რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2017 17:40
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მეცხრე არხმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/8702-17, 10.11.17) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეცხრე არხი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. №47) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
ბ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ტაბახმელა (შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სადგური), სიხშირე - 14429 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
გ) მობილური სადგური - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 4153 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
დ) მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - სტუდია (ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის №47), სიხშირე - 14559 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური;
ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 6 აპრილამდე;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ვ.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა;
ვ.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”მეცხრე არხი” დღეის მდგომარეობით არ ახორციელებს მაუწყებლობას და მას ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში არ გააჩნია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”მეცხრე არხის” განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მეცხრე არხის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F87 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 6 აპრილის №278/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 28 დეკემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მეცხრე არხისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
