წვდომის მენიუ

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 751 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2017 16:42

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის №შ-10/8459-17 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,  2017 წლის 6 ნოემბერს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ  წინასაარჩევნო დებატების გადაცემის წესის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“)  საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7767-17), რომლის თანახმადაც მპგ „ეროვნულმა ფორუმმა“ („შენების მოძრაობამ“), როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით მიმართა შპს „ტელეიმედს“  და მოითხოვა მის ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, აღნიშნული საჩივრის მიღების შემდეგ, 2017 წლის 11 ოქტომბერს კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ტელეიმედს“ (წერილი N04/3468-17) და მოსთხოვა განმარტება „ეროვნული ფორუმის“ (შენების მოძრაობის“) საჩივართან დაკავშირებით. 2017 წლის 23 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8206-17), სადაც აღინიშნა, რომ დებატების პროგრამაში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა არ იქნა უზრუნველყოფილი ტექნიკური  ხარვეზის გამო. წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შედგა კომუნიკაცია მპგ „ეროვნულ ფორუმთან“ („შენების მოძრაობასთან“) და მიღწეულ იქნა შეთანხმება, კერძოდ აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას თანაზომადი დრო დაეთმო სხვა გადაცემებში, სადაც მპგ „ეროვნულ ფორუმს“ („შენების მოძრაობას“) შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა საკუთარი საარჩევნო პროგრამა და ხედვები. 

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე მპგ „ეროვნული ფორუმი“ („შენების მოძრაობა“) არ ყოფილა მიწვეული არცერთი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ პოზიცია, რომ მის მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) მონაწილეობის გარეშე წინასაარჩევნო დებატების გამართვა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, ვერ ჩაითვლება კანონით დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილების საფუძვლად. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში. შპს „ტელეიმედი“ აცხადებს, რომ მოხდა შეთანხმება და მპგ „ეროვნულ ფორუმს“ („შენების მოძრაობას“) მიეცა დრო სხვა გადაცემებში, თუმცა კანონის ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები მიუთითებენ კვალიფიციური სუბიექტების მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულებაზე სწორედ წინასაარჩევნო დებატებში და არა რომელიმე სხვა გადაცემაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის - მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) მიწვევის გარეშე წინასაარჩევნო დებატების გამართვით, დაირღვა ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2017 წლის 9 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს „ტელეიმედს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 16 ნოემბრის სხდომისთვის.

კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანდრო ლაშხი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ტელეიმედის“ ეთერში  მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) მიწვევის გარეშე წინასაარჩევნო დებატების გამართვა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით. ა.ლაშხმა ასევე, აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დაუკავშირდა მპგ „ეროვნულ ფორუმს“ („შენების მოძრაობას“) და შესთავაზა საეთერო დრო, რომელიც აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენა და მართალია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს არ მიეცა დებატებში მონაწილეობის საშუალება, თუმცა მაუწყებლის მხრიდან გარკვეული დოზით კომპენსირება მოხდა მპგ „ეროვნული ფორუმისთვის“ („შენების მოძრაობისთვის“) საეთერო დროის სხვა გადაცემაში დათმობით.

II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტის 2017 წლის 01 ნოემბრის №შ-10/8459-17 სამსახურებრივი ბარათი;
  2. მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) 09.10.17 Nშ-6/7767-17 საჩივარი;
  3. მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) 15.09.17 N106 წერილი შპს „ტელეიმედს“;
  4. კომისიის 11.10.17 N04-3468-17 წერილი შპს „ტელეიმედს“;
  5. შპს „ტელეიმედის“ 23.10.17 Nშ-6/8206-17 წერილი;
  6. კომისიის 19.10.17 N03/3542-17 წერილი შპს „ტელეიმედს“.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „ტელეიმედი“ წარმოადგენს საერთო ეროვნულ მაუწყებელს, რომელმაც გააშუქა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ვალდებული იყო წინასაარჩევნო დებატები გადაეცა არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით;
  2. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების (www.cesco.ge) თანახმად, მპგ „ეროვნული ფორუმი“ („შენების მოძრაობა“) წარმოადგენს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს და 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო „შენების მოძრაობის“ სახელწოდებით;
  3. 2017 წლის 15 სექტემბერს მპგ „ეროვნულმა ფორუმმა“ შპს „ტელეიმედს“  წერილობით  აცნობა, რომ  მპგ „ეროვნული ფორუმი“ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილეობს „შენების მოძრაობის“ სახელწოდებით და მოითხოვა შპს „ტელეიმედის“ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობა, კანონის შესაბამისად, რასაც შპს „ტელეიმედის“ რეაგირება არ მოჰყოლია;
  4. 2017 წლის 9 ოქტომბერს მპგ „ეროვნული ფორუმმა“ („შენების მოძრაობამ“) Nშ-6/7767-17 საჩივრით მომართა კომისიას, მოსთხოვა შპს „ტელეიმედის“ მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა, შესაბამისი რეაგირება და შპს „ტელეიმედისთვის“ მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) დებატებში მიწვევის დავალდებულება;
  5. კომისიამ 2017 წლის 11 და 19 ოქტომბერს წერილობით მიმართა შპს „ტელეიმედს“ და  კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემასთან დაკავშირებით;
  6. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, შპს „ტელეიმედის“ ეთერში ყოველკვირეულად გადაიცემოდა წინასაარჩევნო დებატები. მპგ „ეროვნული მოძრაობა“ (შენების მოძრაობა) არ ყოფილა მიწვეული აღნიშნული მაუწყებლის მიერ გამართულ არცერთ წინასაარჩევნო დებატში. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

კომისია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო დებატებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობის უფლების სანაცვლოდ, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სხვა გადაცემაში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ვერ ჩაითვლება მაუწყებლის მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულების შესრულებად.

ამდენად, შპს „ტელეიმედის“ მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მპგ „ეროვნული ფორუმის“ („შენების მოძრაობის“) მიწვევის გარეშე წინასაარჩევნო დებატების გადაცემით, მაუწყებლის მიერ დარღვეულია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი. იმის გათვალიწინებით, რომ შპს „ტელეიმედს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, მსგავსი დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შპს „ტელეიმედი“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა მიეცეს გაფრთხილება. 

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეიმედს“ მიეცეს  გაფრთხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის დარღვევის გამო;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ტელეიმედისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „ტელეიმედისთვის“;

5. დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                             მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები