„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2018 12:46
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2017
„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში 100 მმ-იანი საკანალიზაციო მილის ერთ არხ კილომეტრზე თვეში იმ გეოგრაფიულ ზონაში სადაც ამავე გადაწყვეტილებით ისინი ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებად ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურებაზე დაუდგინდათ ზედა ზღვრული ტარიფი 370 ლარის ოდენობით (გადასახადების გარეშე).
კომისიის 2015 წლის 16 ივნისის N 351/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების კვეთის დიამეტრის (კაბელის კვეთის ფართობი) მიხედვით დადგენის წესი. ამ წესის მიხედვით საკანალიზაციო არხში კაბელის განთავსებისას საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი შეადგენს 40%-ს.
კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის მიერ საკანალიზაციო არხში კაბელის გატარების კვეთის დიამეტრის (კაბელის კვეთის ფართობი) მიხედვით დადგენის წესი. ამ წესის მიხედვით საკანალიზაციო არხში კაბელის განთავსებისას საკანალიზაციო არხის შევსების კოეფიციენტი შეადგენს 65%-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 20 დეკემბრის N5678/05-08 წერილით კომისიას მიმართა სს „სილქნეტმა“ და ითხოვა „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა. სს „სილქნეტი“ აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილებამ.
2017 წლის 20 დეკემბრის N5678/05-08 წერილში სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება კომისიის 2015 წლის 16 ივნისის N351/19 და 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილებებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. ამ წერილში სს „სილქნეტი“ ასევე აღნიშნავს: „გასათვალისწინებელია, ასევე, ისიც, რომ თავად კომისიამ, როგორც 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, ასევე 2017 წლის 26 ოქტომბრის N695/19 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მოდელები განსხვავებული იყო, როგორც მიდგომების, ასევე დანახარჯების მომსახურების სახეებზე გადანაწილების კრიტერიუმების მიხედვით. შესაბამისად, კომისიამ, იმისათვის, რომ მის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფი დამოკიდებული არ ყოფილიყო კონკრეტული კომპანიების სააღრიცხვო პრობლემებზე, მიზანშეწონილად მიიჩნია, ზედა ზღვრული ტარიფების სიზუსტის დასადგენად გაგრძელებულიყო კომისიის მუშაობა გაანგარიშების ახალ მოდელთან დაკავშირებით“.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „სილნეტის“ მოთხოვნის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სს „სილქნეტმა“ 2018 წლის 22 იანვრამდე კომისიაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით გაანგარიშებული სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებიდან მოსალოდნელი მისაღები საპროგნოზო ყოველთვიური შემოსავლებისა და შესაბამისად გაწეული/გასაწევი დანახარჯების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის განხილვის საფუძველზე კომისია იმსჯელებს იმის თაობაზე არის თუ არა „სილქნეტისთვის“ აღნიშნული ტარიფით სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებზე გაწეული დანახარჯები ანაზღაურებადი პროგნოზირებად მომავალში. გაანგარიშება ასევე, უნდა ითვალისწინებდეს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული საკანალიზაციო არხების შესახებ მონაცემებს, მათ შორის, დატვირთვის მოცულობებს და სს „სილქნეტის“ მიერ სხვადასხვა საცალო და საბითუმო მომსახურებების მიერ სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხების გამოყენების ტრანსფერულ ხარჯებს/შემოსავლებს. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთი შინაარსის ინფორმაცია სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში მანამდე წარმოდგენილი არ ყოფილა.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა ტენდერი NGA და NGN ქსელებით მათ შორის, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით მომსახურების მიწოდების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული ტენდერის ფარგლებში კომისია სათანადო გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი კონსულტაციების წარმოების საშუალებით შეიმუშავებს მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს, რომლის საშუალებითაც სატელეკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებზე ტარიფი დადგინდება ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, განიხილოს სს „სილქნეტის“ 2017 წლის 20 დეკემბრის N5678/05-08 წერილით მოთხოვნილი კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის N 695/19 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნა და ამ მიზნით დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა მე-2 პუნქტის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №695/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე;
2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის პირველ თებერვალს 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილს).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე
ელისო ასანიძე
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
