შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2017 18:29
მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2017
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიმართ სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6294-17; 23.08.17) შპს „კავკასუს ონლაინისა“ და მოქალაქე ზურაბ მახარაშვილის მიმართ.
სს „თიბისი ბანკის“ საჩივარში მითითებულია, რომ მოქალაქე ზურაბ მახარაშვილმა 2017 წლის 5 ივლისს მიმართა სს „თიბისი ბანკს“ და შესთავაზა დომენების მიყიდვა, რის შემდგომაც წარიმართა კომუნიკაცია მხარეთა შორის. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „თიბისი ბანკს“ გააჩნია განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშნების სიტყვიერი ნაწილების (TBC BANK, TBC) მიმართ, რამდენადაც ისინი რეგისტრირებულია საქპატენტში. სს „თიბისი ბანკს“ თავის მხრივ რეგისტრირებული აქვს დომენები: tbc.com.ge, tbcge, tbcbank.ge, tbcbank.com.ge. სს „თიბისი ბანკმა“ 2017 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ და მოსთხოვა ინტერნეტდომენების mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გაუქმება, რაზედაც შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სს „თიბისი ბანკს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2017 წლის 31 ივლისის წერილით.
მოთხოვნა:
დაევალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ (ს/კ: 211380833; მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N71, თბილისი) ინტერნეტდომენების mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გაუქმება;
საჩივრის სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია“. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ავტომატურად მოიაზრებს სამრწეველო საკუთრების დაცვასაც, რომელიც მოიცავს სასაქონლო ნიშანს. „სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების ერთობლივი ანალიზით ვადგენთ, რომ სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან და, ამავდროულად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები.
„სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში" მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე“.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.
სს „თიბისი ბანკის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ TRIPS-ის შეთანხმების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს, რომელსაც არ გააჩნია მფლობელის თანხმობა, ვაჭრობაში გამოიყენოს იდენტური ან მსგავსი ნიშნები ისეთი საქონლის ან მომსახურებისათვის, რომლებიც იმ საქონლის ან მომსახურების იდენტური ან მსგავსია, რომელთათვისაც სასაქონლო ნიშანია რეგისტრირებული, თუ ასეთი გამოყენება მათი აღრევის შესაძლებლობას წარმოშობს.
„კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არავის არა აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი "ბანკი" ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით,ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი "ბანკი" ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.
წინამდებარე სამართლებრივი ნორმების ანალიზი, სს „თიბისი ბანკს“ მიაჩნია, რომ მას გააჩნია სიტყვებზე „TBC BANK” და “TBC” განსაკუთრებული უფლება, რამდენადაც აღნიშნული სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ნაწილები დაცულია „საქპატენტში“, შესაბამისად, სს „თიბისი ბანკს“ სრული უფლება აქვს აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვების იდენტური და/ან მსგავსი სიტყვების გამოყენება.
დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში სადავო არ არის, რომ ინტერნეტს მრავალმხრივი გამოყენება გააჩნია, მათ შორის, სავაჭროც.
ზემოთ მოყვანილი სასაქონლო ნიშნების დაცვის კანონმდებლობა იმპლემენტირებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროშიც ამ სფეროს დამახასიათებელი სპეციფიკაციების გათვალისწინებით, კერძოდ, 2006 წლის 17 მარტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N3 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი მკაფიოდ აყალიბებს დადგენილების მიზანს, კერძოდ, წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ,“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი (ეს რეგლამენტი ვრცელდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების იმ სახეებზეც, რომელიც საქართველოს მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრესის პარალელურად), ფაქტობრივად, ადასტურებს ინტერნეტის არსებობას საზღვრების გარეშე და მის მრავალმხრივ გამოყენებას, ხოლო მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოცემული რეგლამენტის დაცვა ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის ვალდებულებაა.
კომისიის დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“, „ჰ6“, - „ჰ11“, ქვეპუნქტის თანახმად, ინტერნეტით მომსახურება (ჰოსტინგი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, რომლითაც ხორციელდება ინტერნეტგვერდის დათვალიერება ინტერნეტდომენის (ინტერნეტსახელი, რომელიც ეკუთვნის ერთადერთ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს და ახდენს მის იდენტიფიცირებას და განსხვავებას სხვათაგან) საშუალებით, რომელსაც ჰყავს მფლობელი.
ამავე დადგენილების 103 მუხლის თანახმად,
- ინტერნეტგვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტგვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.
- ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად:
- გააფრთხილოს დომენის მფლობელი და განუსაზღვროს ვადა დაუშვებელი პროდუქციის ამოღებისათვის;
- გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა.
სს „თიბისი ბანკს“ მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ინტერნეტდომენები mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ მფლობელობაში არსებული დომენების tbcbank.ge, tbc.ge, tbcbank.com.ge, tbc.com.ge დომენების მსგავსს.
სს „თიბისი ბანკი“ მიუთითებს 2000 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმეზე N 3კ/589), რომლის შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დომენური სახელისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენების მართლზომიერება შეფასებულ უნდა იქნეს საქმიანი ბრუნვის ტრადიციებისა და უფლების განხორციელების მართლზომიერი საზღვრების გათვალისწინებით. აღნიშნული თვალსაზრისით, არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიზნით ინტერნეტში დომენად დარეგისტრირდეს ნიშანი, რომელიც უკვე არსებული გარკვეული რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია. ასევე, არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული უკვე დარეგისტრირებული დომეინური სახელის სხვა პირის მიერ სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია და შემდეგში სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების საფუძველზე დომეინის გამოყენების აკრძალვა.
კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის N601/23 გადაწყვეტილებით, კომისიამ დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება სს „თიბისი ბანკსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის დავის განხილვის მიზნით და ზეპირი მოსმენის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბერი. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ კომისიამ ჩართო მოქალაქე ზურაბ მახარაშვილი.
სს „თიბისი ბანკსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით, კომისიამ იმსჯელა 2017 წლის 28 სექტემბრისა და 5 ოქტომბრის ზეპირ სხდომებზე.
2017 წლის 28 სექტემბერს შპს „კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა განცხადება (წერილობითი მოსაზრება Nშ-6/7366-17). შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს დავა სს „თიბისი ბანკსა“, როგორც გარკვეული დომენური სახელებისა და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის მფლობელსა და შპს „კავკასუს ონლაინს“, როგორც დომენური სახელების გამცემს შორის, ვინაიდან კომისია უფლებამოსილია დავა განიხილოს მხოლოდ ავტორიზებულ პირსა და ავტორიზებას დაქვემდებარებული მომსახურების მიმღებ მის შესაბამის ბოლო მომხმარებელს შორის. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის დადგენილების „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, 1) დომენური სახელების რეგისტრაცია არ წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას და 2) შპს „კავკასუს ონლაინი“ და სს „თიბისი ბანკი“ არ შეიძლება იყვნენ კომისიის მიერ განსახილველი დავის მონაწილე სათანადო მხარეები.
შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებაში ასევე აღიშნულია, რომ ინტერნეტ დომენის გამცემს, მფლობელსა და მესამე პირს შორის ურთიერთობებზე არ ვრცელდება კომისიის იურისდიქცია, ვინაიდან აღნიშნული დავის განხილვა და გადაწყვეტა შეუძლებელია საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე მსჯელობისა და განხილვის გარეშე, ამდენად კომისიას მოუწევს შეაფასოს ზ.მახარაშვილის მიერ დომენების რეგისტრაცია არღვევს თუ არა სს „თიბისი ბანკის“ სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებულ უფლებებს, ეს საკითხი კი კომისიის კომპეტენციაში არ შედის.
2017 წლის 28 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები: ე.ეგუტია, დ.თევდორაშვილი, გ.გოგშელიძე; შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები დ.კაპანაძე, ს.ბერიშვილი, ე.მებონია; მესამე პირის ზ.მახარაშვილის წარმომადგენელი კ.ასლანიშვილი.
2017 წლის 28 სექტემბრის ზეპირ მოსმენაზე სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დ.კაპანაძემ მხარი დაუჭირა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციას და დამატებით აღნიშნა, რომ 10 წელზე მეტია დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დომენური მომსახურება არ ექვემდებარება ავტორიზაციას და ამგვარი კომპეტენციის და უფლებამოსილების დადგენა კომისიის მიერ იქნება ამ პრეცედენტის შექმნა, იმ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. დ. კაპანაძის განმარტებით, თუ კომისია მიიჩნევს, რომ დომენური სახელების გამოყენების სფეროში პრობლემები გაჩნდა და აუცილებელია კომისიამ თავის თავზე აიღოს ეს რისკი, განავრცოს თავისი უფლებამოსილება და განაცხადოს, რომ დომენური სახელებით სარგებლობის ურთიერთობაში ჩაერევა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს კომპეტენცია ისეთი სპეციალიზებული საკითხების შეფასებაზე და გადაწყვეტაზე, რაც მისი კომპეტენცია არ არის. ეს არის საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან და სასაქონლო და მომსახურების ნიშნებთან დაკავშირებული საკითხების შეფასება.
შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში მოცემული შემთხვევის აღმნიშვნელი იდიომა (სლენგი) არის cybersquatting. Cybersquatting არის როდესაც მომხმარებელი-რეგისტრანტი, სპეციალურად კომერციული სარგებლის მიღების მიზნით, არეგისტრირებს გარკვეულ დომენურ სახელებს და შემდეგ სურს, რომ შესაბამისი სასაქონლო ნიშნის მფლობელს მიყიდოს დომენი და ამით მიიღოს სარგებელი. ევროკავშირის ქვეყანებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს საკითხი არ არის ადგილობრივი მარეგულირებლის განსჯადი. ეს საკითხი ეკსკლუზიურად, ყოველთვის განიხილება სასამართლოში რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის (დომენის გამცემ პირსა და დომენის მომხმარებელს შორის) ან ეს შეიძლება იყოს არბიტრაჟი ან WIPO-ს სპეციალური დავის განმხილველი ცენტრი, ანუ სპეციალიზებული ცოდნის მქონე კერძო ინსტიტუცია, დავის ალტერნატიული მექანიზმი.
მესამე პირის ზ.მახარაშვილის წარმომადგენელმა კ.ასლანიშვილმა აღნიშნა, რომ სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები მათ პრაქტიკულად სთავაზობენ არა თუ სამოქალაქო ბრუნვიდან, არამედ ლიტერატურული ბრუნვიდან სიტყვა „ბანკის“ ამოღებას, მაშინ როდესაც შესაძლებელია არსებობდეს სისხლის ბანკი; მაგალითად, თუკი თესალონიკის ბაფთისტთა საზოგადოება ან სექტა ჩამოყალიბდება მართლმადიდებლურ ქვეყანაში, რატომ უნდა დაუკავშირდეს ეს სს „თიბისი ბანკს“. სს „თიბისი ბანკმაც“ თავის დროზე საქმიანობა დაიწყო თბილისის ბიზნეს ცენტრის სახით. ამის შემდეგ გადაიზარდა ეს ბიზნესი ბანკში. ასეთივე წარმატებით არ შეიძლება დღეს აკრძალო საქართველოში რაიმე ბიზნესი, რომელიც სიტყვა „ბანკს“ გამოიყენებს და შემდგომში ჩართავს დომენურ სახელში. მესამე პირის წარმომადგენლის აზრით, სს „თიბისი ბანკის“ მხრიდან კომისიისთვის მიმართვის ერთადერთი მიზანი იყო სახელმწიფო ბაჟისგან თავის არიდება. მან ასევე აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილა მიუღებელი კომერცია და ვაჭრობა და ის, რომ ზურაბ მახარაშვილმა სს „თიბისი ბანკს“ შესთავაზა დომენის მიყიდვა დასაძრახი არ არის.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები
1. სს „თიბისი ბანკის“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/6294-17; 23.08.17) საჩივარი;
2. შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილობითი პოზიცია 28.09.17 Nშ-6/7366-17;
3. მონაცემები, ამობეჭდილი ვებგვერდიდან - www.registration.ge, რომელთა თანახმად ვებგვერდების დომენები: www.mytbc.ge, www.itbc.ge, www.mytbcbank.ge, www.itbcbank.ge, რეგისტრირებულია მოქალაქე ზურაბ მახარაშვილზე;
4. ელექტრონული მიმოწერა სს „თიბისი ბანკსა“ და მოქალაქე ზურაბ მახარაშვილს შორის დომენების გაყიდვის თაობაზე;
5. სსიპ „საქპატენტის“ ოფიციალური ვებგვერდის (www.sakpatenti.ge) მონაცემები სს „თიბისი ბანკის“ მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების თაობაზე;
6. მონაცემები, ამობეჭდილი ვებგვერდიდან - www.registration.ge, რომელთა თანახმად ვებგვერდების დომენები:www.tbc.ge, www.tbc.com.ge, www.tbcbank.ge, www.tbcbank.com.ge, რეგისტრირებულია სს „თიბისი ბანკის“ სახელზე;
7. შპს „კავკასუს ონლაინის“ 31.07.17 N01-02/9439-01 წერილი სს „თიბისი ბანკს“;
8. დავის განხილვის პროცესში, კომისიის სხდომებზე შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების, სს „თიბისი ბანკის” წარმომადგენლების და დაინტერესებული პირის წარმომადგენლის კ.ასლანიშვილის მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ქვეყანასთან ასოცირებული ზედა დონის დომენის (.ge) რეგისტრატორ კომპანიას, GE დომენის მენეჯერი/ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია გასცეს და უზრუნველყოს GE ზონაში დომენური სახელ(ებ)ის რეგისტრაცია;
2. ინტერნეტდომენები: mytbc.ge (გაცემის თარიღი - 28.06.2017), mytbcbank.ge (გაცემის თარიღი - 04.07.2017) , itbc.ge (გაცემის თარიღი - 13.06.2017) , itbcbank.ge (27.06.2017) გაცემულია შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ და მათ მფლობელს წარმოადგენს ზურაბ მახარაშვილი;
მტკიცებულება: შპს „კავკასუს ონლაინის“ ვებგვერდზე www.registration.ge განთავსებული ინფორმაცია.
3. სს „თიბისი ბანკს“ გააჩნია განსაკუთრებული უფლება სასაქონლო ნიშნების სიტყვიერი ნაწილების (TBC BANK, TBC) მიმართ, რამდენადაც ისინი რეგისტრირებულია საქპატენტში;
მტკიცებულება: სსიპ „საქპატენტის“ ოფიციალური ვებგვერდის (www.sakpatenti.ge) მონაცემები სს „თიბისი ბანკის“ მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების თაობაზე;
4. სს „თიბისი ბანკს“ რეგისტრირებული აქვს ინტერნეტდომენები: tbcbank.ge, tbc.ge, tbc.com.ge, tbcbank.com.ge, ამასთან აღნიშნული დომენების აკრეფვით, მომხმარებელი შედის სს „თიბისი ბანკის“ მთავარ ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც არის განთავსებული ბანკის მომსახურებების შესახებ სრული ინფორმაცია და ამასთან პირველივე გვერდზე განთავსებულია ინტერნეტბანკში გადასასვლელი ღილაკი, ინტერნეტბანკში შესასვლელად ვებგვერდი ითხოვს მომხმარებლის სახელსა და პაროლს.
მტკიცებულება:
1. შპს „კავკასუს ონლაინის“ ვებგვერდზე www.registration.ge დატანილი ინფორმაცია;
2. სს „თიბისი ბანკის“ ვებგვერდებზე tbcbank.ge, tbc.ge, tbc.com.ge, tbcbank.com.ge განთავსებული ინფორმაცია.
5. სს „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკინგის მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტ მომსახურების მიღების შემთხვევაში. სს „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკინგი შეიცავს სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციას მათი ფინანსების, შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ. ინტერნეტბანკის მეშვეობით შესაძლებელია სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებლების ფინანსების სრულად მართვა;
მტკიცებულება: ვებგვერდები: tbcbank.ge, tbc.ge, tbc.com.ge, tbcbank.com.ge
6. სს „თიბისი ბანკმა“ მიმართა შპს „კავკასუს ონლაინს“ და მოსთხოვა ინტერნეტდომენების mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გაუქმება, თუმცა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სს „თიბისი ბანკს“ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2017 წლის 31 ივლისის წერილით.
მტკიცებულება: შპს „კავკასუს ონლაინის“ 31.07.17 N01-02/9439-01 წერილი სს „თიბისი ბანკს“.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია განიხილავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილ დავებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
კომისიის დადგენილების „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს ზომები მომხმარებელთა დასაცავად მომსახურებით გამოწვეული ნებისმიერი შესაძლო რისკისაგან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებულ პირს. სს „თიბისი ბანკი“ წარმოადგენს, როგორც ინტერნეტმომხმარებელს, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელს, როგორც შემდეგი დომენების: www.tbc.com.ge, www.tbc.ge, www.tbcbank.ge, www.tbcbank.com.ge მფლობელი. კომისიის დადგენილების „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 103 მუხლი ითვალისწინებს რეგულაციებს ინტერნეტდომენთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი კომისიის უფლებამოსილებას/ვალდებულებას განეკუთვნება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დომენების გაცემის მომსახურება არ არის ავტორიზებადი საქმიანობა, კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს ინტერნეტდომენის კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიაში დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და კომისიამ აღნიშნული დავა განიხილა ინტერნეტ მომხმარებელთა დაცვის კუთხით, კერძოდ, კომისიის დადგენილების „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ინტერნეტგვერდის დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ინტერნეტგვერდის გადაფარვას და უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს.
კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტებზე: 1. სს „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი უმსხვილესი საკრედიტო დაწესებულებაა საქართველოში, სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა რაოდენობამ 2017 წლისთვის 2 მილიონს მიაღწია (www.tbcbank.ge) და მისი ცნობადობა საქართველოს მოქალაქეებში საკმაოდ მაღალია; 2. სს „თიბისი ბანკს“ რეგისტრირებული აქვს შემდეგი დომენები: www.tbc.com.ge, www.tbc.ge, www.tbcbank.ge, www.tbcbank.com.ge, რომლებზედაც განთავსებული აქვს ინფორმაციები, მისი მომსახურებების შესახებ; 3. საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტმომსახურებას ღებულობს 777, 712 აბონენტი (ოჯახი) და მობილური ინტერნეტის მომხმარებელი არის 2,182,243 პირი[1]. ამდენად, მოსახლეობის (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის ოდენობა - 3 718 200 ადამიანი) უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ინტერნეტმომხმარებელს, ხოლო ინტერნეტმომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს სს „თიბისი ბანკის“ კლიენტს.
კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქე: ზ. მახარაშვილის მფლობელობაში არსებული დომენები: mytbcbank.ge და itbcbank.ge, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის შემცველი იქნება სამომავლოდ, იქნება დამაბნეველი, როგორც სიტყვათა წყობის, ისე ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით და ინტერნეტმომხმარებელს განაწყობს სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაწეული მომსახურების ან სს „თიბისი ბანკის“ თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.
ამასთან, კომისია ყურადღებას ამახვილებს ზ.მახარაშვილის განზრახვაზე სადაო დომენების გაყიდვის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება შპს „კავკასუს ონლაინის“ დომენის გაცემის წესებს.
კომისია აღნიშნავს, რომ არც კანონმდებლობა, არც ICCAN-ის წესები და არც შპს „კავკასუს ონლაინის“ დომენის გაცემის წესები, რომლებიც თითქმის შესაბამისობასია ICCAN-ის წესებთან, არ კრძალავს რეგისტრატორის მიერ დამაბნეველი ინტერნეტდომენის რეგისტრაციას, რაც გახდა კიდეც აღნიშნული დომენების რეგისტრაციის საფუძველი. თუმცა მსგავსად ინტერნეტდომენის რეგისტრატორისა და რეგისტრანტის უფლებებისა, კანონით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს ინტერნეტმომხმარებლების უფლებები, ხოლო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულება კომისიას ეკისრება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკრედიტო დაწესებულების, კერძოდ სს „თიბისი ბანკის“ ვებგვერდის დომენისგან ერთი ან ორი სიმბოლოთი განსხვავებულ ინტერნეტ დომენზე ინფორმაციის განთავსება, შესაძლოა, ძალზედ სარისკო გამოდგეს ინტერნეტმომხმარებლებისთვის, ვინაიდან აღნიშნული ვებგვერდის სს „თიბისი ბანკის“ ვებგვერდთთან გაიგივების შემთხვევაში, პირადი საბანკო მონაცემების (რომელთა საშუალებით ანგარიშებიდან თანხების მოხსნაა შესაძლებელი) გამჟღავნების ალბათობა საკმაოდ მაღალია (მაგალითად: „Phishing”[2]).
კომისია აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სს „თიბისი ბანკი“ ფლობს დომენებს: www.tbcbank.ge, www.tbc.ge, www.tbcbank.com.ge, www.tbc.com.ge, დომენებზე: www.mytbcbank.ge da www.itbcbank.ge (რომელთა მფლობელი არ არის სს „თიბისი ბანკი“) განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია (კონტენტი) მომხმარებლის მიერ ასოცირდება სს „თიბისი ბანკთან“ და გამოიწვევს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
კომისია განმარტავს, რომ ვებგვერდის დომენი მასზე ინფორმაციის დატანამდეც შესაძლოა იყოს დამაბნეველი, თუ აღნიშნული დომენის სახელწოდებით რეგისტრანტს ექმნება შესაძლებლობა შეცდომაში შეიყვანოს ინტერნეტმომხმარებელი. კომისიის დადგენილების „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 103 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ინტერნეტ დომენი არ უნდა იყოს დამაბნეველი, ამდენად დამაბნეველი ინტერნეტ დომენის არსებობა აკრძალულია.
კომისიას მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას ინტერნეტის მომხმარებლების კანონით დაცულ უფლებებს, არ არის აუცილებელი კომისია დაელოდოს მომხმარებელთა უფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტს და მოსალოდნელი საფრთხე აღმოფხვრილი უნდა იქნას აღმოჩენისთანავე.
დომენურ სახელებს: www.mytbc.ge და www.itbc.ge, კომისიის შეფასებით, ამ ეტაპზე, მათზე კონტენტის განთავსებამდე, არ აქვთ დამაბნეველი შინაარსი და ვიზუალი.
კომისია აღნიშნავს, რომ მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ინტერნეტ მომსახურებაზე კომისიაში ავტორიზებულ პირებს უნდა დაევალოთ დომენებზე: www.mytbcbank.ge და www.itbcbank.ge მომხმარებელთა წვდომის შეზღუდვა, კომისიის დადგენილების „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შეიზღუდება დაინტერესებული მხარის ზ.მახარაშვილის მიერ მის მფლობელობაში არსებული დომენის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამ შემთხვევაში შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს, მით უფრო, რომ ინტერნეტდომენზე არ არის განთავსებული კონტენტი.
განსახილველ საკითხთან მიმართებაში კომისიის მიდგომა სრულ შესაბამისობაშია ევროპაში უკანასკნელ პერიოდში მსგავს საკითხებთან დაკავშირებულ მიდგომასთან. კერძოდ, 2017 წლის 14 ნოემბერს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული იქნა რეგულაცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ეროვნულ სახელმწიფო ორგანოთა შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ვებგვერდის დაბლოკვას, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება მომხმარებელთა კანონიერ უფლებებს და ინტერესებს[3].
V.სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის, კომისიის დადგენილების ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოქალაქე ზურაბ მახარაშვილის მფლობელობაში არსებული დომენები: mytbcbank.ge და itbcbank.ge, მიჩნეულ იქნას დამაბნევლად;
2. წინამდებარე გადაწყვეტილება გაეგზავნოთ ინტერნეტ მომსახურებაზე კომისიაში ავტორიზებულ ყველა პირს და დაევალოთ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დომენებზე: www.mytbcbank.ge და www.itbcbank.ge, მომხმარებელთა წვდომის შეზღუდვა;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან;
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში თბილისიის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6);
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „თიბისი ბანკისთვის“, შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ მესამე პირი ზ.მახარაშვილისთვის და კომისიაში ინტერნეტ მომსახურებაზე ავტორიზებული ყველა პირისთვის გაგზავნა;
6. დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებისა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
[1] კომისიის ანალიტიკური პორტალის - www.analytics.gncc.ge-s 2017 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები.
[2] Phishing is the attempt to obtain sensitive information such as usernames, passwords, and credit card details (and, indirectly, money), often for malicious reasons, by disguising as a trustworthy entity in an electronic communication. www.wikipedia.org.
