წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 736 / 20

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 17, 2017 15:53

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017  წლის 19 ოქტომბერს კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8095-17) მიმართა შპს „ტელეიმედმა“ რომელშიც ითხოვს კომპანიის მიერ, ამავე წერილით, კომისიაში წარმოდგენილი შპს „ტელეიმედსა“ და სარეკლამო დროის მყიდველ კომპანია შპს „ინტერმედია“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების  კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამაუწყებლო ბაზრის, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შესწავლას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ხოლო მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კომისია  იკვლევს და ამოწმებს მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, მათ შორის სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავსთავად მოიცავს სარეკლამო ბაზარს. ამავე კანონის 70-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

კომისია აღნიშნავს რომ შპს „ტელეიმედი“ თავისი სარეკლამო დროის გაყიდვას ახორციელებს შპს „ინტერმედია“-ს მეშვეობით და მათ შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლიდან შეიცვალა მისი შემოსავლების სტრუქტურა. შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა  (№ 025/3261-17, 29.09.2017)  მასსა და მისი სარეკლამო დროის ერთადერთ შემსყიდველ კომპანია შპს „ინტერმედიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენის თაობაზე.

შპს „ტელეიმედმა“ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, შპს „ინტერმედიასა“ და შპს „ტელეიმედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა,  კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მასშივე მითითებული ინფორმაციით უნდა შეიცავდეს დანართ 1 და დანართ 2  დოკუმენტებს, თუმცა კომისიაში ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილია მხოლოდ დანართი 1. მხარეებთან ზეპირი კომუნიკაციის შედეგად გამოირკვა, რომ დანართი 2 მომცემული დროისათვის არ არის ხელმოწერილი და აქედან გამომდინარე არ იქნა წარმოდგენილი კომისიაში. შესაბამისად, კომისია განიხილავს მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხს, დანართი 2-ის გარეშე.

კომისიამ შეისწავლა შპს „ტელეიმედი“-ს წერილი, აგრეთვე წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნია, რომ შპს „ტელეიმედი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება (დანართი 1-თან ერთად) სარეკლამო დროის შესყიდვის შესახებ შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფებისა, ანგარიშსწორების, კონკრეტულლ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ. ამასთან, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეთანხმების ყველა პირობა ითვლება კონფიდენციალურად და რომ მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან მკაცრი კონფიდენციალურობა ერთმანეთისგან მიღებულ ტექნოლოგიურ, ფინანსურ, კომერციულ, ან/და სხვა სახის ინფორმაციაზე და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რომ არ დაუშვან მიღებული ინფორმაციის გახმაურება (გარდა ხელშეკრლებით პირდაპირ გათვალისწინებლი შემთხვევებისა ან/და ისეთი შემთხვევისა, როდესაც მხარე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი, კანონქვემდებარე აქტი) საფუძველზე ვალდებულია გაამჟღავნოს ინფორმაცია). ასევე, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით მხარე უფლებამოსილია გააცნოს მათ მოცემული შეთანხმების შინაარსი მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, დანართ 1-თან ერთად შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფებისა, ანგარიშსწორების, კონკრეტულლ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, ასევე, შესაძლოა მხარეების შორის გამოიწვიოს, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული, ვალდებულებებისა და ჯარიმების წარმოშობა; კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ტელეიმედი“-ს 2017 წლის 19 ოქტომბრის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8095-17) აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „ტელეიმედი“-ს მოთხოვნა 2017 წლის 19 ოქტომბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8095-17) კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე:

2. კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „ტელეიმედი“-ს 2017 წლის 19 ოქტომბრის №შ-6/8095-17 წერილით წარმოდგენილი, შპს „ტელეიმედსა“ და შპს „ინტერმედია“-ს შორის 2016 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და დანართი N1 სარეკლამო დროის შესყიდვის თაობაზე, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა;

3. ინფორმაცია შპს „ტელეიმედი“-ს კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ტელეიმედი“-ს მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედი“-თვის დაუყონებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                 ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                 მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები