წვდომის მენიუ

შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 752 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2017 11:05

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017

შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2017 წლის 20 ოქტომბრის №შ-10/8158-17 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2017 წლის 30 ოქტომბერს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილების 105 მუხლის პირველი პუნქტისა და  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 ნოემბრის N355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს: შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით დაევალათ გადაწყვეტილების მიღებიდან  ორი თვის ვადაში საერთაშორისო ზარების დასრულების  ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემის დანერგვა.

ერთიანი მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის ავტორიზებული პირების მიერ შერჩეული იქნა კომპანია „SIGOS“-ი.  კომპანია „SIGOS“-ის მიერ ყოველდღიურად ხდება სატესტო ზარების შესახებ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება შპს „მაგთიკომის“ (2017 წლის 22 აგვისტოდან) და შპს „ჯეოსელის“ (2017 წლის 19 სექტემბრიდან) ქსელში განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ. ასევე შპს „ჯეოსელთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში  „SIGOS“-ი დამატებით აწვდის კომისიას შპს „მობიტელის“ ქსელში განხორციელებული სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციასაც. „SIGOS“-ის მიერ მოწოდებული სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზიდან გამოირკვა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შპს „მობიტელის“ სატელეფონო ნომრებიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით 995571239XXX. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო ნომრებიდან 995571239XXX როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მობიტელის“ ქსელში.

2017 წლის 27 სექტემბერს კომისიამ შპს „მობიტელს“ გადაუგზავნა (27.09.11 N11/3218-17 „SIGOS“-ის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი  ე. წ. „სიმბოქსში“ გამოყენებული სააბონენტო ნომრების სია და მოსთხოვა კომპანიას სიაში მითითებული სატელეფონო ნომრების მფლობელ აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებების ასლების კომისიაში წარმოდგენა. შპს „მობიტელმა“ 2017 წლის 12 ოქტომბერს წარმოადგინა (Nშ-6/7872-17) სამ ფიზიკურ პირზე და ასევე სამ იურიდიულ პირზე სააბონენტო ხელშეკრულების ასლები. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ შპს „მობიტელმა“ არასრულად წარმოადგინა ინფორმაცია.  127 ნომრიდან შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი იქნა ხელშეკრულებების ასლები მხოლოდ სამ ფიზიკურ პირზთან შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 579111625, 579127542 და 574128179. ხელშეკრულებებში მითითებული მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ შეესაბამება რეალობას (გადამოწმებული იქნა ცესკოს ვებ გვერდზე).  ასევე წარმოდგენილი იქნა სამ იურიდიულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, რომლებსაც არ ახლავს დანართი  იმის შესახებ, თუ რომელი სატელეფონო ნომრები გადაეცა ამ იურიდიულ პირებს.  ელექტრონული ფოსტით შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ  დადასტურებული იქნა, რომ სატელეფონო ნომრები 571239156, 571239182, 571239194, 571239300, 571239342. 571239350, 571239351 არის შპს „იპა IPA”-ს მფლობელობაში, მაგრამ არა 2017 წლის 17 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, არამედ შემდეგი დამატებითი ხელშეკრულებით. პირველადი ხელშეკრულების დანართი ან სულ რამდენი სატელეფონო ნომერია შპს „იპა IPA”-ს მფლობელობაში კომისისთვის ასეთი ინფორმაცია შპს „მობიტელს“ არ მიუწოდებია. 

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია: 1.  „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მეორე პუნქტის ა) ქვეპუნქტი: 2. „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ 105 მუხლის პირველი პუნქტი და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი; 3. „ელექრონული კომუნიკაციების შესახებ „საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტები; 4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2017 წლის 2 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს „მობიტელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2017 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი, კომპანიამ წერილობით (შ-6/8488-17) იშუამდგომლა  საკითხის გადადებაზე. საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 9 ნოემბრისთვის.

2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „მობიტელის“ წამომადგენლები: ი.ესართია და ი.აფრიდონიძე. კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს აბონენტთა ნაწილთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები (09.11.17 Nშ-6/8682-17) და მოითხოვეს დამატებითი დრო, ხელშეკრულებების სრულად წარმოსადგენად. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელთა შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 16 ნოემბრისათვის.

შპს „მობიტელმა“ 2017 წლის 15 ნოემბერს კვლავ წარმოადგინა (Nშ-6/8847-17  )  აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა შპს „მობიტელის“ მიერ 2017 წლის 9 და 15 ნოემბერს წარმოდგენილი ხელშეკრულებები და კომისიას წარუდგინა დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი 16.11.17 Nშ-10/8854-17), რომლის თანახმად, შპს „მობიტელმა“ მთლიანობაში, 2017 წლის 12 ოქტომბრის, 9 ნოემბრის  და 15 ნოემბრის (N997/17, N1058/17და N1069-17)  წერილებით წარმოადგინა 117 სააბონენტო ნომერზე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები. 13 სააბონენტო ხელშეკრულება (18 სააბონენტო ნომერზე)  წარმოდგენილია სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, სადაც მითითებულია მხოლოდ ქვეყნის დასახელება და არ არის მისამართი, აქედან 3 ნომერზე არ არის მითითებული ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე გაფორმებული  სააბონენტო ხელშეკრულებების (93 სააბონეტო ნომერზე)  შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების თარიღი არ არის მითითებული 64 ხელშეკრულებაზე; ერთი ხელშეკრულება გაფორმებულია 10 ციფრიან, ხოლო ერთი  5 ციფრიან პირადი ნომრის მქონე მომხმარებელზე (საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომერი 11 ნიშნაა); მისამართი არ არის მითითებული 61 სააბონენტო ხელშეკრულებაზე (ზოგიერთ მათგანზე წერია უმისამართო); 5  ხელშეკრულება (6 სააბონენტო ნომერზე) ისეთ ფორმაშია წარმოდგენილი, რომ შეუძლებელია პირადი ნომრის გარჩევა. მომხმარებლების პერსონალური მონაცემები შემოწმდა ცესკოს ამომრჩეველთა სიის ბაზაში. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მხოლოდ სამი მომხმარებელის შესახებ  მონაცემები იძებნება ამომრჩეველთა სიაში; ასევე ამომრჩეველთა სიაში იძებნება წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან 30 მომხმარებლის პირადი ნომერი,  მაგრამ გვარი არ ემთხვევა. დანარჩენი მომხმარებლის მონაცემები საერთოდ არ იძებნება.

ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, შპს „მობიტელს“ არ  წარმოუდგენია სააბონენტო ხელშეკრულების ასლები 10 სატელეფონო ნომერზე. წარმოდგენილი აქვს სამ იურიდიულ პირთან (შპს „ფასტ-კოფი“, შპს „იპა IPA”,  შპს „გლობალ თრეიდინგ“) გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები, რომლებსაც არ ახლავს დანართები, აქედან გამომდინარე უცნობია რომელ სააბონენტო ნომრებზე ემსახურება შპს „მობიტელი“ ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირებს.

შპს „მობიტელის“ სააბონენტო ნომრებიდან 995 571239XXX 24 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდებოდა ე. წ. SIMBOX-ის მეშვეობით საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება და საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოდგენა. ელექტრონული ფოსტით შპს „მობიტელის“ წარმომადგენლის მიერ  დადასტურებული იქნა, რომ სატელეფონო ნომრები 571239156, 571239182, 571239194, 571239300, 571239342. 571239350, 571239351 არის შპს „იპა IPA”-ს მფლობელობაში, მაგრამ არა 2017 წლის 17 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით. შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, თუ რომელ აბონენტს ეკუთვნის სატელეფონო ნომერი: 995574401634, 95574167857, 995579112592.

2017 წლის 16 ნოემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი, რომელსაც დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.

II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8158-17; 20.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. შპს „მობიტელის“ 2017 წლის 12 ოქტომბრის (Nშ-6/7872-17) წერილი თანდართული აბონენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთად;
  3. შპს „მობიტელის“ 2017 წლის 2 ნოემბრის წერილობითი შუამდგომლობა (შ-6/8488-17) საკითხის გადადების თაობაზე;
  4. შპს „მობიტელის“ 2017 წლის 9 ნოემბრის (Nშ-6/8682-17) წერილი თანდართული აბონენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთად;
  5. შპს „მობიტელის“ 2017 წლის 15 ნოემბრის (Nშ-6/8847-17) წერილი თანდართული აბონენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთად;
  6. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის (16.11.17 Nშ-10/8854-17) სამსახურებრივი დასკვნა;
  7. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნათია დევდარიანის 02.11.17 Nშ-10/8509-17 სამსახურებრივი ბარათი.
  8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მობიტელის“ შესახებ;
  9. კომისიის სხდომაზე შპს ,,მობიტელის” წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები. 

III. კომისის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 

1. შპს  ,,მობიტელი“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება); 

მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,მობიტელის“ შესახებ; 

2. 2017 წლის 24 სექტემბრიდან 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით შპს „მობიტელის“ სატელეფონო ნომრებიდან განხორციელდა  საერთაშორისო ზარებზე „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით 995571239XXX.  სატელეფონო ნომრებიდან 995571239XXX როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მობიტელის“ ქსელში.

მტკიცებულება:

ა)„SIGOS“-ის მიერ კომისიისთვის მოწოდებული მონიტორინგის შედეგები;

ბ) კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის  (20.10.17 №შ-10/8158-17) სამსახურებრივი ბარათი.

3. კომისიის მიერ შპს „მობიტელისგან“ გამოთხოვილი იქნა 127 სატელეფონო ნომრის მფლობელ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;

მტკიცებულება: კომისიის 29.09.2017 11/3318-17 წერილი შპს „მობიტელს“;

4. შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მითითებული აბონენტების დიდი ნაწილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაიდან, შპს „მობიტელის“ მიერ კომისიისთვის წარმოდგენილ 117 სააბონენტო ნომერზე გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულ აბონენტთა მონაცემები ან არასრულია ან არასწორი. კერძოდ, წარმოდგენილია უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან 18 სააბონენტო ნომერზე გაფორმებული 13 სააბონენტო ხელშეკრულება, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს თარიღი და  მისამართი (მითითებულია მხოლოდ ქვეყანა);  93 სააბონენტო ნომერზე წარმოდგენილია საქართველოს მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთაგან ზოგიერთ მათგანზე პირადი ნომერი არ არის 11 ციფრიანი, უმეტესობაზე არ არის მითითებული აბონენტის მისამართი, ცესკოს ამომრჩეველთა სიის ბაზაში გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მხოლოდ სამი მომხმარებელის შესახებ  მონაცემები იძებნება ამომრჩეველთა სიაში; ასევე ამომრჩეველთა სიაში იძებნება წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან 30 მომხმარებლის პირადი ნომერი,  მაგრამ გვარი არ ემთხვევა. დანარჩენი მომხმარებლის მონაცემები საერთოდ არ იძებნება. შპს „მობიტელის“ მიერ 10 სააბონენტო ნომერზე საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი ხელშეკრულება.

მტკიცებულება:

ა) შპს „მობიტელის“ 12.10.17 Nშ-6/7872-17, 09.11.11 Nშ-6/8682-17 და 15.11.17  Nშ-6/8847-17 წერილებით წარმოდგენილი სააბონენტო ნომრებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;

ბ) კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის (16.11.17 Nშ-10/8854-17) სამსახურებრივი ბარათი.

5. შპს „მობიტელს“ კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის   მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო, რაც გულისხმობს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას;

მტკიცებულება: კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 გადაწყვეტილება;

6. შპს „მობიტელის“ ბოლო 1 წლის შემოსავლის 0.5% აღემატება 30 000 ლარს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნათია დევდარიანის 02.11.17 Nშ-10/8509-17 სამსახურებრივი ბარათი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია.
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას; 
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად; 
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია   შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას; 
  6. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც;
  7. „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი;
  8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა და არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;
  9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე.  თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
  10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. 

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს. კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებულ პირს აკისრებს აბონენტებთან როგორც ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორის შემოწმების ვალდებულებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემულ სააბონენტო ნომრები ხშირ შემთხვევებში გამოიყენება ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. „სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწყობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „მობიტელის“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მობიტელის“ მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება ანალოგიური დარღვევისთვის, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 

შპს „მობიტელის“ მიერ საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით დარღვეულია „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტები. შპს „მობიტელის“ მიერ უკანასკნელი 1 წლის მანძილზე მსგავსი დარღვევა ჩადენილი არ ყოფილა, რის გამო, მას უნდა დაეკისროს გაფრთხილება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ ჩადენილი ორივე დარღვევა ერთნაერად სერიოზულია და ორივე სამართალდარღვევის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული სახდელი. ამავდროულად, კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული იქნება ერთი ჯარიმა ორივე სამართალდარღვევის მიმართ, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის („საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევა) მომდევნო ერთ წელიწადში შპს „მობიტელის“ მიერ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კომპანიას დაეკისრება ჯარიმა 90 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 30 000 ლარისა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და შპს „მობიტელის“ ინტერესებიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ორივე სამართალდარღვევის მიმართ სახდელი გამოყენებული უნდა იქნას ცალ-ცალკე.

V. სარეზოლუციო ნაწილი 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, 43-ე, 44-ე 45-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 პუნქტებისა და კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „მობიტელს“ დაეკისროს ჯარიმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „მობიტელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს „მობიტელს“ დაეკისროს გაფრთხილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის N355 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „მობიტელისთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,მობიტელისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „მობიტელისთვის“;

8. დაევალოს სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

9. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე) გადაწყვეტილების (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე                          კახი ბექაური

კომისიის წევრი                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                        ელისო ასანიძე                         

კომისიის წევრი                                        მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები