შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2017 12:47
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8506-17) მიმართა შპს „მაგთიკომმა“, კომისიაში წარმოდგენილი შპს „მაგთიკომსა“ და სარეკლამო დროის მყიდველ კომპანია შპს „ინტერმედიას“ შორის, 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამაუწყებლო ბაზრის, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შესწავლას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ხოლო მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კომისია იკვლევს და ამოწმებს მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, მათ შორის სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს სარეკლამო ბაზარს. ამავე კანონის 70-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
შპს „მაგთიკომმა“ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, შპს „ინტერმედიასთან“, 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება და შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფების, ანგარიშსწორების, კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელთა გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას, ამასთან, წარმოდგენილ ხელშეკრულებებში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთი მხარის მიერ მეორისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება და შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფების, ანგარიშსწორების, კონკრეტულ ინფორმაციაზე წვდომის და სხვა პირობების შესახებ, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას; კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 2 ნოემბრის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8506-17) უნდა დაკმაყოფილდეს .
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, 2017 წლის 2 ნოემბრის (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8506-17) წერილით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;
2.კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „მაგთიკომის“ 2017 წლის 2 ნოემბრის №შ-6/8506-17 წერილით წარმოდგენილი, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ინტერმედიას“ შორის 2017 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა.
3.ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
