საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2017 17:07
მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ“ (შემდგომში „კომისია“), კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 16 ნოემბერს დაამტკიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი). შინაგანაწესის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვარი. შინაგანაწესის ამოქმედებამდე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია რამდენიმე ტექქნიკური ცვლილების შეტანა აღნიშნულ დოკუმენტში.
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) შინაგანაწესის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის პირველი და მეორე ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.3. შრომითი ხელშეკრულება
1. შრომითი ხელშეკრულება ფორმდება დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და ამ შინაგანაწესით.
2. შრომითი ხელშეკრულებით დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით დასაქმებულზე ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსი, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლები, 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლები, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტი და X თავი.“
ბ) მე-3 მუხლის 3.4 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.4. სამსახურის ვადა
2. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების ან დროებითი ამოცანების შესრულების მიზნით დასაქმებულის სამსახურის ვადა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
3. ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ფორმდება არაუმეტეს 24 თვის ვადით არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით პირის დაქირავების შემთხვევაში.
4. არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით პირის დაქირავების შემთხვევაში, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 60 დღეზე ნაკლები.“
გ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს მომდევნო 71 პუნქტი:
„71. კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ფუნქციის 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით დაკისრების შემთხვევაში, დასაქმებული მიიღებს დამატებით ანაზღაურებას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელფასისა და დასაქმებულის ხელფასის სხვაობის ოდენობით.“
დ) მე-19 თავის მე-2 პუნქტის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დასაქმებული (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.“
ე) დანართი 2-ი [2. ვარიანტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის]
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„[2. ვარიანტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის]
მე, [სახელი, გვარი, თანამდებობა,] გავეცანი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის შესაბამის დებულებებს ინტერესთა შეუთავსებლობის თაობაზე და ვაცხადებ, რომ:
ა) "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა არ გამაჩნია;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, მე და ჩემი ოჯახის წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა არ გაგვაჩნია;
გ) ამასთან, ვაცხადებ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მე [ან ჩემი ოჯახის წევრი] :
[„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით დაამატეთ ინფორმაცია თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების შემდეგი საქმიანობის შესახებ ბოლო 5 წლის განმავლობაში:
[არ] არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
[არ] არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
[არ] ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
[არ] ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
[არ] არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
[არ] აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბოლო 5 წლის განმავლობაში ახორციელებდა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას, იგი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მიუთითოს.]
დ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა არ გამაჩნია.“
2. წინამდებარე გადაწყვეტილება ამოქმედდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შინაგანაწესის ამოქმედებისთანავე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, განახორციელებს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე
|
