წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 750 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2017 16:40

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის №შ-10/8459-17 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,  2017 წლის 6 ნოემბერს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ  წინასაარჩევნო დებატების გადაცემის  წესის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“)  საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7767-17), რომლის თანახმადაც მპგ „ეროვნულმა ფორუმმა“ („შენების მოძრაობამ“), როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით მიმართა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს  და მოითხოვა მის ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნული საჩივრის მიღების შემდეგ,  2017 წლის 11 ოქტომბერს კომისიამ წერილობით მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს (წერილი N04/3467-17) და მოსთხოვა განმარტება „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) საჩივართან დაკავშირებით. 2017 წლის 18 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა „რუსთავი 2“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8078-17), სადაც ტელეკომპანია განმარტავს, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია დაეყრდნო საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. აგრეთვე, წერილში აღინიშნა, რომ თუ სამაუწყებლო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე არჩევნებამდე კვლავ გაიმართებოდა დებატების პროგრამა, ტელეკომპანია აუცილებლად მიიწვევდა „ეროვნულ ფორუმს“ („შენების მოძრაობას“) დებატებში მონაწილეობის მისაღებად.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე მპგ „ეროვნული ფორუმი“ („შენების მოძრაობა“) არ ყოფილა მიწვეული შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ გადაცემულ წინასაარჩევნო დებატების პროგრამაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პოზიცია, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე ვერ მიიწვიეს კვალიფიციური სუბიექტი დებატებში და ისინი დაეყრდნენ სოციოლოგიურ კვლევებს სტუმრების შერჩევისას, ვერ ჩაითვლება კანონით დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილების საფუძვლად. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში, რაც არ არის დაკავშირებული სოციოლოგიურ კვლევებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის - მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) მიწვევის გარეშე წინასაარჩევნო დებატების გამართვით, დაირღვა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2017 წლის 9 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, კომისიამ იმსჯელა 2017 წლის 9 და 16 ნოემბრის სხდომებზე. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წარმომადგენლებმა დიმიტრი საძაგლიშვილმა (9 ნოემბრის სხდომაზე) და თამთა მურადაშვილმა (16 ნოემბრის სხდომაზე) განაცხადეს, რომ უკანასკნელი არჩევნების დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 20 საარჩევნო სუბიექტი იყო აღიარებული კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად. ასეთ პირობებში კი დებატების ფორმატში მაუწყებლისთვის შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წარმოდგენა, შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანის რუსთავი 2“-ის წინასაარჩევნო დებატებში ის 7 პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ, როგორც წინა არჩევნებზე, ისე სოციოლოგიური კვლევებით, ამდენად, მაუწყებლის წარმომადგენელთა აზრით, ადგილი არ ჰქონია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მხრიდან დისკრიმინაციას კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთა მიმართ. 

II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის №შ-10/8459-17 სამსახურებრივი ბარათი;
  2. მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) 09.10.17 Nშ-6/7767-17 საჩივარი;
  3. მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) 15.09.17 N107 წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს;
  4. კომისიის 11.10.17 N04-3467-17 წერილი შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს;
  5. შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის 18.10.17 Nშ-6/8078-17 წერილი;
  6. კომისიის 19.10.17 N03/3543-17 წერილი შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს; 

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს საერთო ეროვნულ მაუწყებელს, რომელმაც გააშუქა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ვალდებული იყო წინასაარჩევნო დებატები გადაეცა არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით;
  2. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების (www.cesco.ge) თანახმად, მპგ „ეროვნული ფორუმი“ („შენების მოძრაობა“) წარმოადგენს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს და 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო „შენების მოძრაობის“ სახელწოდებით;
  3. 2017 წლის 15 სექტემბერს მპგ  „ეროვნულმა ფორუმმა“ („შენების მოძრაობამ“) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  წერილობით  აცნობა, რომ  მპგ „ეროვნული ფორუმი“ („შენების მოძრაობა“) არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილეობს „შენების მოძრაობის“ სახელწოდებით და მოითხოვა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა, კანონის შესაბამისად, რასაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს რეაგირება არ მოჰყოლია;
  4. 2017 წლის 9 ოქტომბერს მპგ „ეროვნულმა ფორუმმა“ („შენების მოძრაობამ“) Nშ-6/7767-17 საჩივრით მომართა კომისიას, მოსთხოვა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა, შესაბამისი რეაგირება და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) დებატებში მიწვევის დავალდებულება;
  5. კომისიამ 2017 წლის 11 და 19 ოქტომბერს წერილობით მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანის რუსთავი 2“-ს და  კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემასთან დაკავშირებით;
  6. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველკვირეულად გადაიცემოდა წინასაარჩევნო დებატები. მპგ „ეროვნული ფორუმი“ („შენების მოძრაობა“) არ ყოფილა მიწვეული აღნიშნული მაუწყებლის მიერ გამართულ არცერთ წინასაარჩევნო დებატში;

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს,რომ მაუწყებელი უფლებამოსილია წინასაარჩევნო დებატებში მიიწვიოს სოციოლოგიური კვლევების შედეგების გათვალისწინებით, მაღალი რეიტინგის მქონე საარჩევნო სუბიექტი, თუმცა ასეთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აღიარებული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის დებატებში მონაწილეობის უფლების შელახვა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) წინასაარჩევნო დებატებში არ მიწვევით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, მსგავსი დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს გაფრთხილება. 

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიეცეს  გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                            მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები