შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2017 17:49
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017
შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ნიუ ვიჟენმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/8524-17, 03/11/2017) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 10 ნომრიან ბლოკზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნიუ ვიჟენი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს - 5 ლარს.
კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ნიუ ვიჟენის” მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ნიუ ვიჟენის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ნიუ ვიჟენის” მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის 100 ლარის, რესურსით სარგებლობის საფასურის 50 ლარის (5 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთი სახის მომსახურებაზე შპს „ნიუ ვიჟენი” არ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის 75%-ის ათვისებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ნიუ ვიჟენს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N412 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 9107X (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (სტანდარტული ტარიფით) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 30 ნოემბრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (სტანდარტული ტარიფით) ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად;
ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
2. ეცნობოს შპს „ნიუ ვიჟენს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 30 ნოემბრამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ნიუ ვიჟენისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
