შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2017 11:36
მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2017
შპს „ტელეიმედი“-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს კომისიას წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8713-17) მიმართა შპს „ტელეიმედმა”, რომელშიც ითხოვს კომპანიის მიერ, ამავე წერილით, კომისიაში წარმოდგენილი შპს „ტელეიმედის” და სარეკლამო დროის შემსყიდველ კომპანიებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, შპს „ინტერმედიას“ და სარეკლამო დროის შემსყიდველ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და ხელშეკრულებების დანართების კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამაუწყებლო ბაზრის, მათ შორის სარეკლამო ბაზრის შესწავლას. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს, ხოლო მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; აღნიშნული კანონისმიერი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, კომისია იკვლევს და ამოწმებს მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, მათ შორის სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რომელიც თავისთავად მოიცავს სარეკლამო ბაზარს. ამავე კანონის 70-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
შპს „ტელეიმედმა“ ნაწილობრივ წარმოადგინა კომისიის მიერ (N 05/3913-17) წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტების, კერძოდ, შპს „ტელეიმედისა“ და სარეკლამო კომპანიებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, შპს „ინტერმედიასა“ და სარეკლამო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და ხელშეკრულებების დანართების, განთავსებული რეკლამის შესახებ მონაცემების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
კომისიამ შეისწავლა შპს „ტელეიმედის“ წერილი, აგრეთვე წარმოდგენილი დოკუმენტები და მიიჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფების, ანგარიშსწორების, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური უფლება-მოვალეობების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ტელეიმედის“ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართები, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სარეკლამო მომსახურების გაწევის ტარიფებისა, ანგარიშსწორების, ასევე, დეტალურ ინფორმაციას მხარეთა ფინანსური უფლება-მოვალეობების შესახებ, რის გამჟღავნებამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, შპს „ტელეიმედის“ ამა წლის 10 ნოემბრის წერილში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8713-17) აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ტელეიმედის“ მოთხოვნა 2017 წლის 10 ნოემბრის №შ-6/8713-17) წერილით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „ტელეიმედის“ 2017 წლის 10 ნოემბერს №შ-6/8713-17 წერილით წარმოდგენილი, შპს „ტელეიმედის“ და სარეკლამო დროის შემსყიდველ კომპანიებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, შპს „ინტერმედისა“ და სარეკლამო დროის მყიდველ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები (გარდა ხელშეკრულების მხარეებისა) და ხელშეკრულებების დანართები.
2. ინფორმაცია შპს „ტელეიმედის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ტელეიმედის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელეიმედი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
