წვდომის მენიუ

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 91 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2017 18:16

მიღების თარიღი თებერვალი 09, 2017

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.  დავის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (30.12.2016  Nშ-6/13462-16) მიმართა შპს „დამოუკიდებელმა ტელეკომპანია მეგა-ტვ“-მ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან  დაშვების  განხორციელებაზე უარის თქმის გამო.

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს კომპანიამ N069-16 განცხადებით  მიმართა შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის შესაბამისად განეხორციელებინა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებითა და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ 2016 წლის 23 სექტემბრის N83-16 წერილით უარი განაცხადა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე, შესაბამისი რესურსის არ არსებობის გამო.

მ ო თ ხო ვ ნ ა:

დაევალოს შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“  შპს „ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის სატელევიზიო სიგნალის  ქუთაისის მულტიპლექსით გავრცელება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“  სამაუწყებლო სტუდიის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, 2016 წლის 16 ნოემბერს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი ზ. გუძუაძე მივლინებულ იქნა ქ. ქუთაისში. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ საკუთარი პროგრამების გადაცემისათვის გამოყენებული სიჩქარით (15.3 მბტ/წმ), სატელევიზიო გადამცემის დარჩენილი რესურსით (22.12 – 15.3 = 6.82 მბტ/წმ) შესაძლებელია მინიმუმ სამი სტანდარტული გარჩევადომის (SD ფორმატში, 2.15 მბტ/წმ) სატელევიზიო  პროგრამის გადაცემის უზრუნველყოფა.

კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 26 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებები ფოსტით გაეგზავნათ შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის. შეტყობინებებით კომპანიებს განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისიის 2017 წლის 26 იანვრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე და შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ნანი თოშხუა. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა საკითხის განხილვის ორი კვირით გადადება მოწვევის ოფერტის გამოსაქვეყნებლად.

კომისიის გადაწყვეტილებით,  საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 9 თებერვალს 15:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2017 წლის 31 იანვარს, შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ კომისიაში გადმოგზავნილ იქნა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ ზონაში მოქმედი ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც ასევე გამოქვეყნებულ იქნა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.rionitv.com .

2017 წლის 9 თებერვალს კომისიის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე და შპს „დამოუკედებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ნანა თოშხუა.  

შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ 2017 წლის 31 იანვარს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ გამოქვეყნებულ იქნა ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების თავისუფალ რესურსთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რითაც  მიღწეულ იქნა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიზანი,  შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ უარს აცხადებს შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე და ითხოვს განცხადების (30.12.2016  Nშ-6/13462-16) თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.  შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე დაეთანხმა ნანა თოშხუას განცხადებას.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. შპს ,,დამოუკუდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადება (N6/13462-16; 30.12.2016)  თანდართული დოკუმენტებით;
  2. შპს  „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის 2016 წლის 21 სექტემბრის N069-16 მიმართვა შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მულტეპლექსთან დაშვების თაობაზე;
  3. შპს    ,,ტელერადიოკომპანია რიონის“ 2016 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/10204-16 წერილი;
  4. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2016 წლის 19 დეკემბრის  N10/13106-16 მოხსენებითი ბარათი;
  5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“ -ს შესახებ მონაცემები;
  6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელე რადიო კომპანია რიონის“  შესახებ მონაცემები;
  7. 2017 წლის 26 იანვრის კომისიის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები;
  8. შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წერილი მოწვევის ოფერტის გამოქვეყნების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/969-17, 31.01.2017);
  9. 2017 წლის 9 თებერვალს კომისიის სხდომაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

III.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი და ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით, აგრეთვე მიაწოდონ მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება;
  4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-5 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვან არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, აგრეთვე მიაწოდოს მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, დაშვების წესით განსაზღვრული რიგითობის პროცედურის დაცვით;
  5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 30 ივნისის N5 დადგენილების - „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დავას დაშვებასთან დაკავშირებით განიხილავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“  წინააღმდეგ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადების განხილვის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის და შპს „ტელერადიოკომპანია რიონს“ შორის მიღწეული შეთანხმების და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ განცხადების (30.12.2016  Nშ-6/13462-16) განხილვაზე უარის თქმის  გამო. 

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლი მე-5 პუნქტის, 522 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს  შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის განცხადების (30.12.2016  Nშ-6/13462-16) საფუძველზე დაწებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის მიერ განცხადებაზე უარის თქმის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-სთვის გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ი. ხარებავა);
  3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელერადიოკომპანია რიონისათვის“ და შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ისთვის  ჩაბარებისთანავე;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                           ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე         

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები