წვდომის მენიუ

შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 742 / 12

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 14, 2017 10:58

მიღების თარიღი ნოემბერი 09, 2017

შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ  კომისიას  განცხადებით მიმართა შპს ,,მობიტელმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/8020-17, 17/10/2017) ტექსტური/მულტიმედიური  შეტყობინებების 10 ნომრიან ბლოკზე, უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. 

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიამ შეისწავლა შპს ,,მობიტელის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უარს ეტყვის ნებართვის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადასტურდა, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ, რომელიც უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, არ არის ათვისებული (იმავე გეოგრაფიულ ზონაში – გეოგრაფიული ნუმერაციის რესურსის შემთხვევაში) კომისიის მიერ მასზე იმავე სახის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%.

კომისია აღნიშნავს, რომ ასეთი სახის მომსახურებაზე შპს „მობიტელი“ უკვე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას 20 სააბონენტო ნომერზე კომისიის 2012 წლის 27 ივლისის  №496/24 და 2016 წლის 25 აპრილის N263/4 გადაწყვეტილებებით, აქედან გამომდინარე, მასზე ვრცელდება კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული 75%-ის ათვისების ვალდებულება. კომისიის ინფორმაციულ ანალიტიკურ პორტალზე შპს „მობიტელს“ ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე ინფორმაცია ატვირთული ჰქონდა მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, რომლის მიხედვით შპს „მობიტელს“ 2017 წლის თებერვლის ჩათვლით ჰყავდა 10 რეგისტრირებული აბონენტი. შპს „მობიტელმა“ ზემოაღნიშნული მონაცემები დააკორექტირა 2017 წლის 6 ნოემბერს და 9 ნოემბრის მონაცემებით გაცემული 20 სააბონენტო ნომრიდან ჰყავს 8 რეგისტრირებული აბონენტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „მობიტელს“ არ აქვს შესრულებული კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული 75%-ის ათვისების ვალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-4 მუხლის გ) ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას შპს ,,მობიტელს” ტექსტური/მულტიმედიური  შეტყობინებების ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემაზე;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ,,მობიტელისთვის” ჩაბარებისთანავე; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

 ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები