სს „ინფოჯორჯია XXI“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2017 11:30
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017
სს „ინფოჯორჯია XXI“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N10/7205-17, 22.09.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2017 წლის 7 ნოემბერს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ინფოჯორჯია XXI“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სს „ინფოჯორჯია XXI“-ს, მიუხედავად კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილებისა, კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება - 1,594.17 ლარი არ ჩაურიცხავს კომისიის ანგარიშზე. ასევე, ირკვევა, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმის დაზუსტების შედეგად, კომპანიას დამატებით გადასახდელი აქვს 4,21 ლარი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით სს „ინფოჯორჯია XXI“-ის დავალიანება შეადგენს 1,598.38 ლარს.
სს „ინფოჯორჯია XXI“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 16 ნოემბრის, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/3765-17, 7.11.2017). კომისიის შეტყობინებით, სს „ინფოჯორჯია XXI“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (03/3765-17, 7.11.2017), სს „ინფოჯორჯია XXI“-ს ჩაბარდა 2017 წლის 9 ნოემბერს.
სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/8106-17, 19.10.2017) თანდართული დოკუმენტაციით, კერძოდ, სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილები და მოგების გადასახადის დეკლარაციები. სს „ინფოჯორჯია XXI“-ის წერილში, რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნულია, რომ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილებით, კომპანიისთვის დაკისრებული დავალიანება არ ეკუთვნის სს „ინფოჯორჯია XXI“-ს, რადგან 2012 წლის პირველ მაისს მათსა და შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ახალი ტექნოლოგიების“ მიერ განხორციელებული ზარების საფასური მესამე პირებთან უნდა აენაზღაურებინა თვითონ და არა სს „ინფოჯორჯია XXI“-ს. ასევე, კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2011, 2012 და 2013 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციები.
ზემოაღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N07/3601-17 წერილით, სს „ინფოჯორჯია XXI“-ს ეთხოვა 2011, 2012 და 2013 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ერთობლივი შემოსავლის გაშიფრვა წლების მიხედვით, მათ შორის, რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კომისიის წერილობითი მოთხოვნისა კომპანიის მხრიდან არ იქნა დაზუსტებული მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 16 ნოემბერს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა სს „ინფოჯორჯია XXI ”-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 9 ნოემბერს (გზავნილის კოდი: AP01003629555; ჩაბარების თარიღი: 9.11,2017; ჩაიბარა: მ.ბოდაველმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი სს „ინფოჯორჯია XXI“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (N10/7205-17; 22.09.2017);
- სს „ინფოჯორჯია XXI“-ის წერილი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8106-17, 19,10.2017);
- კომისიის 2017 წლის 24 ოქტომბრის N07/3601-17 წერილი;
- „სს „ინფოჯორჯია XXI“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილება;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/7298-17; 26.09.2017);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/7341-17;27.09.2017);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „ინფოჯორჯია XXI“ შესახებ მონაცემები;
- კომისიის 2017 წლის 7 ნოემბრის 03/3765-17 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების სს „ინფოჯორჯია XXI“-ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- სს „ინფოჯორჯია XXI“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);
- „სს „ინფოჯორჯია XXI“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილებით სს „ინფოჯორჯია XXI“-ს დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების - 1,594.17 ლარის, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;
- სს „ინფოჯორჯია XXI“-ს 2017 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით (გადაწყვეტილების მიღებისთვის), კომისიის წინაშე ერიცხება დავალიანება 1,598.38 ლარის ოდენობით, რაც კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმებიდან დგინდება.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
კომისიას მიაჩნია, რომ სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ, რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტები, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი და „სს „ინფოჯორჯია XXI“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
„სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიმართ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილებით გამოყენებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - წერილობითი გაფრთხილება რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ამავე დარღვევების ჩადენისთვის „სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე - ჯარიმა.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/7341-17; 27.09.2017) თანახმად, სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ ბოლო თორმეტი კალენდარული თვის განმავლობაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების მიხედვით, ბოლო თორმეტი კალენდარული თვის ჯამური შემოსავლის 0,5 % „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებია (შეადგენს ნულს). შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სს „ინფოჯორჯია XXI“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ დარღვევის აღმოფხვრის მიზნით კომპანიას უნდა დაევალოს კომისიის წინაშე არსებული დავალიანების - 1,598.38 ლარის გადახდა.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „ინფოჯორჯია XXI“-ს დაეკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „სს „ინფოჯორჯია XXI“-სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის N507/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს სს „ინფოჯორჯია XXI“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის:
ა) გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
ბ) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში წარმოდგენა;
3. უზრუნველყოს სს „ინფოჯორჯია XXI“-მა 10 სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების - 1,598.38 ლარის, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების სს „ინფოჯორჯია XXI“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) სს „ინფოჯორჯია XXI“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „ინფოჯორჯია XXI“ -სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
