წვდომის მენიუ

შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 777 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2017 16:38

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017

შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათიდან (№შ-10/8187-17, 23.10.2017) ირკვევა, რომ  შპს „მეგა.ჯეს“ 2017 წლის აგვისტოდან არ წამოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები. ასევე, მიუხედავად კომისიის 2017 წლის 3 ოქტომბრის N05/3403-17 წერილობითი შეტყობინებისა (გზავნილის კოდი: AP01003418927; ჩაბარების თარიღი: 9.10.2017), რომლის შესაბამისად, შპს „მეგა.ჯეს“ ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, კომპანიამ არ განახორციელა შესაბამისი ქმედებები. შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 9 ნოემბერი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (03/3736-17, 6.11.2017) ფოსტით გაეგზავნა შპს „მეგა.ჯეს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე  შპს „მეგა.ჯეს“  წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ვინაიდან კომისიის (03/3736-17, 6.11.2017) შეტყობინება კომპანიას არ ჩაბარდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და ჩაინიშნა 2017 წლის 16 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის N03/3917-17 შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 16 ნოემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არაგონივრულ ვადაში ჩაბარდა კომისიის შეტყობინება სხდომის თაობაზე, კომისიამ საკითხის განხილვა კვლავ გადადო და ჩანიშნა 2017 წლის 30 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის  N03/4038-17 შეტყობინებით ეცნობა შპს „მეგა.ჯეს“, რომელსაც კომისიის შეტყობინება ჩაბარდა 2017 წლის 21 ნოემბერს.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  2017 წლის 16 ნოემბრის Nშ-10/8853-17 მოხსენებითი ბარათიდან დამატებით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მეგა.ჯემ“ შეავსო მხოლოდ აგვისტოს თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ხოლო, 2017 წლის სექტემბრის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ წამოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „მეგა.ჯეს“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (N03/4038-17;17.11.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 21 ნოემბერს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „მეგა.ჯეს“ დაუსწრებლად.

კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  წამყვანმა სპეციალისტმა თამარ მარღანიამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „მეგა.ჯემ“ სრულად შეავსო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8187-17, 23.10.2017);
  2.  „შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის 752/18 გადაწყვეტილება;
  3. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/8853-17, 16.11.2017);
  4. კომისიის შეტყობინება (N03/4038-17, 17.11.2017) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:AP01003614906);
  5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „მეგა.ჯეს“  შესახებ მონაცემები;
  6. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტის თამარ მარღანიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2017 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „მეგა.ჯე“ 2015 წლის 29 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 დგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა);
  2. შპს „მეგა.ჯე“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ გადაწყვეტილებით,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირსა და ასევე მაუწყებლებს დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  4. შპს „მეგა.ჯეს“, შესავსები და კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა 2017 წლის აგვისტოდან სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები; 2017 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით შპს „მეგა.ჯემ“ შეავსო აგვისტოს თვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ხოლო შესავსები და წარმოსადგენი ჰქონდა სექტემბრის და ოქტომბრის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;
  5. შპს „მეგა.ჯემ“, გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის,  სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები სრულად შეავსო;
  6. „შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის 752/18 გადაწყვეტილებით შპს „მეგა.ჯეს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  კომისიის 2005 წლის28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესისა“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
  2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მეგა.ჯეს“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებასთან და კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „მეგა.ჯეს“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შევსებულია ყველა ის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა, რომლის შევსების ვალდებულება მას გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე.  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „მეგა.ჯე“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „მეგა.ჯესთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მეგა.ჯესთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მეგა.ჯესთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მეგა.ჯესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                  ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                  გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები