7322-17; 26.09.2017);

3. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/7837-17; 11.10.2017).

4. შპს ,,ინექსფონის“ წერილი (Nშ-6/8299-17; 26.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით;

5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-10/8557-17; 06.11.2017);

6. შპს „ინექსფონის“ შესახებ მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

7. კომისიაში დაცული CDR-ბი შპს ,,ინექსფონის“ სააბონენტო ნომრებიდან სატელეფონო ზარების განხორციელების თაობაზე;

8. მონაცემები საჯარო რეესტრიდან შპს ,,ინექსფონის“ აბონენტების სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

9. შპს „ინექსფონის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება. 

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 

1. შპს „ინექსფონი“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება: ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსით უზრუნველყოფა); 

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი.

2. შპს „ინექსფონი“, კომისიის გადაწყვეტილებების (№216/24; 23.04.2015; №831/24; 22.12.2016; №537/24;  10.08.2017) შესაბამისად, ფლობს 2496XXX-2497XXX, 204 5X XX - 204 9X XX და 204 0X XX - 204 4X XX ნუმერაციის რესურსებს ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის (გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი); 

3. 2017 წლის 11 ოქტომბერს, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის მიერ მოხდა შპს „ინექსფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან დისტანციური გარიგების გაფორმებისთვის განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის შემოწმება. 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,ინექსფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან (intelphone.net/registration) შეუძლებელია ახალი აბონენტის რეგისტრაცია. ვებ-გვერდიდან ონლაინ  რეგისტრაციის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება „მიმდინარე რეგულაციების გამო ონლაინ რეგისტრაცია დროებით შეზღუდულია, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენ  სერვის ცენტრებს რეგისტრაციის გასავლელად.“

მტკიცებულება: (კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი Nშ-10/7837-17; 11.10.2017). 

4. შპს ,,ინექსფონმა“ 2017 წლის 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით დაარეგისტრირა 7 აბონენტი და გადასცა 204 XXXX და 249XXXX ნუმერაციის  რესურსის ტელეფონის ნომრები. აღნიშნული აბონენტებიდან 5 აბონენტი რეგისტრირებულია თბილისის ფარგლებს გარეთ არსებულ მისამართებზე. თბილისის ფარგლებს გარეთ არსებულ მისამართებზე რეგისტრირებული აბონენტებიდან 4 აბონენტის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ნივთი თბილისში. (ტელეფონის ნომრები და აბონენტების რეგისტრაციის თარიღები: 20471XX – 10.09.17; 20458XX – 09.09.17; 20451XX-09.09.17; 20480XX- 09.09.17). შპს ,,ინექსფონს“ კომისიაში არ წარმოუდგენია ამ აბონენტების მიერ თბილისში რაიმე უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-10/8557-17; 06.11.2017); შპს „ინექსფონის“ წერილი (Nშ-6/8299-17; 26.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით; მონაცემები საჯარო რეესტრიდან შპს ,,ინექსფონის“ აბონენტების სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 

5. შპს ,,ინექსფონმა“ 2017 წლის 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით 7 აბონენტის დარეგისტირებისას არ დადო კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული დისტანციური გარიგებები აღნიშნულ აბონენტებთან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა და ასევე,  საგადასახადო დავალების საფუძველზე, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე). ამასთანავე, შპს „ინექსფონს“ არ დაუდია წერილობითი სააბონენტო ხელშეკრულებები აღნიშნულ აბონენტებთან (ტელეფონის ნომრები და აბონენტების რეგისტრაციის თარიღები: 24979XX – 14.09.17; 24979XX – 13.09.17;  20471XX – 10.09.17; 20458XX – 09.09.17; 20451XX-09.09.17; 20480XX- 09.09.17). ავტორიზებულ პირთა ქსელში განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი CDR-ბის მიხედვით, შპს „ინექსფონის“ მიერ 2017 წლის 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეგისტრირებულ აბონენტთა ზემოთ მითითებული ნომრები ამა წლის სექტემბერში აქტიური იყო და ამ ნომრებზე შესაძლებელი იყო სატელეფონო მომსახურების მიღება.    

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით (Nშ-10/8557-17; 06.11.2017); შპს „ინექსფონის“ წერილი (Nშ-6/8299-17; 26.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით; შპს ,,ინექსფონის“ დირექტორის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება; კომისიაში დაცული CDR-ბი შპს ,,ინექსფონის“ სააბონენტო ნომრებიდან სატელეფონო ზარების განხორციელების თაობაზე.

6. შპს „ინექსფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი დარღვევებისთვის. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას;

5. კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდგომში ,,რეგლამენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ32) პუნქტის თანახმად, დისტანციური გარიგება არის ერთი ან რამდენიმე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადებული შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, დისტანციური გაყიდვისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე, მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე. ამავე რეგლამენტის 122 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დისტანციური გარიგება ისეთი ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ავტორიზებული პირის მიერ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მომხმარებელზე გაცემასთან ან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფასთან (გარდა არაუმეტეს სამი დღის ხანგრძლივობით განხორციელებული ინტერნეტთან უსადენო ერთჯერადი ან/და დღიური წვდომის შემთხვევებისა), დადოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)  ელექტრონულად წაკითხვის საშუალებას იძლევა, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია, მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით, ამ დადგენილების 122 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისა) მიწოდების თაობაზე დისტანციური გარიგების გაფორმებისას, იმ მომხმარებელთან  რომელსაც კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ბანკის მიერ განხორციელებულია კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (გადამოწმება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით გააქტიურებული მუდმივი ან ერთჯერადი საგადასახადო დავალება, რომელიც შეიცავს მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო საკმარის ინფორმაციას (მინიმუმ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მის სახელზე გაფორმებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დატანილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე). ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საკომუნკაციო მომსახურების მიმწოდებელი, მიუხედავად იმისა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თუ რომელი წესით ახდენს მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და გადამოწმებას, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება.

6. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ გეოგრაფიული სააბონენტო ნომრები გაიცემა იმ გეოგრაფიულ ზონაში, რომელშიც რეგისტრირებულია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სათანადოდ გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების გარეშე აბონენტებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებით შპს ,,ინექსფონმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი. ამასთანავე, თბილისის ფარგლებს გარეთ არსებულ მისამართებზე რეგისტირებულ იმ აბონენტებზე, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას თბილისში, თბილისის გეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის გაცემით, შპს ,,ინექსფონმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ინექსფონის“ მიმართ გამოყენებული არ ყოფილა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი დარღვევებისთვის. შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. 

V. სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების,  კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, 122 მუხლის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შპს „ინექსფონს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2012 წლის 21 თებევრლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ინექსფონისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს „ინექსფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-3, მე-4 და მე-5  პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე                                       კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები