წვდომის მენიუ

შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 791 / 20

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 07, 2017 17:51

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017

შპს „მობიტელისმიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017  წლის 10  ნოემბერს კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8701-17) მიმართა შპს „მობიტელმა“, რომელშიც ითხოვდა ამავე წერილით და 2017 წლის 6 ნოემბრის წერილით (N 1049/17), კომისიაში წარმოდგენილი შპს „მობიტელსა“ და  შპს „ედ კორპორაციას“ შორის, 2017 წლის 1 თებერვალს  გაფორმებული ხელშეკრულების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, განთავსებული სატელევიზიო რეკლამის ოდენობის,  მომსახურების საფასურის და მედია გეგმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამაუწყებლო ბაზრის, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შესწავლას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ხოლო მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კომისია  იკვლევს და ამოწმებს მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, მათ შორის სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს სარეკლამო ბაზარს. ამავე კანონის 70-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

შპს „მობიტელმა“ წარმოადგინა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, შპს „ედ კორპორაციასთან“, 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, განთავსებული სატელევიზიო რეკლამის ოდენობის, მომსახურების საფასურის და მედია გეგმის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისიამ აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფების, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური  უფლება-მოვალეობების შესახებ, რომლის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „მობიტელის“ 2017 წლის 10 ნოემბრის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის№შ-6/8701-17) აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და კომერციულ საიდუმლოებად იქნეს ცნობილი შპს „მობიტელის“ წერილებით (№1049/17 ; 06.11.17 ;  №შ-6/8701-17 ; 10.11.17) კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტები, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.დაკმაყოფილდეს შპს „მობიტელის“ 2017 წლის 10 ნოემბრის  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8701-17) წერილში აღნიშნული მოთხოვნა კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „მობიტელის“ (№1049/17 ; 06.11.17 ;  №შ-6/8701-17 ; 10.11.17)  კომისიაში წარმოდგენილი წერილებით შპს „მობიტელსა“ და შპს „ედ კორპორაციას“ შორის 2017 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, განთავსებული სატელევიზიო რეკლამის ოდენობა,  მომსახურების ღირებულება და მედია გეგმა, გარდა ხელშეკრულების მხარეებისა.

2.ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მობიტელის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მობიტელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                 ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                 ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                       გ. ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები