წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 758 / 20

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:46

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017  წლის 2  ნოემბერს კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8501-17) მიმართა შპს „ჯეოსელმა“ ამავე წერილით, კომისიაში წარმოდგენილი შპს „ჯეოსელსა“ და  შპს „PANORAMA“-ს შორის, 2017 წლის 16 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, განთავსებული სატელევიზიო რეკლამის ოდენობის,  მომსახურების საფასურის და მედია გეგმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამაუწყებლო ბაზრის, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შესწავლას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ხოლო მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კომისია  იკვლევს და ამოწმებს მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, მათ შორის სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს სარეკლამო ბაზარს. ამავე კანონის 70-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

შპს „ჯეოსელმა“ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, შპს „PANORAMA“-სთან, 2017 წლის 16 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, განთავსებული სატელევიზიო რეკლამის ოდენობის, მომსახურების საფასურის და მედია გეგმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისიამ აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფების, ანგარიშსწორების, კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას, ამასთან, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების შესრულების პროცესში და მხარეთა ორგანიზაციული ინტერესებიდან გამომდინარე წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნა 2017 წლის 2 ნოემბრის  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8501-17) წერილით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე:

2,კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 2 ნოემბრის  (კომისიაში რეგისტრაციის№შ-6/8501-17) წერილით წარმოდგენილი, შპს „ჯეოსელსა“ და შპს „PANORAMA“-ს შორის 2017 წლის 16 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, განთავსებული სატელევიზიო რეკლამის ოდენობა, მომსახურების ღირებულება და მედია გეგმა, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა.

3.ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ჯეოსელის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე                    კ. ბექაური

კომისიის წევრი                                 ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                 ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                 მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები