წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 835 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2018 15:57

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2017

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის 05 და 06 დეკემბერს 23:37 საათზე მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელების სარეკლამო რგოლი (კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის Nშ-10/9471-17 სამსახურებრივი ბარათი (თანდართული მასალით -1  CD).

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდი-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელების  რეკლამის განთავსებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არღვევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/9471-17;19.12.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2017 წლის 21 დეკემბერს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის  28 დეკემბერს, რის თაობაზეც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/4307-17; 21.12.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება N03/4307-17; 21.12.2017) სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“  ჩაბარდა 2017 წლის 25 დეკემბერს.

კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დიმიტრი ბერძენიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ „ასკანელის“, როგორც ბრენდის რეკლამირება აკრძალული არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კადრში ნაჩვენები პროდუქტის პროცენტული მაჩვენებლის იდენტიფიცირების საკითხი და იმის დადგენა იყო თუ არა ამ შემთხვევაში ბრენდის რეკლამა თუ პროდუქტის. დ.ბერძენიშვილმა ასევე დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული სარეკლამო რგოლი ამოღებულია სამაუწყებლო ბადიდან.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი.მახარაძემ დაადასტურა, რომ სარეკლამო რგოლი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დღეის მდგომარეობით არ ვრცელდება.

II.   კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/9471-17; 19.12.2017) თანდართული მასალით (1 ცალი CD);
  2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დიმიტრი ბერძენიშვილის მიერ კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის კომისიის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარამენტის უფროსის ივანე მახარაძის მიერ კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.    კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები: 

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წლის 05 და 06 დეკემბერს 23:37 საათზე მაუწყებლის ეთერში განთავსებული იყო კომპანია „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელების სარეკლამო რგოლი შემდეგი შინაარსის „იდილია, სიძველე, შთაგონება სიყვარული. ასკანელი. შეიგრძენი ჰარმონია“, ხოლო, კადრში ჩანს „ასკანელი XO“ - მაგარი სპირტიანი სასმელი და წარწერა „ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას“;
  3. მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა არის ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა, რომლის შემადგენლობაში სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს, ხოლო „ასკანელი XO“ - შეიცავს 40% ალკოჰოლს;
  4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. 

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია,  გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
  7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
  8. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
  9. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
  10. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამა არის ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა , რომლის შემადგენლობაში სპირტის შემცველობა აღემატება 14 პროცენტს;
  11. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე;
  12. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. 

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, კანონმდებლობით აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული „ასკანელის“ მაგარი სპირტიანი სასმელის სარეკლამო რგოლის განთავსებით, რომელიც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, მაუწყებლის მიერ დაირღვა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული დარღვევისათვის სანქციის სახით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ   მაგარი სპირტიანი სასმელის სარეკლამო რგოლი (არასათანადო რეკლამა) დღეის მდგომარეობით აღარ ვრცელდება, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ქმედების განხორციელება აღარ დაევალება.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-14 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  70-ე მუხლის პირველი პუნქტის და  „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის  დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“  ჩაბარების დღიდან;
  5. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე). 

კომისიის თავმჯდომარე                               კახი ბექაური  

კომისიის წევრი                                              ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                              მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები