შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 20, 2017 18:43
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017
შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2017 წლის 13 ოქტომბერს საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7939-17) მომართა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებლმა“, შპს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში 2017 წლის 12 ოქტომბერს მხატვრული ფილმის - „ნატვრის ხე“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით განთავსებასთან დაკავშირებით. საჩივარს დართული აქვს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და ქეთევან აბულაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ყიდულობს რამდენიმე ფილმის, მათ შორის „ნატვრის ხის“, ჩვენების უფლებას 2017 წლის 10 სექტემბრიდან 2018 წლის 10 მარტის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.4.2. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებულია ზემოთ აღნიშნულ პერიოდში „არ გადასცეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა სამაუწყებლო კომპანიებს უფლება ზემოთ აღნიშნული ფილმების ჩვენებაზე.“
2017 წლის 23 ოქტომბერს, კომისიამ წერილობით მიმართა შპს „ტელეკომპანია პირველს“ (წერილი N04/3577-17) და მოსთხოვა განმარტება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საჩივართან დაკავშირებით. შპს „ტელეკომპანია პირველმა“ კომისიას წერილობით (25.10.17 Nშ-6/8287-17) განუმარტა, რომ მხატვრული ფილმის ეთერში განთავსება მოხდა მასში მთავარი როლის შემსრულებლის, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამასთან შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილში აღნიშნულია, რომ ფილმის საავტორო უფლების მფლობელთან - ქეთევან აბულაძესთან წინასწარ დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა ფილმის გაშვებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს მიიღეს წერილობითი დადასტურება ქ.აბულაძისგან, რომ მას ფილმის ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. შპს „ტელეკომპანია პირველის“ წერილს დართული აქვს ქ.აბულაძის 13.10.17 წერილი.
2017 წლის 13 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია პირველისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო. აღნიშნულის შესახებ ეცნობა, შპს „ტელეკომპანია პირველს“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ეცნობა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, როგორც დაინტერესებულ პირს.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ. ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ აწარმოებს ამ უფლების დაცვას.
სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2017 წლის 30 ნოემბერს წერილობით (შ-6/9081-17) აცნობა კომისიას, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია პირველის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია და მოითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივრის განუხილველად დატოვება.
კომისია აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხატრული ფილმის „ნატვრის ხის“ საეთერო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით, საავტორო უფლების მფლობელ პირს ქ.აბულაძეს არ აქვს პრეტენზია შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიმართ, ისევე, როგორც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ ფილმზე განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელ პირს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლსთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
