წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 821 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2017 13:08

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2017

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 2 ნოემბრის N718/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 7 დეკემბერს და 2017 წლის 14 დეკემბერს კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომისიის სხდომაზე 2017 წლის 21 დეკემბერს. სხდომებს ესწრებოდნენ შპს „გუდვილკომის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, და შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მაიფონის“, შპს „პრემიუმ ნეტ ინტერნეიშენალის“, შპს „ლაგის“ სს „სილქნეტის“, შპს „ნიუ ვიჟენის“, შპს „სითი ტელეკომის“, ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/9213-17 06.12.2017). ასოციაციის აზრით, დღეისათვის მოქმედი რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე თანაბარ  კონკურენტულ გარემოს და ყველა მოქმედი ოპერატორის ინტერესების დაცვას. ამიტომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი ყველა ოპერატორების ინტერესების დასაცავად, აუცილებელია გაუქმდეს საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არსებული დროებითი რეგულაციის რეჟიმი და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის დადგინდეს საერთაშორისო ზარების წამოწყება/დასრულების ბაზრის ქვესეგმენტზე კონკურენტული ტარიფები, რომელიც ხარჯებზე იქნება ორიენტირებული.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა  სს „გლობალ ერთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/9222-17 07.12.2017). კომპანიის აზრით, სამართლიანი იქნება, თუ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურებაზე დადგინდება განსხვავებული ტარიფები, კერძოდ, არარეზიდენტი კომპანიებისათვის უფრო მაღალი ტარიფები, ვიდრე რეზიდენტი ტრანზიტული ოპერატორებისათვის, რაც ყველა ოპერატორს თანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩააყენებს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიას წერილით მიმართა  შპს „ნიუ ვიჟენმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/9367-17 14.12.2017) და მოითხოვა საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ტარიფი გაუთანაბრდეს ურთიერთჩართვის ტარიფებს, ან მოხდეს 2017 წლის მარტის თვემდე არსებული რეგულაციის აღდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველი იყო ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი)  კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. ამავე დროს, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას (რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები  განისაზღვრება აშშ  დოლარში).  ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია, გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე.

კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე აქციზის გადასახადის გადამხდელია ავტორიზებული პირი, რომელიც  ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას. შესაბამისად, აქციზის გადასახადის ბიუჯეტში შეტანაზე პასუხისმგებელია ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირი უნდა ყოფილიყო თანაბარ კონკურენტულ პირობებში, ვინაიდან ერთი და იგივე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისთვის სხვადასხვა ტარიფების დაწესება ვერ უზრუნველყოფდა ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და  ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების  შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება:  0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);

გარდა ამისა, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს  შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით დაევალათ საერთაშორისო ზარების დასრულების  ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემის დანერგვა.

ამასთან ერთად:

ა) ავტორიზებულ პირებს მიეცათ რეკომენდაცია საზღვარგარეთის პარტნიორ  ოპერატორებთან  პირდაპირი ურთიერთჩართვის განხორცილების თაობაზე.

ბ) ავტორიზებულ პირებს დაევალათ უზრუნველეყოთ სატელეფონო ზარების შესახებ  დეტალური ინფორმაციის („CDR“) კომისიაში წარმოდგენა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) საზღვარგარეთის პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს;

ბ.ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში  წამომწყები აბონენტის  მობილური საკომუნიკაციო  ქსელის კოდს (IMSI).

გ) ავტორიზებულ პირებს დაევალათ საზღვარგარეთის პარტნიორ ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას ინვოისებში და ურთიერთშედარების დოკუმენტებში ასახონ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორცილებული წუთების რაოდენობა მიმართულებების (გამავალი და შემავალი) მიხედვით, ერთი წუთის ფასი და მიღებული და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ  2017 წლის განმავლობაში ტრაფიკის ვარდნის ტენდენცია შემცირდა და წინა წლებთან შედარებით დასტაბილურდა. ამასთან ერთად აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაფიკის ზრდა მიმდინარე ეტაპზე არ შეინიშნება, კომისიის მიერ დადგენილი რეგულაცია მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას, რაც ხელს უწყობს ადგილობრივ ოპერატორებს საერთაშორისო კომპანიებთან ანგარიშსწორების დაბალანსებაში. ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისათვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ტარიფებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის №345/22 გადაწყვეტილებაში მიცემული რეკომენდაციის თანახმად, ავტორიზებულ პირებს (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“, სს „სილქნეტი“), პირდაპირი ურთიერთჩართვები აქვთ ორგანიზებული ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: „Tata Communications Deutschland GmbH“, „Telia Sonera Interrnational Carier Germany GmbH“, PJSC „VimpelCom“, „Armentel“, „Azintelecom“, „Beltelecom“, „Ukrtelecom“, „Deutsche telecom“, „Verizon“, „Turk telecom“, „Rostelecom“, „iBasis“, „MTT“, რომლებზეც მოდის ტერმინირებული საერთაშორისო ზარების ძირითადი ნაწილი (90%-ზე მეტი). ამასთან ერთად, გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს საზღვარგარეთის პარტნიორ ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას ინვოისებში ასახული აქვთ შესაბამის პერიოდში განხორცილებული წუთების რაოდენობა მიმართულებების (გამავალი და შემავალი) მიხედვით, ერთი წუთის ფასი და მიღებული და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება.

ამასთან ერთად, ავტორიზებული პირების მიერ საანგარიშო პერიოდში კომისიაში წარმოდგენილი საერთაშორისო ზარების შესახებ  დეტალური ინფორმაცია („CDR“) მოიცავს ყველა იმ მონაცემებს, რაც გადაწყვეტილებით აქვთ კომპანიებს დაკისრებული.

ასევე აღინიშნა, რომ მოქმედი რეგულაცია უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირის თანაბარ კონკურენტულ პირობებში ყოფნას, რაც განსაზღვრავს ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.

გარდა ამისა, კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით, ავტორიზებულ პირებს დაევალათ საერთაშორისო ზარების დასრულების  ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემის დანერგვა, რასთან დაკავშირებითაც ავტორიზებულ პირებსა და  საერთაშორისო კომპანია „SIGOS“-ს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციული და ტექნიკური პრობლემების გამო, რიგ ავტორიზებულ პირებთან კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ დროში სისტემის დანერგვა სრულყოფილად ვერ განხორციელდა, მონიტორინგისა და ტესტირების სისტემის ეფექტურობის სრულად განსაზღვრის მიზნით, მიზანშეწონილი იქნება სატესტო პერიოდი გაგრძელდეს ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ზარების დასრულების ერთიანი მონიტორინგისა და ტესტირების სისტემა უნდა იძლეოდეს საშუალებას მონიტორინგის შედეგები იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მონიტორინგის სისტემაში ჩართული ყველა ავტორიზებული პირისათვის. ამასთან ერთად, ტესტირების პროცესი კომისიის მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: კახი ბექაური, ვახტანგ აბაშიძე და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები: ელისო ასანიძე და მერაბ ქათამაძე):

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :  

1. ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას ცვლილებები და გადაწყვეტილების მე-2 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 “2. დაევალოთ  შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2017 წლის 26 დეკემბრამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების  შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების  მომსახურების  მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის:

ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;

ბ)   ანგარიშსწორების პირობები.

„8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ  ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2. კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ დანერგილი საერთაშორისო ზარების დასრულების  ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემის ეფექტურად მუშაობის უზრუნველსაყოფად, დაევალოთ შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, უზრუნველყონ ტესტირებით მიღებული მონაცემების გაცვლა, აღმოჩენილი ნომრების ერთიანი ბაზის შექმნა, ტესტირების შედეგებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების პერიოდულად მოწყობა;

3. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (მ. ჯღამაძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                  კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                              ვახტანგ აბაშიძე                       

კომისიის წევრი                                                  ელისო ასანიძე                   

კომისიის წევრი                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                  მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები