შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2017 11:45
მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2017
შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „იუ ტივიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8616-17, 07/11/2017) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5008, 24/03/2016) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი, ისტორიული სოციალური, სპორტული, განათლება) მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლობის განხორციელება. როგორც წერილშია აღნიშნული ტელეკომპანიამ მემორანდუმი გააფორმა შპს „გურიის პრეს კლუბთან“, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა თემატიკის კერძოდ: პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი თემატიკის თოქშოუს და ასევე საინფორმაციო გამოშვების მომზადება და ეთერში გაშვება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ ტივი“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-5008, 24/03/2016), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული (შემეცნებითი/გასართობი, ისტორიული, სოციალური, სპორტული, განათლება) ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი: ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 31.05.2016;
თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „იუ ტივის“ დირექტორი საბა მანთიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია საერთო მაუწყებლისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები.
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5008, 24/03/2016) მოდიფიცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5008, 24/03/2016) და მაუწყებლობის ქვესახეობად განისაზღვროს საერთო ტელემაუწყებლობა;
2. შპს „იუ ტივი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „იუ ტივისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „იუ ტივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „იუ ტივისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
